„კარგად გადახედეთ, რამდენი ადამიანი დაგვიჭერს მხარს, თუ კონკრეტული ძალის მხარდაჭერაზე ჩამოვყალიბდებით - დღეს არსებული მეორე ძალა ოპოზიცია აღარ იქნება, საქართველოს უფსკრულში არავის გადავაჩეხინებთ“, - ეს ბოდბელი ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის სიტყვებია, რომელსაც პოლიტიკოსები მიანიშნებენ, რომ საერო საქმეებში ზედმეტად ერევა.
მეუფე იაკობი აცხადებს, რომ საპატრიარქო მესამე ძალას თავად შეარჩევს. მისი განმარტებით, ვთქვათ, ოპოზიციას უნდა ხელისუფლებაში მოსვლა, მაგრამ ეკლესიის წარმომადგენლები მათ მოუშვებენ პოლიტიკაში?! მეუფეს აინტერესებს, ეკლესიის მხარდაჭერის გარეშე ოპოზიცია რამეს გააკეთებს? ავტორიტეტი აქვს რომელიმე ოპოზიციონერს, ხალხს უყვარს ისინი?
ბოდბელი ეპისკოპოსი დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია ძალიან ცუდად იქცევა, მათ პოლიტიკოსობა არაფერში ეტყობათ, ხალხის გამომყვანი ოპოზიცია არაა, რამდენი ხანია, წვალობენ, ჯახირობენ. 20 ივნისის ღამეზე პასუხისმგებლობას მეუფე იაკობი ოპოზიციას აკისრებს, რომ ბავშვებს, უფროსებს თვალები დაეთხარათ, არც ერთ პოლიტიკოსს კი არაფერი დაშავებია. მეუფისთვის გაუგებარია, როგორ ელაპარაკება ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“. „მასე გავაბედინებთ ლაპარაკს? თავიანთ ადგილს ვანახებთ ყველას“, - ამბობს მეუფე იაკობი.
რამდენად შეუძლია ეკლესიას პირველი ძალა (ანუ „ქართული ოცნება“) და, განსაკუთრებით, მეორე ძალა, ანუ „ნაცმოძრაობა“, მთელი თავისი გაერთიანებული ოპოზიციით, ჩამოაშოროს ქართულ პოლიტიკას და მესამე ძალა თავად შექმნას?
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ ეკლესია არ უნდა აკეთებდეს ისეთ განცხადებას, რომ ჩვენ ვართ მესამე ძალა და ოპოზიციას რა შეუძლია ჩვენს გარეშე, რომ ოპოზიციონრები ცუდად იქცევიან. მსგავსი განცხადებები გაუგებარია. ყოველ შემთხვევაში, საქართველოს კონსტიტუცია ადასტურებს, რომ ეკლესია სახელმწიფოსგან გამოყოფილია. კონსტიტუციაში პირდაპირ წერია, რომ საქართველო აღიარებს ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში, ქართული სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში, მაგრამ ეკლესია არის ცალკე მდგომი ინსტიტუტი. ამიტომაც ეკლესია არ უნდა ერეოდეს საერო საქმეებში და არც საერო პოლიტიკური სუბიექტები არ უნდა ერეოდნენ ეკლესიის საქმიანობაში.
„ფაქტია, ეკლესიას შეუძლია მესამე ძალას მხარი დაუჭიროს, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს არ იქნება მთლად პროგრესული ძალა. ის ძალა შეიძლება მოვიდეს მართლმადიდებლობის ლოზუნგებით, მაგრამ ეს უფრო იქნება მართლმადიდებლობით, ჯვრით, ხატებით სპეკულირება - ლევან ვასაძე, „ქართული მარში“ და ა. შ. რეალურად, მართლმადიდებლებს ისინი არ წარმოადგენენ, რადგან ჭეშმარიტი მორწმუნე ეს არის მორალურად და ზნეობრივად მართალი ადამიანი. აქ ნებისმიერ ნამდვილი რელიგიის წარმომადგენელს ვგულისხმობ, ცხადია, იეღოველთა სექტაზე არ არის ლაპარაკი“, - გვითხრა ნიკა ჩიტაძემ.
ანალიტიკოსი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ მეუფე იაკობი დიდი ხანია, პოლიტიკაში ჩართულია და მსგავსი განცხადებები არ არგებს საპატრიარქოს. პირიქით, ამით საპატრიარქოს დისკრედიტაცია უფრო ხდება.
ანალიტიკოსის აზრით, ეკლესიას ახლა უკეთესობის დრო არ უდგას, გარკვეული ცვლილებების წინაშეა, იქ განხეთქილებაა, აქ მეუფე პეტრეს ასეთი განცხადებებია, ვერაფრით იპოვეს ისეთი ეპისკოპოსი, რომელიც დაალაგებს სიტუაციას პეტრეს ეპარქიაში, მოკლედ, არ არის იდეალური ვითარება, ამიტომ ასეთი განცხადებები მეუფის მხრიდან კიდევ მეტად ამღვრევს წყალს.
„დაანებონ პოლიტიკას თავი და მიხედონ ეკლესიას. როცა იდეალური სიტუაცია იქნება საპატრიარქოში, მერე ილაპარაკონ პოლიტიკაზე. ისედაც, იქ რომ ნორმალური სიტუაცია იყოს, არ ილაპარაკებდნენ პოლიტიკაზე. მესამე ძალის გაჩენის შესაძლებლობა საპატრიარქოს არ აქვს, უბრალოდ, მეუფეს სურს ყურადღების გადატანა საპატრიარქოს პრობლემებიდან და ლაპარაკობს პოლიტიკაზე, რაც კიდევ მეტად აზარალებს საპატრიარქოს. ამდენად, საპატრიარქოს ავტორიტეტი არის მეუფე იაკობის საქმე, მაგრამ მისი საქმე არ არის პოლიტიკა“,- ფიქრობს პაატა ზაქარეიშვილი.
პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელი თაკო ჩარკვიანი მეუფე იაკობს ბატონად მოიხსენიებს და ამბობს, რომ ასეთი მეტყველების მქონე მეუფეებს არ იცნობს.
„მე ვიცნობ ძალიან დახვეწილ და კარგ ღვთისმსახურებს, მიხარია, რომ ისინი არსებობენ. საინტერესოა, როგორი ტიპის მოწყობის სახელმწიფოში ჰგონია, რომ ცხოვრობს, როცა საუბრობს, რომ საერო ვითარებაში შეუძლია შექმნას რაღაც ძალა? აქ ბანდფორმირების შექმნაზეა საუბარი, თუ საძმოს შექმნაზე? განა ეკლესიის საქმეა, საერო დაძაბულ სიტუაციაში რომელიღაც ძალაზე საუბარი, თუ ვის ამოარჩევს პოლიტიკურ ძალად? მიხედონ ეკლესიას და ნუ გაუტეხავენ ასეთი განცხადებებით გულს მრევლს. მრევლი ძალიან ფაქიზია. ერთხელ ვთქვი, მშიერი ერი და მაძღარი ბერი არ გამიგონია- თქო. ჩვენთან ყველაფერი უკუღმაა. კიდევ კარგი, სწორად მოაზროვნე ღვთისმსახურებიც გვყავს, მაგრამ ისინი არ ჩანან და ჩანან ამ ტიპის განცხადებების მქონე სასულიერო პირები, ვერ გაიგებ, საერო ტიპია, ძველი ბიჭია, თუ ვინ არის. ნორმალურ ქართულ სუფრაზე ასე არ მეტყველებენ, ტელევიზიით ასე არ უნდა მეტყველებდნენ“, - ამბობს თაკო ჩარკვიანი for.ge- სთან საუბარში.