ერთ კვირაში შეზღუდვების 80% მოიხსნება, ამის შესახებ ახალმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ისე, რომ არ დაუკონკრეტებია, რომელ შეზღუდვებს გულისხმობდა. ასე რომ, შეზღუდვები იხსნება, მაგრამ ახლა, აღმოჩნდა, რომ ვაქცინაცია ჭიანურდება. როგორც for.ge-თან სამედიცინო ექსპერტმა აკაკი ზოიძემ განაცხადა, არასდროს ყოფილა დაგეგმილი, რომ მასობრივი ვაქცინაცია ივნისამდე დაიწყებოდა.
ახალმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ იქითა კვირიდან შეზღუდვების მოხსნა დაიწყება, ასევე თენგიზ ცერცვაძემაც აღნიშნა, რომ 2-3 კვირაში ყველა შეზღუდვა მოიხსნებაო. რამდენად ვართ მზად იმისთვის, რომ ყველა შეზღუდვა ერთდროულად მოიხსნას?
- ვნახოთ, რას მოხსნიან და რას დატოვებენ. ეპიდემიოლოგიური კუთხით სტაბილურობას გარკვეულწილად მივაღწიეთ. ეს კი, საზოგადოების დამსახურებაა - პირბადეების ტარება თუ რეგულაციების დაცვა უფრო ხდება, ვიდრე ეს იყო შემოდგომაზე, რამაც კოვიდის აფეთქება გამოიწვია. ადამიანებმა საფრთხე გაითავისეს და რეალურად წყალში არ გადაიყარა იმხელა მსხვერპლი, რაც საზოგადოებამ გაიღო კარჩაკეტვის გამო. მით უმეტეს, ბევრმა ადამიანმა შემოსავალი დაკარგა და უამრავი ადამიანი ფსიქოლოგიური თუ ჯანმრთელობის მხრივ ზეწოლას განიცდის. თუმცა, ყველაფრის მოხსნა, ვიდრე არ გვექნება ვაქცინა, რომელიც ერთადერთი ეფექტური იარაღია, რომ საბოლოოდ, პანდემიური შეზღუდვების მოხსნამდე მივიდეთ, მანამდე მაინც სიფრთხილე გვმართებს და მასობრივი თავშეყრის ადგილებში შეზღუდვები აუცილებელია - იგივე პირბადის ტარება, ტრანსპორტში, ბაზარში თუ ბაზრობებში კონტროლი და ა.შ. ყველა ეს რეგულაცია უნდა დარჩეს, რაც გაკონტროლებას ხელს შეუწყობს.
შაბათ-კვირის შეზღუდვები უნდა დარჩეს?
- თანამედროვე მიდგომებით, თუ აუცილებლობა არ არის და ადამიანებს სამუშაოს გამო არ უწევთ შაბათ-კვირას გადაადგილება, ალბათ, უნდა შენარჩუნდეს. ეს შეზღუდვები გარკვეულწილად, უნდა შევინარჩუნოთ იმის გათვალისწინებითაც, რომ 60-მდე ქვეყანაში დაფიქსირდა კოვიდის ახალი შტამი, რომელსაც გაცილებით უფრო მაღალი ინფექციურობა ახასიათებს და გაცილებით მკაცრი შეზღუდვები სჭირდება. ჩვენთანაც ეს შტამი, ალბათ, შემოვა და იმისათვის, რომ მაქსიმალურად პრევენცია გავუკეთოთ რათა არ გავრცელდეს, რაღაც შეზღუდვები უნდა დარჩეს.
თუმცა, თავიდანვე ვიძახდი, რომ სამთო-სათხილამურო კურორტები გაგვეხსნა. რესტორნებს და კაფეებს შეიძლება არ ემუშავა, მაგრამ საბაგიროს ემუშავა. ეს ახლაც შესაძლებელია და თან თოვლიც არის. თან ბაკურიანში და გუდაურში თებერვალ-მარტშიც სეზონია.
რაც შეეხება რესტორნების დახურულ სივრცეებს, მესმის რომ უამრავი მათგანი გაკოტრების ზღვარზეა და რთული საკითხია, მაგრამ ეს არის ადგილი, სადაც ყველაზე მეტი საფრთხეა.
ჩაკეტვის მიუხედავად მთის კურორტებზე მოსახლეობა მაინც მიდიოდა და ჩაკეტვის აზრი რა იყო?
- გასაგებია, მაგრამ მასობრივად ბევრი ხალხი არ იყო. მათ შორის ვიცით, რომ შაბათ-კვირას ბაკურიანში და გუდაურში ძალიან ბევრი ადამიანი ადის. თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ შეგვეძლო სამთო-სათხილამურო სეზონი რეგულაციების დაცვით გაგვეხსნა.
კომენდატის საათის გაუქმებასთან დაკავშირებით რა აზრის ხართ?
- ამას ვერ გეტყვით. თუმცა, ერთ-ერთი ყველაზე უფრო ეფექტიანი შეზღუდვის საშუალებაა, რათა ადამიანები მასობრივად სივრცეებში არ შეიკრიბონ გარკვეული დროის შემდეგ. როდესაც დრო გახანგრძლივდება, შესაძლოა, წვეულებები იყოს და ადამიანებმა რისკის შემცველი ქცევა გამოიჩინონ. კომენდატის საათი მთელს მსოფლიოშია, როგორც ერთ-ერთი ეფექტური მეთოდი, რომ კოვიდს ვებრძოლოთ. რა თქმა უნდა, ბევრი ადამიანისთვის ეს ყველაზე რთული შეზღუდვაა.
ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებით მოსახლეობაში პრეტენზიები გაჩნდა. როდის შემოვა და როდის დაიწყება ვაქცინაცია?
- თავიდანვე არასწორი მოლოდინები არ უნდა გავაჩინოთ. მოსახლეობის მასობრივ ვაქცინაციაზე საუბარი ვერ იქნებოდა ზაფხულამდე და ეს თავიდანვე ითქვა. ნუ, მაისი-ივნისში იქნება, როდესაც ბევრი ვაქცინა იქნება ხელმისაწვდომი. მანამდე ვაქცინა რისკჯგუფებისთვის არის. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, რომ ვაქცინაცია უფრო ადრე დაგვეწყო, მაგრამ ეს რეგულაციებისა და შეზღუდვების საკითხს არ წყვეტს. ნებისმიერ შემთხვევაში მასობრივი ვაქცინაცია ფართო მოსახლეობის ისედაც ვერ მოესწრებოდა. ამ გეგმის დაწერაში ვმონაწილეობდი და არასდროს ყოფილა დაგეგმილი, რომ მასობრივი ვაქცინაცია ივნისამდე დაიწყებოდა.
თუ საუბარია იმ 30 ათას „ფაიზერის“ ვაქცინაზე, რომელიც აგვიანებს, ეს ჩვენი მოქალაქეებისთვის არაფერს ცვლის. ეს უფრო სამედიცინო პერსონალს ეხება, რადგან მათი ვაქცინაცია უფრო ადრე დაიწყებოდა.
ადამიანს ვაქცინა ერთხელ გაუკეთდება თუ ორჯერ?
- გააჩნია რომელი ვაქცინა იქნება. თუ „ჯონსონის“ ვაქცინა იქნება, ის ერთჯერადად კეთდება. „ფაიზერი“ და „ასტრაზენეკა“ ორჯერ კეთდება.
კოვიდთან ერთად რამდენი ხანი მოგვიწევს ასე შეზღუდვებით ცხოვრება?
- მთელი მსოფლიო იცხოვრებს ასე, ვიდრე ვაქცინაცია 70%-ზე მეტ ადამიანს არ ჩაუტერდება. საქართველო არ არის გამონაკლისი, მთელი მსოფლიო ასე იქნება. შემდეგ ეს უკვე პანდემურ დაავადებაში გადავა, როგორც სეზონური გრიპია. შეიძლება წელიწადში ერთხელ ან ორჯერ მოგვიწოს ხოლმე აცრა. დღევანდელი გადასახედიდან ასე ჩანს, მაგრამ ერთ წელზე ნაკლები არ ვიქნებით ამ მდგომარეობაში, რადგან ადამიანების დარწმუნება მოგვიწევს, რომ აიცრან. იცით, რომ ვაქცინა ნებაყოფლობითია და ბევრი კვლავ ამბობს, რომ არ უნდათ.