ამირან სალუქვაძე: შემირცხვენია ის სახელმწიფო, რომელიც საკუთარი სასამართლოს განაჩენს ვერ აღასრულებს

ამირან სალუქვაძე: შემირცხვენია ის სახელმწიფო, რომელიც საკუთარი სასამართლოს განაჩენს ვერ აღასრულებს

შემირცხვენია ის სახელმწიფო, რომელიც საკუთარი სასამართლოს განაჩენს, გადაწყვეტილებას ვერ აღასრულებს, - ამის შესახებ ექსპერტმა, ამირან სალუქვაძემ „ქრონიკაში“ ნიკა მელიას დაკავებაზე საუბრისას განაცხადა.

„არავის უხარია არც პოლიტიკური ლიდერისა და არც სხვა ადამიანების ციხეში წასვლა, არც მე ვარ ნასიამოვნები იმ პროცესით, რაც დღეს ხდება, მაგრამ კანონი უნდა აღსრულდეს. ისე უკეთესი იქნებოდა ის სტანდარტით დაგვეცა, რომ ადამიანზე, რომელზეც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, იმის მიუხედავად, ეს სამართლიანად იდევნება თუ უსამართლოდ, პოლიტიკური პარტიის ლიდერად არ უნდა აირჩიონ და საერთოდ საჯარი სამსახურში არ იღებენ ხოლმე“, - განაცხადა ამირან სალუქვაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავეს.

ნიკა მელიას ედავებიან ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას. საქმე ეხება 2019 წლის 20 ივნისს პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებს. მაშინ აქციაზე ნიკა მელიამ იქ შეკრებილ ადამიანებს მიმართა, რომ მათი ადგილი პარლამენტს გარეთ არ იყო და ისინი პარლამენტის შენობაში უნდა ყოფილიყვნენ. ამის შემდეგ სიტუაცია დაიძაბა და იქ შეკრებილები სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ.

2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, ნიკა მელიას აღკვეთის სახით 30000-ლარიანი გირაო შეეფარდა, მაშინ პარლამენტმა მას დეპუტატის იმუნიტეტი პირველად მოუხსნა და სასამართლოს განჩინება აღსრულდა. მან პირველ ჯერზე გადაიხადა 30000 ლარი, თუმცა მას შემდეგ რაც, 2020 წლის 1-ელ ნოემბერს პარლამენტთან აქციაზე ელექტრონული სამაჯური დემონსტრაციულად მოიხსნა, გენერალურმა პროკურატურამ კიდევ ერთხელ მიმართა სასამართლოს, რათა ნიკა მელიას გირაოს სახით 100 000 ლარი შეფარდებოდა, თუმცა სასამართლომ 40 000 ლარი განუსაზღვრა, რომელიც მან არ გადაიხადა.

ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა. მეორე დღეს, 18 თებერვალს, გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. ამასთან დაკავშირებით კი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.

22 თებერვალს, მეათე მოწვევის პარლამენტმა ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას ნდობა გამოუცხადა.

Katana . ზუსტად!..
ამას ვწერდი სულ ახლახან: სახელმწიფო თუ გაატარებს ამ გამოწვევას (არც გადავიხდი, ვერც დამიჭერთ და სულ ერთ ადგილზე მკიდიხართო!), კაპიკი იქნება ამ ხელისუფლების ფასი ხალხის თვალში-მეთქი!
3 წლის უკან