„ვაქცინაცია ეროვნული უსაფრთხოების საქმეა“

„ვაქცინაცია ეროვნული უსაფრთხოების საქმეა“

სპეციალისტების მოსაზრებით, ვაქცინის შემოტანა საშური საქმეა და ეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხია. ვაქცინაციის უსაფრთხოებაზე საუბრობენ მოსახლეობის მხრივ მრავალმილიონიანი ქვეყნები და რა გასაკვირია, ჩვენისთანა მცირერიცხოვანი ერისთვის ვაქცინის ხარისხს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებოდეს ეროვნული უსაფრთხოების კონტექსტში.

ამერიკის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის ფრენსის კოლინსის თქმით, როგორც წესი, ახალი პათოგენის წინააღმდეგ ვაქცინის შემუშავებას 8-10 წელი სჭირდება. ამის საპირისპიროდ კი ვაქცინის შემუშავება წელიწადზე ნაკლებ დროში მოხდა და გასაოცარია, რაც გაკეთდა, ეფექტურობა იმაზე უკეთესია, ვიდრე იმედოვნებდნენ და, ამასთან, უსაფრთხოების მაჩვენებელიც უკიდურესად დადებითად გამოიყურება.

დღეს საქართველოში აზრთა სხვადასხვაობაა, რომელი ქვეყნის ვაქცინა უნდა დაიბლოკოს - რუსული, თუ ჩინური, თუ ორივე ერთად? ამ თვალსაზრისით, ინფექციონისტებშიც აზრი იყოფა, კერძოდ, პაატა იმნაძისთვის სულ ერთია, ვაქცინა რუსული იქნება, თუ ჩინური: „თუ რუსული ვაქცინა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ იქნება აღიარებული, რატომაც არა?!“

ვინ უნდა გააკონტროლოს ვაქცინის ვარგისიანობა, რათა ეროვნული უსაფრთხოებიდან გამომდინარე, პრობლემის წინაშე არ აღმოჩნდეს საქართველო?

თსსუ-ის პროფესორი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ვანე ჩხაიძე ადასტურებს, რომ ვაქცინა მართლაც ეროვნული და დემოგრაფიული უსაფრთხოების საქმეა. ამდენად, რაც უფრო სწრაფად დაიწყება ვაქცინაციის პროცესი და მეტი ადამიანი იქნება მოცული, მით უფრო კარგი იქნება.

ივანე ჩხაიძის მოსაზრებით, დღეისთვის არ არსებობს არც ერთი ქვეყანა, რომელიც ვაქცინის გაკეთებიდან გამომდინარე მძიმე სისტემურ რეაქციებს აფიქსირებს. ის რეაქციები, რაც არსებობს, მინიმალური და ლოკალურია, რომელიც იმის მსგავსია, რაც ახლავს თუნდაც გრიპის ვაქცინაციას. პროფესორის აზრით, ერთადერთი ცუდი, რაც პედიატრიული თვალსაზრისით შეიმჩნევა, არის ის, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ბავშვებში არ კეთდება, განსხვავებით, გრიპის ვაქცინისგან, როდესაც 6 თვიდან იწყება ვაქცინაცია. თუმცა გამოსავალია მოზრდილი მოსახლეობის აცრა, რაც ბავშვებში ინფიცირების რისკს შეამცირებს.

„ას მილიონზე მეტი ადამიანია აცრილი, მაგრამ ამ ადამიანებში არ დაფიქსირებულა ვაქცინიდან გამომდინარე გართულებები. რაც შეეხება რუსულ, ან ჩინურ ვაქცინას, ეს უკვე პოლიტიკაა. ჯერ ერთი, არავის უთქვამს, რომ რუსული და ჩინური ვაქცინა უვარგისი, არაეფექტური და ჯანმრთელობისთვის საშიშია, მაგრამ ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი მოთხოვნა ვაქცინასთან დაკავშირებით. საქართველოს კანონმდებლობით, ქვეყანაში შეიძლება შემოვიდეს მხოლოდ ევროკავშირის ვაქცინები, ან ვაქცინები, რომლებიც ჯანმრთელობის ორგანიზაციის მიერ არის პრეკვალიფიცირებული. აქ არ არის საუბარი რუსეთსა და ჩინეთზე, ჩვენ შემოგვაქვს ის ვაქცინა, რომელიც წარმოებულია ევროკავშირის ქვეყანაში, ან აშშ-ში, ეს ქვეყნები განეკუთვნება მაღალი სანდოობის კატეგორიას, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერაა მოწონებული. ამიტომ ქვეყანა არაფერ შუაშია, მთავარია, აქვს თუ არა ამ ვაქცინაზე თანხმობა, ნებართვა, რეკომენდაცია გაცემული ჯანმოს“, - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ ჩვენთან საუბრისას.

მანვე განმარტა, რომ ამ ეტაპზე საქართველოში განიხილება „ფაიზერის“, ასევე, „ასტრაზენეკას“ ვაქცინა, ანუ ის ვაქცინები შემოვა საქართველოში, რომლებიც მოწონებული და გამოყენებულია დასავლურ ევროპულ ქვეყნებში, აშშ-ში. ეს არის კიდევ ერთი გარანტი იმისა, რომ საქართველოში არ მოხვდება არასაკმარისად შემოწმებული და ნაკლები სანდოობის მქონე ვაქცინა. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ეს ვაქცინები უსაფრთხოა და ყველა ის რეაქცია, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს, განეკუთვნება ლოკალური რეაქციების კატეგორიას, რაც არ გახლავთ სიცოცხლისთვის საშიში.

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა მიიჩნევს, რომ ვაქცინის შემოტანა მართლაც ეროვნული უსაფრთხოების საკითხია და ამ ეტაპზე ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. კარგი იქნება, თუ საქართველოში ის ვაქცინები შემოვა, რომლებიც მეტად გამოცდილი, აღიარებულია და, რომელსაც განვითარებული მსოფლიოს ნაწილი იყენებს. ეს იქნება „ფაიზერის“ ვაქცინა, თუ „ასტრაზენეკა“.

რაც შეეხება რუსულ ვაქცინას, ინფექციონისტის შეფასებით, რუსეთთან ჩვენი დამოკიდებულებიდან გამომდინარე, არ იქნება მთლად სწორი, თუკი ჩვენ რუსეთიდან შემოვიტანთ ვაქცინას. ეს შეიძლება მხოლოდ უკანასკნელ შემთხვევაში განვიხილოთ. ჩინურ ვაქცინას კი ბევრი ქვეყანა იყენებს, საკმაოდ წარმატებითაც, მაგრამ ამ ეტაპზე ალექსანდრე გოგინავა თვლის, რომ ჩვენთვის პრიორიტეტი უნდა იყოს ევროპული ან ამერიკული ვაქცინა.

„ამიტომაცაა საფრთხილო, რომ ვაქცინების შემოტანა არ მოხდეს კერძო კომპანიების მხრიდან. პირველ რიგში, როცა მასობრივ ვაქცინაციასთან გვაქვს საქმე, ამაზე პასუხისმგებელია სახელმწიფო. სწორედ სახელმწიფოს მხრიდან უნდა გაკონტროლდეს ეს სფერო. არსებობს სპეციალური უწყებები, სამედიცინო რეგულაციის სამსახურები, რომლებსაც შეუძლიათ ეს ყველაფერი უფრო უკეთესად განახორციელონ, ვიდრე კერძო კომპანიებმა. რა თქმა უნდა, შესაძლებელია, კერძო კომპანიამაც შემოიტანოს ვაქცინა, მაგრამ ძირითადი წამყვანი და პასუხისმგებელი ამ საქმეში უნდა იყოს სახელმწიფო“, - აღნიშნა ალექსანდრე გოგინავამ ჩვენთან საუბრისას.

საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტი ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ, ეროვნული უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ვაქცინაციის ჩატარება აუცილებელია, რადგან ბევრი ქვეყანა მოითხოვს ვაქცინით აცრას და, თუ არ მოხდება ვაქცინაცია, მაშინ არ მოხდება გადაადგილება, მათ შორის, ევროკავშირის, შენგენის მიმართულებითაც.

„პანდემიამ ადამიანთა ფსიქიკა ცუდი მიმართულებით დააფორმატა, ამან სერიოზული ეკონომიკური რეცესია, პოლიტიკური კრიზისები გამოიწვია. თუ ასე გაგრძელდა, სად მივალთ, არავინ იცის. ამიტომ ეროვნული უსაფრთხოება პირდაპირ კავშირშია აცრასთან. რომელი ვაქცინა შემოვა, ჩინური, რუსული, თუ სხვა ვაქცინა, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, ვაქცინა შემოვიდეს“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია for.ge-სთან საუბრისას.

ამასთან, ფიქრობს, რომ რუსეთი და ჩინეთი ერთ დონეზე არ უნდა განვიხილოთ, დღეს ჩინეთი საქართველოს სტრატეგიული მოკავშირეა, ჩინეთთან დადებული გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, პირდაპირი ინვესტიციების განხორციელებისა და არაღიარების კუთხით ჩინეთს მნიშვნელოვანი პოზიცია უჭირავს. ამერიკელებმა შეიძლება დააყენონ რუსეთი და ჩინეთი ერთ დონეზე და ორივე მათგანი სახიფათოდ მიიჩნიონ, მაგრამ ჩვენ, როგორც საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენლებმა, ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ჩინეთი და რუსეთი ერთ დონეზე არ უნდა განვიხილოთ. რუსეთი ჩვენი მტერია, მან ოკუპაცია მოახდინა, მაგრამ ამერიკის ეროვნული ინტერესები თავად ამერიკელებმა უნდა დაიცვან.

„არ უნდა ავყვეთ ატლანტისტების მოწოდებას, რომლებიც ამერიკულ ინტერესებს უფრო იცავენ, ვიდრე საქართველოს ინტერესებს. ჩემზე მეტი პროდასავლური ორიენტაციის მქონე არავინაა, მაგრამ უპირველესად მე ვარ ქართველი და ყოველთვის დავიცავ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ამიტომ პირადად მე ჩინურ ვაქცინას უფრო ვენდობი, ვიდრე სხვა ვაქცინას, რადგან სწორედ ჩინეთიდან წამოვიდა ეს ვირუსი, ჩინეთმა კარგად იცის ამ დაავადების რეალური პარამეტრი და ჩინეთმა პირველმა მოახდინა ამ დაავადების ლოკალიზაცია, დაავადება დაამარცხა საკუთარი ტერიტორიის ფარგლებში. სხვათა შორის, რუსულ ვაქცინასაც გავლილი აქვს ტესტირება და მისი გამოყენებაც შეიძლება. თუმცა პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე, რუსული ვაქცინის მიმართ ნდობა ჩვენს საზოგადოებაში დაბალია. რუსეთს ისედაც თავისი მრავალრიცხოვანი მოსახლეობა ჰყავს ასაცრელი, საუბარია 120 მილიონ ადამიანზე და რუსეთს ჩვენთვის არ სცხელა. ჩვენ გვყავს სტრატეგიული მეგობრები -ამერიკა, ჩინეთი, ევროკავშირი და იქიდან თავისუფლად შეიძლება ამ ვაქცინების შემოტანა“, - მიიჩნევს ვახტანგ მაისაია.

ანალიტიკოსის აზრით, არსებობს შესაბამისი სტრუქტურები და სახელმწიფო ორგანოები, რომლებმაც უნდა გააკონტროლონ ამ ვაქცინების უსაფრთხოება და ამას განსაზღვრავენ სამედიცინო უსაფრთხოების სპეციალისტები. შეიძლება, ამ საქმეში ჩავრთოთ ლუგარის ლაბორატორიაც, რომელიც ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების საგანძურია. რაც მთავარია, ჯანდაცვის უსაფრთხოება ცალკე მიმართულებაა და ის არ უნდა ავურიოთ პოლიტიკურ უსაფრთხოებასთან და ამ საქმეში სუსი არაფერ შუაშია.