პრემიერ–მინისტრობის რანგში ირაკლი ღარიბაშვილის პირველი ვიზიტი ბაქოში განხორციელდება. ღარიბაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ორი მეგობარი ქვეყანა დავითგარეჯის საკითხიდან გამოსავლის მოძებნას შეძლებს. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ეს საქმე არის სააკაშვილის მიერ ღალატისა და სახელმწიფო ინტერესების საზიანო გადაწყვეტილებების მიღების თვალსაჩინო მაგალითი.
„მე მჯერა, რომ ილჰამ ალიევი და ჩვენი მეგობარი აზერბაიჯანული მხარე მიიღებს გონივრულ გადაწყვეტილებას, ჩვენც მივიღებთ გონივრულ გადაწყვეტილებას, შევძლებთ მოლაპარაკებას და საერთო ენის გამონახვას. ჩვენ ეს არ გაგვიჭირდება. სიცრუის პროპაგანდა, რომელიც ამ საქმესთან მიმართებით აწარმოებენ, რა თქმა უნდა, არის თვალსაჩინო, კლასიკური მაგალითი, რომ თურმე დავითგარეჯის საქმე არის მოგონილი საქმე.
ამ დროს თავად შემსრულებლებმა აღიარეს, რომ თურმე ეს არ ყოფილა ჩვენი ტერიტორიის ნაწილი, რაც არის პირდაპირი ღალატი, აბა რა არის თუ არ ჰქვია ღალატი?! რომელი სახელმწიფო, რომელი თავმოყვარე ერი შეიწყნარებს ასეთ დამოკიდებულებას? ასე არ შეიძლება გაგრძელება, მეგობრებო, ეს უნდა დასრულდეს! ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას! უდიდესი ნაღმი იყო ჩადებული იმისთვის, რომ გაუგებრობა ჩამოვარდნილიყო აზერბაიჯანთან,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულების – ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი 2 მარტს იწყება. როგორც ცნობილია, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილს რამდენიმე დღის წინ ბრალი დაუზუსტდათ. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულები განზრახ, ზემდგომი პირების დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ. თეოლოგის, ლევან აბაშიძის განცხადებით, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები თხემზე იმ შუალედური დასკვნის საუძველზე დგანან, რომელიც წინა მთავრობამ მიიღო და რომელსაც ხელი მოაწერა მელაშვილმა.
for.ge ლევან აბაშიძეს ესაუბრა.
აზერბაიჯანის სახელმწიფოს გადაწყვეტილებით უდაბნოს მონასტერი და ჩიჩხიტურის კოშკი ჩაიკეტა. გასაგებია, რომ საუბარია სადავო ტერიტორიაზე, მაგრამ ჩნდება კითხვა – სადავო ტერიტორიაზე თუკი აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს აქვთ დგომის უფლება, რატომ არ აქვს ეს უფლება სასულიერო პირებს?
ლევან აბაშიძე: ეს უკვე სახელმწიფოთაშორის ურთიერთობის საკითხია. ალბათ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა მოაგვაროს ეს საკითხი. თუ მოგვარდება, შესაბამისი მითითება მიეცემა ორივე მხარეს და ყველაფერი ჩვეულებრივად იქნება. მაგრამ ეს მაინც დროებითი ღონისძიება იქნება. ჩვენ გვინდა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება იქნას მიღებული. გასაგებია, რომ ჩვენი აზრით, არაფერი არ დაშავდება, თუ ბერები ავლენ და მონასტერში ილოცებენ, მაგრამ მთავარია, ყველაფერი კანონის შესაბამისად დალაგდეს და არა ემოციებით. მე ასე მესმის. სამწუხაროდ, დღეს აზერბაიჯანელი მესაზღვრეები თხემზე ჩვენი ბედოვლათობის და ჩვენი ღალატის გამო დგანან. ამიტომ ამას უნდა შევეგუოთ. ეს საკითხი ძალიან სენსიტიურია და საჭიროა ამაზე ცალკე მოლაპარაკება. ეს არის მოლაპარაკების საგანი აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის. ვფიქრობ, რომ აქ არის საჭირო საფუძვლიანი მოლაპარაკება და არა ის, რომ დროებითი აგვიშვან. თუმცა ესეც შეიძლება მოლაპარაკების საგანი იყოს. ჩემი აზრით, ჩვენ მთლიანად ფოკუსირებული უნდა ვიყოთ რუკებზე. მჯერა, რომ ეს საკითხი დადებითად გადაწყდება და ჩიჩხიტური და უდაბნო დარჩება საქართველოს ტერიტორიაზე. ზუსტად როგორ უნდა გაიაროს საზღვარმა, ეს გადაწყვეტილი არ არის. კომისიას მუშაობა არ დაუსრულებია.
აზერბაიჯანელი მესაზღვრეები თხემზე იმიტომ დადგნენ, რომ ეს იყო შუალედური გადაწყვეტილება. სწორედ, იმ შუალედური დასკვნის თანახმად, რომელიც წინა მთავრობამ მიიღო და რომელსაც ხელი მოაწერა ბატონმა მელაშვილმა. აი, ამ გადაწყვეტილების საფუძველზე დადგნენ იქ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები. თუ საბოლოო გადაწყვეტილებით დაუბრუნდება იმ ხაზს, რომელზეც საუბრობენ კარტოგრაფები, სადაც რეალურად გადიოდა საზღვარი საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის საბჭოთა პერიოდში, მაშინ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ჩავლენ თხემიდან.
1936–37 წლებში გამოცემული 1:200 000 მასშტაბის შინსახკომის რუკა არის ერთადერთი სრულფასოვანი რუკა, რომელიც ასახავს 1938 წლის მდგომარეობას და ეს ერთადერთი რუკაა, სადაც საზღვარი ჩვენი ქვეყნისათვის ყველაზე მომგებიანია. რამდენად რთული იქნა საზღვრის ხაზის გავლება ამ რუკით?
– სწორედ ამაზეა დავა. ამას ედავება პროკურატურა მელაშვილს და ილიჩოვას და სავარაუდოდ, სხვა კიდევ უფრო მაღალი ყოფილი თანამდებობის პირებს, რომ ჩვენ უკეთესი მდგომარეობა გვქონდა და მათ, უკეთეს შემთხვევაში თავიანთი უგუნური ხელმოწერით, ან უარეს შემთხვევაში საკუთარი სახელმწიფოს ღალატის გამო, გააუარესეს მდომარეობა. არსებობს პროტოკოლი, ხელი მოწერილია, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები იქ დგანან დე–ფაქტო, მაგრამ დგანან. ჩვენ უნდა დავაყენოთ საკითხი – სად უნდა გაივლოს საზღვარი. სამწუხაროდ, ჩვენ გავიუარესეთ მოლაპარაკების პოზიცია ამ მონაკვეთზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი მდგომარეობა უიმედოა.
ჩვენი ხელისუფლების ამჟამინდელი პოზიცია არის შემდეგი – საერთაშორისო სამართლის მიხედვით, საქართველო–აზერბაიჯანის საბჭოთა რესპუბლიკებს შორის არსებული რეალობებებით, იმ რუკებით და 1996 წლის ხელმოწერილი შეთანხმების მიხედვით, რაც სამართლიანად გვეკუთვნის, სწორედ ის გვინდა და სხვა არაფერი. ამიტომ, ჩემი ღრმა რწმენით, თუ ჩვენ ამ ყველაფერს პროფესიონალურად მივუდგებით, ჩიჩხიტურს და უდაბნოს ვერავინ ვერ შეგვედავება ამის გამო და არა იმიტომ, რომ იქ ქართული ფრესკებია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
ჩვენ, აზერბაიჯანთან საკონფლიქტო ნამდვილად არაფერი არ გვაქვს, თუ გვაქვს სადავო, სწორედ იმ კომისიასთან, რომელიც 2004–2007 წლებში მუშაობდა და იმ ადამიანებთან, რომლებიც იმ კომისიაში მუშაობდნენ და იმ ადამიანებთან, რომლებიც მათ აძლევდნენ ამ მითითებებს და იღებდნენ გადაწყვეტილებას. ჩვენ ისეთი კომისია უნდა შევქმნათ და ისეთი უნდა იყოს ჩვენი ხელისუფლება, რომელიც დაიცავს საქართველოს ინტერესებს. ქართულმა მხარემ უნდა დაიცვას თავისი ინტერესები, ისევე როგორც აზერბაიჯანულმა მხარემ.
თუ ჩვენ მთავრობაში და კომისიაში კიდევ გვეყოლება ისეთი ხალხი, რომლებიც არ დაიცავენ საქართველოს ინტერესებს და ყველაფერში დაეთანხმება აზერბაიჯანულ მხარეს, ეს არ არის ნორმალური მოლაპარაკება, ეს უკვე არის ქვეყნის ღალატი. ჩვენ გვაბრალებენ, რომ აზერბაიჯანთან საქართველოს ეკლესია კონფლიქტში უნდა შევიდეს, თითქოს ჩვენ ის ტერიტორიები გვინდა, რომელიც სამართლის მიხედვით არ გვეკუთვნის. ჩვენ იმას ვითხოვთ, რაც გვეკუთვნის.
ამას ის ადამიანები აკეთებენ, რომლებიც დაინტერესებული არიან ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დაძაბვით. ვგულიხმობ ჩვენს ოპოზიციას...
– მათთვის მთავარია რამე ცუდი თქვან ამ ხელისუფლებაზე. არ აქვს მნიშვნელობა, რა იქნება. ნებისმიერი, რასაც კი გამოძიება და სასამართლო გააკეთებს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სინოდი, ამას არ უყურებენ. საქმის შინაარსი არ აინტერესებთ. მათი მიზანია თქვან რამე ნეგატივი და ცუდი. სამწუხაროდ, ეს ვითარება გვაქვს.
ოპონენტებმა მშვენივრად იციან, რომ მათი განცხადებები ითარგმნება და ამისთვის არსებობს დიპლომატიური უწყებები და საბოლოოდ შეიძლება ჩვენს წინააღმდეგ იქნას გამოყენებული. მელაშვილის, ბობოხიძის და ზოგადად, ოპოზიციის განცხადებები, ეს რამდენად გაართულებს მოლაპარაკებას აზერბიაჯანთან? „რაც შენი არ არის, ვერ მიიღებ“ – ამას ამბობს იმ კომისიის წევრი, რომლის ხელმოწერის საფუძველზე დგანან თხემზე აზერბაიჯანელი მესაზღვრეები...
– რასაკვირველია გაართულებს, მაგრამ ვინ არის ბობოხიძე? არავინ არ არის, მაგრამ როდესაც კომისიის თავმჯდომარე ამბობს ამას, როცა ყოფილი მინისტრი და პარლამენტის ყოფილი წევრი ამბობს, რომ ჩვენი ტერიტორია არ არის, რასაკვირველია, ეს არგუმენტებია მოლაპარაკების პროცესში. მაგრამ იცით რაშია საქმე? მათი განცხადება არის ბუნდოვანი, როცა ბობოხიძე და მელაშვილი ამბობენ, რომ რაც შენი არ არის, იმას როგორ მოქცემენო – რას გულისხმობენ? თუ ბერთუბანს გულისხმობენ...
არ მგონია, რომ ბერთუბანს გულისხმობდნენ...
– სამწუხაროდ, ბერთუბანი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არის და მას ჩვენ არ მოგვცემენ. მელაშვილს არავინ ედავება ბერთუბანს. ჩიჩხიტურზე და უდაბნოზე რატომ დგანან აზერბაიჯანელი მესაზღვრეები, აი, ამას ედავებიან! უდაბნოს მონასტერი რატომ გაგვიხდა სადავო? ჩიჩხიტური აზერბაიჯანის არის? ასეთი პოზიციით მიდიოდი მოლაპარაკებაზე? – ამაზე გაეცი პასუხი, გენაცვალოს ჩემი თავი! გამოდიან და ამბობენ, რომ მელაშვილი უდანაშაულო ადამიანია, რომ სინდისის პატიმარია. როცა ვეკითხები რა იცით, რომ უდანაშაულოა, ბრაზდებიან და ამბობენ, რომ მე ვიღაცის აგენტი ვარ. ეს არის ჩვენი უბედურება.
იგივე ბრალს უყენებენ მამა კირიონსაც...
– მამა კირიონი არის მართლა პატიოსანი ბერი. საკმაოდ გონიერი და განათლებული ადამიანია. ეს ტრაგედია მის თვალწინ თამაშდებოდა. წლების განმავლობაში აყენებდა ამ საკითხს, სრულიად იგნორირებული იყო ეს საკითხი. რაც თანამედროვე კანონმდებლობით გვეკუთვნის იმას ითხოვს, ზედმეტს არაფერს ითხოვს. ჩვენ ვითხოვთ, რომ საქართველოს ხელისუფლებაში ადგილი არ ჰქონდეს საქართველოს ინტერესების ღალატს. როცა ამ საკითხს ვაყენებთ, ამაზე გვეუბნებიან, რომ თურმე ეკლესია ყოფილა სისხლისმსმელი და თურმე ხალხის ჩასმა გვინდა ციხეში. ასეთი, სრულიად გაუგონარი და არაფერზე დაფუძნებული ბრალდება გვესმის.