8 თებერვლის ცნობილი მოვლენების შემდეგ ქვეყანაში პოლიტიკურმა მღელვარებამ იმატა. ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ნაცემი ნაციონალური მოძრაობის წევრები მათი მხარდამჭერებისთვის გმირებად იქცნენ, აქციის მონაწილეებისთვის კი - ანგარიშსწორების ობიექტად.
მართალია, "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაკარგა ხელისუფლების მართვის სადავეები, მაგრამ მისი ლიდერები აქტუალურობას დღემდე ინარჩუნებენ. გიგი უგულავა, გოგა ხაჩიძე, ვანო მერაბიშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი, ირმა ნადირაშვილი, მარიამ საჯაია, სკანდალური განცხადებებითა თუ ქცევებით მუდმივად ექცევიან ყურადღების ცენტრში. გასულ კვირას ბიბლიოთეკაში პრეზიდენტის ჩაშლილი გამოსვლა ამის დასტური გახლდათ. ნაციონალებმა იქ შეკრებილი აქციის მონაწილეების პროტესტი კარგად გამოიყენეს და კოაბიტაცია გმირით თუ უგმიროდ, ერთგვარ სანახაობად იქცა.
დღის მთავარი გმირი მაინც ჩიორა იყო. პრეზიდენტმა სწორედ მის ცხვირთან გაავლო წყალგამყოფი "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის. ბიბლიოთეკის წინ ნაცემი ჩიორა, რომელსაც ინციდენტის დღეს ცხვრიდან სისხლი წასკდა, ლოგინში ჩაწვა და მნახველებიც მიიღო. ერთ-ერთი ასეთი გულშემატკივარი ევროპარლამენტარი გიუნტერ ჰოკმარკი აღმოჩნდა.
თავპირდამტვრეული გიგა ნასარიძის შემდეგ, მესამე გმირი პარლამენტარი სერგო რატიანი გახდა, რომლის გვარ-სახელი უკვე ყველამ იცის, მაგრამ არავინ იცის, საიდან მოვიდა და რა უნდა, თუმცა აქციის მონაწილეებმა არც ის დაინდეს.
ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე შთამბეჭდავად იქცეოდნენ ნაციონალების სხვა სახეებიც. კობა ხაბაზი, გიორგი კანდელაკი და რაც მთავარია, მერი, ოღონდ გალაკტიონის კი არა, ქალაქის, თავდაუზოგავად იბრძოდნენ პოლიტპატიმარ მელორ ვაჩნაძისა და მისი რაზმის წინააღმდეგ.
პოლიტიკა იქით იყოს და "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური სახეების გარშემო ხშირ შემთხვევაში უფრო საინტერესო არაპოლიტიკური, პირადი ამბები და ჭორებია. გიგი უგულავას ბიბლიოთეკის წინ გამოჩენილი "გმირობის" შემდეგ ღირსების ორდენი არ მიუღია, მაგრამ მის ისედაც სკანდალურ პირად ცხოვრებაში მორიგმა ჭორმაც არ დააყოვნა. როგორც ინტერნეტსივრცეში წერენ, გიგი უგულავასა და ლელა კილაძის ოჯახი დანგრევის ზღვარზეა. კილაძისთვის ქალაქის მერი ოფიციალურად მეორე ქმარია. მის გამო რამდენიმე წლის წინ გიგიმ მეუღლე და ორი შვილი მიატოვა. ამ დროს ლელა კილაძეს უკვე ჰყავდა პირველ მეუღლესთან ორი ვაჟი. უგულავას ახალი სიყვარულის ამბავი პრესამ აიტაცა და ლამის ლეგენდად გვიამბეს, როგორ ანებივრებდა გიგი ლელას. კილაძე მალე ქართული ბომონდის ერთგვარ კანონმდებლადაც იქცა. ამბობდნენ, რომ მისი პროტექციის გარეშე სამთავრობო კონცერტებში მონაწილეობაზე ოცნებაც არ ღირდა, ხოლო თუ კილაძეს თვალში არ მოსდიოდი, მაშინ პოპულარობას სამუდამოდ უნდა დამშვიდობებოდი.
როგორც ამბობენ, ოქტომბრის ამბების შემდეგ უგულავას მეუღლეს თავი ძველმა სიყვარულმა შეახსენა და ვინმე დავით მიქაძეს, მეტსახელად "ვერელს" დაუბრუნდა.
უცნაურ სკანდალში გაეხვია "დიდი ვანოც", რომელიც ბოლო დროს ისე დაპატარავდა, მისი რიგით პატრულსაც აღარ ეშინია. ვანო მერაბიშვილის გარშემო უამრავი ჭორი თუ მართალი ისმოდა. ის არაერთხელ დააშორეს მეუღლეს, თაკო სალაყაიას, რომელსაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობის სკანდალში ერთ-ერთ მთავარ გმირად მოიხსენიებენ. ამჯერად ინტერნეტში მერაბიშვილის უცნობ ქალბატონებთან ერთად გადაღებული ფოტოები გავრცელდა. ახალგაზრდა ნაციონალ აქტივისტებთან გადაღებული სურათები მართალია, ბევრად ჩამოუვარდება გიგი უგულავას სტრიპტიზბარში მიღებულ სიამოვნებას, მაგრამ მერაბიშვილი აშკარად ფანების გარემოცვაშია, სრულიად დამსახურებულად მიუნაბავს მზერა და ნეტარებას მისცემია.
ორიოდე კვირის წინ მის მეუღლეზე ვწერდით, რომ "ტუსოვკების" მოყვარული სალაყაია ისევ ძველებურად ცხოვრობს, ბარებში დროსტარებას აგრძელებს და არც ფოტოსესიებს იკლებს. ამის დასტური გახლავთ ინტერნეტში გავრცელებული ფოტოებიც. ლელა წურწუმიას საღამოზე გადაღებული თაკო სალაყაია მამულიჩასა და მეგობრებთან ერთად, შოპინგზე თვით ნინა წკრიალაშვილთან ერთად, რომელმაც იმდენი იბრძოლა "ნაცბომონდში" მოსახვედრად, რომ, როგორც ჩანს, სოფო ნიჟარაძის და თაკო სალაყაიას გვერდით "ღირსეული" ადგილი დაიკავა. ერთ დროს აქტიური თაკო სალაყაიასგან კი, რომელიც მუსიკალურ კარიერასაც იკეთებდა და "ქუჩის ბიჭებთან" დუეტს წერდა, საჯარო არაფერი დარჩა. სალაყაიას ნახვის ბედნიერება სულ ორჯერ გვერგო და ორივეჯერ გირგვლიანის თემაზე დასაკითხად პროკურატურაში იყო მისული.
ნაციონალი ქალბატონების ხსენებისას, როგორ შეიძლება, სოფო ნიჟარაძე დავივიწყოთ. მისი ახალი საკონცერტო გამოსვლები ხალხს სანატრელი გაუხდა. სოფოს აქტიურობა კი სოციალურ ქსელს აღარ სცდება და ფანების სიყვარულსაც მხოლოდ ვირტუალურად იღებს. გოგონა ვარსკვლავურ ცხოვრებას მაინც აგრძელებს და საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებზე იშვიათდ ჩნდება. მანქანის საქარე მინაზე კი უწერენ "სოფო, გვიყვარხარ..."
პრეზიდენტის საყვარელი მომღერალი ამჟამად ძირითადად ნინა წკრილაშვილსა და სტილისტ მიშა გასიტაშვილთან ერთად გადაადგილდება და დაბადების დღეებზეც კი მათთან ერთად დადის. როგორც ამბობენ, 11 თებერვალს ნინას, მიშას (ოღონდ გასიტაშვილის) და სოფოს ტრიო მცხეთაში სამეგრელოს ყოფილ გუბერნატორ ზაზა გოროზიას დაბადების დღეზე სტუმრობდა. ნაციონალური მოლხენის შემდეგ სოციალურ ქსელში ფოტოებიც გავრცელდა, ნინამ კიდევ ერთხელ ჩაიტარა ვირტუალური ჰარაკირი და დაწერა: "ვამაყობ, რომ ნაციონალი ვარ და ბრბოს არ მივეკუთვნები..."
ჩვენც ვამაყობთ, ნინა...