თებერვალში მსოფლიოს ყურადღება ცნობილი მომღერლის, მერილინ მენსონის წინააღმდეგ გაჟღერებულმა ძალადობის ბრალდებებმა მიიპყრო. ამის შესახებ მენსონის ყოფილი საცოლის, მსახიობ ევან რეიჩელ ვუდის განცხადებას მალე სხვა ქალებიც გამოეხმაურნენ, შედეგად კი საქმეს ლოს-ანჯელესის ოლქის შერიფის დეპარტამენტი იძიებს.
დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოძიება ოჯახში დანაშაულის ბრალდებით მიმდინარეობს და 2009-2011 წლებში მომხდარ შემთხვევებს სწავლობს. გამოძიების შესახებ დეტალური ინფორმაცია ჯერჯერობით ცნობილი არაა.
აღსანიშნავია, რომ ევან რეიჩელ ვუდი მის ცხოვრებაში მომხდარ ძალადობის ფაქტებზე აქამდეც საუბრობდა, თუმცა მოძალადედ მერილინ მენსონი პირველად 3 კვირის წინ დაასახელა.
"მოძალადის სახელია ბრაიან უორნერი, მსოფლიოსთვის ცნობილი, როგორც მერილინ მენსონი", — წერდა მსახიობი ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში.
მენსონმა ბრალდებები უარყო და მათ "რეალობის საშინელი დამახინჯება" უწოდა.
ევან რეიჩელ ვუდთან ერთად მერილინ მენსონი ძალადობაში ეშლი უოლტერსმა, სარა მაკნილიმ, ეშლი მორგანმა და გაბრიელამ (გვარის გარეშე) დაადანაშაულეს. მათ მოგვიანებით Game of Thrones-ის მსახიობი, ესმე ბიანკოც შეუერთდა, რომლის მტკიცებითაც, 2009-2011 წლებში მომღერალი მასზე სხვადასხვა ფორმით ძალადობდა. სტილისტმა ლავ ბეილიმ კი აღნიშნა, რომ მენსონი მას იარაღით ემუქრებოდა.
აღსანიშნავია, რომ მენსონი გასული წლების განმავლობაში ძალადობაში რამდენჯერმე დაადანაშაულეს. მათ შორისაა 2018 წელს სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით ანონიმური ქალის ბრალდება, რომელიც მომღერალმა "კატეგორიულად უარყო". საერთო ჯამში მომღერალი სხვადასხვა ფორმის ძალადობაში 10-ზე მეტმა ქალმა დაადანაშაულა.
გავრცელებულმა ბრალდებებმა მერილინ მენსონი უკვე საკმაოდ დააზარალა. Loma Vista Recordings-მა მომღერალთან დადებული კონტრაქტი გააუქმა. ბრალდების შემდეგ კომპანიამ საიტიდან მერილინ მენსონის ვებ გვერდიც წაშალა.
მერილინ მენსონი აღარც სერიალებში Creepshow და American Gods გამოჩნდება. Creepshow-ის ახალ სეზონში მას სხვა მსახიობი ჩაანაცვლებს, American Gods-ის ბოლო სერია კი ეთერში მანამ არ გავა, სანამ სერიიდან მომღერლის მონაწილეობით სცენებს არ ამოჭრიან.