საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ იტალიელ ფეხბურთის სპეციალისტ რობერტო მანჩინის კლუბ „მანჩესტერ სიტიში“ წყალი შეუდგა. მიმდინარე სეზონში პრემიერლიგის პირველობის გასული წლის გამარჯვებული შედარებით წარუმატებლად ასპარეზობს.
„მანჩესტერ სიტი“ პრემიერლიგის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციაზე იმყოფება და თანაქალაქელ „იუნაიტედს“ მთლი 12 ქულით ჩამორჩება.
ამბიციური „ქალაქელები“ ევროპის ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ მეორე წელია უიღბლოდ გამოდიან და ჯგუფური ბარიერის გადალახვას ვერ ახერხებენ.
ბრიტანული გუნდის არაბ მფლობელებს მოთმინების ფიალა აევსოთ და მანჩინის თანამდებობიდან გათავისუფლება სურთ. მწვრთნელს ერთ-ერთი ბოლო შანსი ინგლისის თასის მატჩში ჰქონდა, როდესაც „სიტი“ კლუბ „ლიდს“ დაუპირისპირდა. „გამოცდა“ მანჩინიმ წარმატებით ჩააბარა, მაგრამ მისი ყოფნა-არყოფნის საკითხი კვლავ ღიად რჩება.
კულუარული ცნობით, მომავალი სეზონის წინ „მანჩესტერ სიტის“ ბატონი ჟოზე მოურინიო ჩაიბარებს. „განსაკუთრებულის“ გადაბირება „ჩელსის“ მფლობელ რომან აბრამოვიჩსაც სურს, მაგრამ „ერთადერთს“ ჩუკოტკის ყოფილ გუბერნატორთან თანამშრომლობა კატეგორიულად არ სურს.
შესაძლო გათავისუფლების შემთხვევაში მანჩინი უმუშევარი არ დარჩება.
დღეს დილით ინგლისურმა გამოცემამ „The Telegraph” გაავრცელა ცნობა, რომ ბატონი რობერტო კარიერას კლუბ „რომაში“ გააგრძელებს.
ამ კლუბს სათავეში ჩეხი ფეხბურთის სპეციალისტი ზდენეკ ზემანი ედგა. ის სამუშაოს ორი კვირის წინ გამოეთხოვა.
რომაულ გუნდში ამჟამად მთავარი მწვრთნელის მოვალეობას დროებით ზემანის ასისტენტი აურელიო ანდრეაცოლი ასრულებს.
ბრიტანელი ჟურნალისტების მტკიცებით, ორი დღის წინ მანჩინი „რომა“ – „იუვენტუსის“ შეხვედრას დაესწრო. მატჩის დასრულების შემდეგ რობერტო „რომას“ ხელმძღვანელობას შეხვდა და მას კლუბის ჩაბარება ოფიციალურად შესთავაზეს.
კულუარული ცნობით მანჩინიმ თანხმობა განაცხადა, მხოლოდ ერთი პირობით - თუ „მანჩესტერ სიტიდან“ გაუშვებენ.
დღეს დილით ცნობილი გახდა რომ ახალი სეზონიდან „მანჩესტერ სიტი“ შეიძლება არა მოურინიომ, არამედ ახლო წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა მიქაელ ლაუდრუპმა ჩაიბაროს. ლაუდრუპი ამჟამად „სუონსის“ მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ასრულებს და მისი გუნდი შესანიშნავ სეზონს ატარებს.