სლოვაკეთის ეროვნული გუნდისა და კლუბი „ნაპოლის“ ნახევარმცველი მარეკ ჰამშიკი იტალიურ „ქურდულ სამყაროში“ დაბალი ავტორიტეტით სარგებლობს.
გასულ წელს სლოვაკი ფეხბურთელი ორჯერ გაქურდეს. ერთხელ მისი ბინა პირწმინდიანად გაიტანეს, მეორედ კი მის მეგობარ გოგონას, ნეაპოლის ერთ-ერთ ქუჩაზე თავს დაესხნენ და ფული წაართვეს.
თავს გადატინილი უბედურობების მიუხედავად ჰამშიკი „ნაპოლის“ ერთგული დარჩა და გუნდის გამოცვლას კატეგორიულად არ აპირებს.
გუშინ იტალიის ეროვნული პირველობის მორიგი ტური ჩატარდა და „ნაპოლიმ“ კლუბ „სამპდორიას“ უმასპინძლა.
წინა დღეს „იუვენტუსი“ რომში დამარცხდა. ამ მიზეზის გამო საფეხბურთო სამყაროში ნეაპოლური გუნდის მორიგ წარმატებას ელოდნენ. დიეგო მარადონას ყოფილი კლუბის სამწუხაროდ შეხვედრა ფრედ დასრულდა. „ნაპოლი“ ტურინულ გუნდს ამჟამად ოთხი ქულით ჩამორჩება.
დღეს დილით გამოცემამ „La Gazzetta dello Sport” გაავრცელა ცნობა, რომ ნეაპოლელმა ბოროტმოქმედებმა მარეკ ჰამშიკს კიდევ ერთხელ შეუტიეს. თამაშიდან შინ მობრუნებულ ფეხბურთელს სახლი პირწმინდად გაძარცვული დახვდა.
ნეაპოლის პოლიციის წარმომადგენლების ინფორმაციით, საქმე აღიძვრა, დამნაშავეებს უახლოეს დღეებში დააკავებენ და მარეკ ჰამშიკს ქონებას უკან დაუბრუნებენ.