რამდენიმე დღის წინ დიდ ბრიტანეთში მომქმედმა კომპანიამ “Official Charts Company” გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ 2012 წელს ამ ქვეყანაში დაახლოებით 240 ათასი ვინილის დისკი გაიყიდა. ეს მაჩვენებელი 2011 წლისას 40 პროცენტით აღემატება.
ზემოთ დასახელებულმა ფირმამ სპეციალური სტატისტიკური გამოკვლევა ჩაატარა და დაადგინა, რომ გასულ წელს ყველაზე დიდი რაოდენობით ჯგუფი “Radiohead”-ის ალბომი “The King Of Limbs” და მომღერალი ადელის სტუდიური ჩანაწერი “19” გაიყიდა.
მუსიკალური ჩანაწერების მარკეტინგის სპეციალისტების გამოთვლებით, მიმდინარე წელს “ნისლიან ალბიონზე” 300 ათასამდე ვინილის დისკი გაიყიდება.
ვინილის დისკების გაყიდვის სარეკორდო მაჩვენებელი დიდ ბრიტანეთში 1975 წელს დაფიქსირდა, როდესაც ადგილობრივმა მელომანებმა 91.6 მილიონი დისკი შეიძინეს.
იმ წლის ყველაზე პოპულარული ჩანაწერების პირველი სამეული შემდეგნაირად გამოიყურებოდა: ელტონ ჯონის ჰიტების კრებული, ჯგუფი Led Zeppelin-ის ალბომი “Physical Grafitti” და Pink Floyd-ის სტუდიური ნაშრომი “Wish You Were Here”.