დროა, ყველა მოწესრიგდეს. მწვავეებო: დასხედით დღის პალატის თქვენს მხარეს და დაელოდეთ, როდის შემოგიტანენ ბანოს და „მონოპოლიას“. ქრონიკულებო: თქვენი ადგილები დაიკავეთ, საცაა „წითელი ჯვრის“ კოლოფიდან თვსატეხებს ამოგილაგებენ. ელის: მიდი შენს ადგილზე კედელთან, ასწიე ხელები, მოირგე ლურსმნები და გაითბე ლაჯები საკუთარი შარდით. პიტ: ანიე თავი მოსამართი თოჯინასავით.:სქანლონ: აფათურე დახეთქილი ხელები მაგიდაზე, ააწყვე გამოგონილი ყუმბარა გამოგონილი სამყაროს ასაფეთქებლად. ჰარდინგ: დაიწყე ლაქლაქი, მტრედებივითხელები იქნიე ცოტა ხანს ჰაერში, მერე კი იღლიებში ამოიჩარე – ზრდასრულ კაცს არშეშვენის ლამაზი ხელების ასე საჯაროდ ქნევა. სეფელტ: იწუწუნე, კბილი მტკივა და თმა მცვივაო. ყველამ: ჩაისუნთქეთ... ახლა, ამოისუნთქეთ... სრული წესრიგი დაიცავით...
(კენ კიზი, „გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა“)
დროა, ყველას თავისი ადგილი მიეჩინოს. ნაცებო: ჩამოჯექით პარაშასთან და დაელოდეთ, როდის შემოგიტანენ საბრალდებო დასკვნას. გიგი: მორჩი ბლატაობას. ჩიორა: გეყოფა კოტრიალი. გოკა: თვალებიდან არ გადმოვარდე. გივი: დაამთქნარე. მალაშხია: გაიზმორე. პეტრე: სად დაიკარგე, შე კაცო? დარჩიაშვილო: დაგიბლაგვდა სამართებელი. ნუგზარ: აბა, ახლა, დააღე პირი და თქვი „ა“. ჭია: სულ წახვედი ხელიდან. ხაბაზი: სარკეში ჩაიხედე. სერგო: ხელი მოისვი. ქლიბი: მდინარის პირას ჩამოჯექი და ატირდი. მიშა: როგორც კი რამეს იტყვი, ეგრევე დავიგინები და შეგეწერება. ყველამ: ჩაისუნთქეთ და აღარ ამოისუნთქოთ… თავისუფლების ჰაერი დაიმახსოვრეთ...
„ოცნების“ ჩაშლილი და ჩტარებული ყრილობები, ფულე–მულე, სააკაშვილი უსუფაშვილის ტისკებში და იქვე ქლიბი, ცემა–ტყეპა, გადატან–გადმოტანა, კონსტიტუცია–შმონსტიტუცია (ანუ – შმონი კონსტიტუციაში), გამიშვი–დამაკავე, მიდი–მოვდივარ და კიდევ ბევრი სხვა რამ, რა თქმა უნდა, საინტერესოც იყო და აქტუალურიც, თუმცა ეგეთები გვინახავს და კიდევ ბევრს ვნახავთ. გასული კვირის მთავარი მოვლენა და ამბავი უგულავას მისვლა–არმისვლა იყო და არა იმიტომ რომ რაღაც... უბრალოდ, ეს იწილო–ბიწილო ლამის ყოფნა–არყოფნის საკითხად იქცა და ეგ არის, ყველაზე უკეთ რომ წარმოაჩენს ჩვენი ეპოქის მოკრძალებულ ხიბლს და ნაციონალურ თავისებურებას.
ბავშვი რომ გაჯიუტდება, ტუჩებს რომ გამობურცავს, ლოყებს გაბერავს და თვალები ცრემლებით რომ აევსება... მთლად ეგრე არ ყოფილა, მაგრამ ბევრიც არ დააკლდა, საბოლოოდ კი, ისე მოხდა, რომ მაინც საკუთარი ფეხით გამოცხადდა პოლიციაში და საკუთარი პირით მოყვა ის, რაც საკუთარი თვალით იხილა. რა თქმა უნდა, ინტერპრეტაციაც საკუთარი იყო – „ძალა მათ ხელშია, სიმართლე კი – არა“.
ასე იყო თუ ისე, ბოლო–ბოლო, უგულავა მაინც გამოცხადდა დაკითხვაზე. თავიდანვე ცხადი იყო, რომ გამოცხადდებოდა (ლექსებსაც იტყოდა ლენინზე), მაგრამ თავად პროცესი იყო საინტერესო – „არ მივალ“; „თავად მეახლონ“; „მე რა, მაგათი ისა ვარ?“ სასამართლომ გადაწყვიტოსო და – გადაწყვიტა. გადაწყვეტდა, მა რას იზამდა, მაგრამ დავიჯერო, აწი ეგრე იქნება? – თუ ვინმეს დაიბარებენდა არ მივა და ყველას მისვლა–არმისვლის თაობაზე სასამართლო უნდა გაიმართოს? რამე ისეთი უნდა ჩავიდინო, პოლიციაში რომ დამიბარონ. არ წავალ და ვნახავ, რა მოხდება.
ახლა, უგულავა თავს გამარჯვებულად თვლის და კმაყოფილია – ინიციატივა აიღო, ნიუსები შექმნა, წამებულის იმიჯი მოირგო და მართალია, ბოლოს მაინც მივიიდა, მაგრამ ხომ გახსოვთ ის ცნობილი დიალოგი „სოფლის აშიკიდან“ – „ვლანძღე, ვაგინე, სულ ტალახში ვაგორავე“; „სად ნახე ამ სიცხეში ტალახი?“; „ტალახში თუ არა, მტვერში ხომ კარგად ამოვგანგლე!“
კმაყოფილია გიგა ნასარიძეც, მან ხომ გამოძიებას უნდობლობა გამოუცხადა – „არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი ხიდი – საქართველოს“ ხელმძღვანელი გიგა ნასარიძე 8 თებერვალს, ეროვნული ბიბლიოთეკასთან მომხდარ ინციდენტზე მიმდინარე გამოძიებას უნდობლობას უცხადებს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ნასარიძემ განაცხადა, უსამართლობაა, როცა არეულობის მთავარ მონაწილეს მელორ ვაჩნაძეს 100-ლარიანი ჯარიმის გადახდის შემდეგ ათავისუფლებენ“.
პრინციპში, კმაყოფილი უნდა იყოს რიჩარდ ნორლანდიც, რადგან ფიქრობს, რომ „ყველასთვის გაკვეთილი იყო პარასკევის ძალადობა, რადგან არავის უნდა, საქართველოს პოლიტიკა საშიში მიმართულებით, წარსულში წავიდეს“.
წარსულში ალბათ იმას გულისხმობდა, 7 ნოემბერს და 26 მაისს მკვლელებს პასუხს რომ არავინ თხოვდა, ახლა კი, დააკავეს სერგო რატიანის ფიზიკურ შეურაცხყოფაში ბრალდებული, დააკავეს ჩიორა თაქთაქიშვილის ფიზიკურ შეურაცხყოფაში ბრალდებული და არ არის გამორიცხული, რომ დააკავონ ქალბატონი, რომელმაც გასულ კვირაში სააკაშვილის მანქანის მიმართულებით კვერცხი ისროლა.
დარწმუნებული ვარ, ამ ათიოდე წლის წინ იგივე ქალბატონს სააკაშვილის მანქანისთვის ვარდიც ექნება ნასროლი. სააკაშვილს მაშინ ვარდად აღიქვამდა, ახლა კვერცხად აღიქვამს.
ნასარიძე, სააკაშვილი, რატიანი და ის ქალბატონი, ყველანი უგულავას ამბავს მოვაყოლე – სიტყვამ მოიტანა, და რადგან დრომ თავად გიგი უგულავა მოიტანა, აქვე მოძმე სააგენტოსთვის მერიიდან მიწოდებულ ნიუსსაც გაახლებთ და მცირე კომენტარსაც დავურთავ – „თბილისის მერმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა დაათვალიერა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დედაქალაქის მერიიდან აცნობეს, ავჭალაში, ყოფილი ბავშვთა პანსიონის ბაზაზე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს“.
ჩემი კომენტარი კი ის არის, რომ სულაც არ გამოვრიცხავ, რომ აღნიშნული ნიუსი დაშიფრულ სიტყვებს შეიცავს, კერძოდ, „ავჭალა“ არის ფლორიდა, „ყოფილი ბავშვთა პანსიონი“ – რომელიმე მილიარდერის ყოფილი სახლი, ხოლო „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა“ – სააკაშვილის ან თავად უგულავას სრა–სასახლის მშენებლობა.
აბა, მომღერლებს ალპინისტებად რომ გააფორმებ და მსახიობებს – მძღოლებად, სხვა რაღა უნდა იფიქრო? იმიტომ არის, გინდა თუ არა ევროპული ორიენტაცია კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროსო და ყველანი ეჭვის თვალით რომ ვუყურებთ ამ საკონსტიტუციო ცვლილებას. ყველანი რა... – უმრავლესობა, თუმცა, მინდა გითხრათ, რომ – უხარისხო, უპასუხისმგებლო, გაუნათლებელი, ჰომოფობი და ქსენოფობი უმრავლესობა. თუმცა, საბედნიეროდ, არსებობს „სამოქალაქო საზოგადოება“, რომელიც არის მთელი საზოგადოების მამოძრავებელი ძალა. ისინი თვლიან, რომ „საქართველოს საგარეო პოლიტიკურ არჩევანში სრული სიცხადის შესატანად კარგი იქნება, თუ საქართველოს საკანონმდებლო ორგანო მოახდენს ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის უცვლელობის უზრუნველყოფას რაც შეიძლება მაღალი დონის საკანონმდებლო აქტით“.
მე სსრკ კონსტიტუცია მახსოვს... ისეთი რამეები ეწერა – ვაი, საყვარელო, მაგრამ რად გინდა? არც არაფრად! საერთოდ კი, ხშირად ხდება ხოლმე, რომ სათაური კარგია ხოლმე, შინაარსი კი – ყოვლად უვარგისი. ზემოთაღნიშნულ განცხადებაზე ხელმომწერთა სათაურ–სახელწოდებებს წარმოგიდგენთ: სიდა (სამოქალაქო განვითარების სააგენტო); საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (GFSIS); საქართველოს ატლანტიკური საბჭო; საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი (GISS); სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტი; პოლიტიკის ანალიზის ცენტრი (TCPA); ახალი ეკონომიკური სკოლა; კოალიცია ევროპული საქართველოსთვის; რელიგიათა კვლევის ცენტრი; ქართველ თავადაზნაურთა საზოგადოება; ქართველთა და საქართველოში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობათა ინტერესებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ასოციაცია; ცოდნის ფონდი; სუფთა პოლიტიკა; გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი და დემოკრატიის და უსაფრთხოების ინსტიტუტი (IDS).
ამდენი სკოლა, ამდენი ინსტიტუტი, ცენტრი, ფონდი ინიციატივა... შედეგი კი... შედეგი – არავითარი. ჭუკჭუკებენ და არიან თავისთვის. აი, მედია–ექსპერტების მთელი ჯგრო ვანო მერაბიშვილს რომ აადგა – ფოტორეპორტიორები გამოუშვითო. იჭუკჭუკეს, იჭუკჭუკეს და მგონი სწორედ მაშინ შეიქმნა ლეგენდარული სიტყვა „კოჰაბიტაცია“.
წარმოგიდგენთ კოჰაბიტაციის მაგალითს, რომელიც სერგო რატიანმა წარმოადგინა – „ჩიორა თაქთაქიშვილს 8 თებერვლის აქციაზე ვინმე მამალაძის ხელით ურტყამდნენ უმრავლესობის დეპუტატი ეკა ბესელია და ნანა კაკაბაძე“. საუბარია, მამალაძის კაკაბაძის და ბესელიას კოჰაბიტაციაზე.
ხოლო ეს ორი ნიუსი არის გაუგებრობის საუკეთესო მაგალითი: 1. „პარლამენტის ბიუროს დარბაზისთვის მაგიდა იტალიაში შეუკვეთეს“ და 2. „მიხეილ სააკაშვილი – სანამ ესენი სკამების ამბავს არკვევდნენ, გავიდა ზამთარი“.
ამ სააკაშვილისა გამკვირვებია. ზამთარი არ გასულა და – გავიდაო, პრეზიდენტობის ვადა გაუვიდა და – არ გამსვლიაო.
არ ვიცი რატომ (არადა, ძალიანაც კარგად ვიცი), ძალიან დამაინტერესა მოძმე ყირგიზეთიდან მოსულმა ცნობამ: „ყირგიზეთის სასამართლომ ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს, ყურმანბეკ ბაკიევს თანამდებობის ბოროტად გამოყენების გამო, 24 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება. სააგენტოს ინფორმაციით, სასამართლომ ასევე გაასამართლა ბაკიევის ძმა, რომელსაც მკვლელობის ბრალდებით სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა“.
აი, წავიკითხე თუ არა ეს სტრიქონები, ღრმად ჩავფიქრდი და ერთ დასკვნამდე მივედი. ჩვენს კონსტიტუციაში აუცილებლად უნდა ჩაიწეროს საქართველოს ევროპული ორიენტაციის შესახებ, ოღონდ ცოტა მოგვიანებით – ასე, სამი–ოთხი თვის შმდეგ. მანამდე კი, თუნდაც პრეამბულაში და თუნდაც სპეციალურად შექმნილ მუხლში შავით თეთრზე უნდა დაფიქსირდეს, რომ საქართველოს პოლიტიკური ორიენტაცია არის პროყირგიზული.
სამ–ოთხ თვეში ბევრი რამის მოსწრება შეიძლება.
ჯერ მისალმება არ მქონდა დამთავრებული და გოკა გაბაშვილი უკვე გამომეპასუხა: „ჩვენთვის მნიშვნელოვანია და არაერთხელ ვთქვით ეს, რომ კონსტიტუციით იყოს გარანტირებული საგარეო პოლიტიკური კურსის უცვლელობა, კონსტიტუციით იყოს გარანტირებული ქვეყნის დეცენტრალიზაცია, ანუ ის საკითხები, რომელიც ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი ჩვენი აზრით. გარდა ამისა, მოლაპარაკებების დროს მნიშვნელოვანია კლიმატი. მნიშვნელოვანია, რომ იმ გაუგებარ ზეწოლაზე, გაუგებარ რიტორიკაზე, სიძულვილის ენაზე, კარგი იქნება, თუ უმრავლესობა ერთხელ დაჯდება და მოითათბირებს, რომ ამით ქვეყანას კარგს არაფერს უკეთებენ“.
გოკა წინააღმდეგია – ბაბა–იაგა პროწივ!
სამ–ოთხ თვეში ბევრი რამის მოსწრება შეიძლება–მეთქი და, შეიძლება ითქვას, რომ „ქართული ოცნების“ ყრილობაზე, რომელიც ფილარმონიაში გაიმართა, სწორედ ბოლო სამი–ოთხი თვის შედეგები შეჯამდა. ერთ–ერთი შედეგი თავად ფილარმონიაა – ოთხი თვის წინ „ქართულ ოცნებას“ ფილარმონიაში არავინ მიასუნინებდა. მეორე შედეგს თვად ბიძინა ივანიშვილის სიტყვებში ამოიკითხავთ: „მთავრობა 24 საათის განმავლობაში თავდაუზოგავად მუშაობს და ამ მუშაობის შედეგებს მოსახლეობა უახლოეს მომავალში იგრძნობს. ჩვენ შევამცირეთ მილონობით ლარის ხარჯი. საერთოდ ავკრძალეთ ფუფუნებისთვის სახელმწიფოს ფულის ხარჯვა“.
ცოტა არ იყოს და, საკამათოა, განსაკუთრებით კი ეს – „მთავრობა 24 საათის განმავლობაში თავდაუზოგავად მუშაობს...“
მახსოვს, ამ რამდენიმე კვირის წინ, ნონა ყანდიაშვილმა, როდესაც უსაყვედურეს, რა ამბავია ამხელა პრემიებიო, ეგრევე თავი მოისტახანოვა – 24 საათი ვშრომობთო. მას შემდეგ, რამდენჯერაც სახელმწიფო კანცელარიასთან გავივლი, იმდენჯერ ფანჯრებს ავხედავ ხოლმე და, მართლაც, მთელი ღამის განმავლობაში შუქი ანთია. არ ვიცი – ანთებული დარჩათ, არ ვიცი – სპეციალურად დატოვეს. ზურაბ გაჩეჩილაძემ, იგივე შონზომ ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობა“ დატოვა
ჩემს ბავშვობაში იყო წიგნების ასეთი სერია – „ლელოს“ ბიბლიოთეკა“. მქონდა სტენლი მეტიუზის „35 წელი მარჯვენა ფრთაზე“, ანდრო ჟორდანიას „ფიქრები ქართულ ფეხბურთზე“ და მქონდა „რამდენიმე ეპიზოდი სპორტული ცხოვრებიდან“. ერთი ნიუსის სახით წარმოგიდგენთ ერთ ეპიზოდს მედროვეთა ცხოვრებიდან:
„თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობა“ კიდევ ერთმა წევრმა - ზურაბ გაჩეჩილაძემ, იგივე შონზომ დატოვა. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ფრაქცია „თავისუფლებას“ თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ზურა გაჩეჩილაძემ დამოუკიდებლად მიიღო და უკვე შეუერთდა ფრაქცია „თავისუფლებას“. შიხიაშვილი ამბობს, რომ „ნაციონალური მოძარობის“ რღვევა გრძელდება და გაგრძელდება, ვიდრე ხალხი არ მიიღებს იმას, რის გამოც გააკეთა არჩევანი. რაც შეეხება კითხვას, თავად ზურა გაჩეჩილაძემ რატომ არ გააკეთა ეს განცხადება, შიხიაშვილის ინფორმაციით, ის თბილისში არ იმყოფება, ერთ კვირაში ჩამოვა თბილისში და თვითონ გამოეხმაურება ამ ფაქტს. რაც შეეხება მიზეზს, თუ რის გამოც დატოვა ფაქრცია ზურა გაჩეჩილაძემ, შიხიაშვილი ამბობს, რომ მიზეზი არის ის მოვლენები, რომელიც ვითარდება ბოლო დროს, ხოლო მთავარი მასტიმულირებელი იყო 8 თებერვალი“.
7 ნოემბერი გაატარა, 6 მაისი გაატარა, 15 ივნისი გაატარა, 26 მაისი გაატარა, კაი დრო გაატარა და 8 თებერვალი აღმოჩნდა „მასტიმულირებელი“. არადა, მეგონა, რომ შონზო პირსისხლიან ნანა კაკაბაძეს და ცხვირსისხლიან ჩიორა თაქთაქიშვილს რომ დაინახავდა, უფრო მეტად გაუძლიერდება იმის რწმენა, რომ „არა არს მოციქული გარდა სააკაშვილისა და მერაბიშვილია ქვეყნის ხერხემალი“.
შევცდი...
ამ 25 წლის წინ, როდესაც ვინმე ახსენებდა ვალერია ნოვოდვორსკაიას, თვალწინ მაშინვე ახალგაზრდა, ლამაზი და ჭკვიანი ქალი წარმომიდგებოდა ხოლმე. შევცდი. ყველას გვყავს ნანახი ნოვოდვორსკაია. ვისაც არ ყავს ნანახი ნოვოდვორსკაია, ბაყაყი მაინც ექნება ნანახი. ნანახი გექნებათ „ეშმაკის ადვოკატი“, გასულ კვირაში კი აი, რა თქვა ჩოყლაყის ადვოკატმა:
„თქვენს ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა სახიფათოდ მიმაჩნია. რამდენადაც მომაკვდავმა ზვიად გამსახურდიამ თქვენი თავი მე ჩამაბარა და თქვენზე ზრუნვა დამავალა, როგორც ძველ დისიდენტსა და რუსეთის მიერ თავისი უბედური, ყოფილი კოლონიებისთვის დაგებული ხაფანგების კარგ მცოდნეს, უბრალოდ გაფრთხილებთ, რომ ძალიან ცუდი დრო დაგიდგებათ, თუ დაუშვებთ ”ქართული ოცნების”, უფრო სწორად რუსეთის იმპერიის ოცნებების ასრულებასა და უკანონობას... ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ რატომ არ გამოხვედით საკუთარი სურვილით თქვენი პატარა ქვეყნის მთავარ მოედანზე?! რატომ არ თქვით, რომ აღარ გინდათ გქონდეთ ასეთი პარლამენტი? იმიტომ, რომ თუ პარლამენტი უკანონობას აღვივებს, ეს პარლამენტი არ არის, ეს ქურდული ქოხმახია. თქვენ რა თავად არ იცით, როგორ მოიქცეთ ასეთ შემთხვევებში? რომ უნდა მოითხოვოთ ამ პარლამენტის დათხოვნა?“
წადი რა, ქალო, მარტენსი ნახე, ჩიორას კოჭი გაუგორე... „ზვიად გამსახურდიამ თქვენი თავი მე ჩამაბარა და თქვენზე ზრუნვა დამავალაო...“ – ჩვენში დარჩეს და, ეს სიტყვები კი გავს სიმართლეს.
რა თქმა უნდა, სერგო რატიანთან მიმართებაში კობა დავითაშვილი აბსოლუტურად მართალი იყო, მაგრამ სერგო რატიანთან ყველაზე შხამიანი მორიელიც კი მართალი იქნება. კობა დავითაშვილი მართალია, როდესაც საკუთარი გუნდის არაგუნდურობაზე საუბრობს, მაგრამ კოჰაბიტაციამ არ იცის ჩემიანი და შენიანი.
კოჰაბიტაცია და, ჯანდაბა მაგათ თავს! ამ სახლობანას თამაშში რაღაც ძალიან აგვიანდება სამართალს და ჯერ–ჯერობით არც „ნა ვერწელე“ ჩანს. რავი... თუ სამართალი იმ ასტეროიდზე იჯდა, დედამიწას 27 ათას კილომეტრზე რომ ჩაუარა, ცუდად ყოფილა ჩვენი საქმე და ბარემ ისიც ვიკითხოთ, როგორ იქნება გივი თარგამაძის საქმე? მოსკოვის პოლიციამ გივი თარგამაძეზე ფედერალური ძებნა ხომ ოფიციალურად გამოაცხადა!
ვიღაც ნაცმაცუნამ თქვა, ვამაყობ ეს ცნობილი რევოლუციონერი ჩემი მეგობარი და თანამედროვე რომ არისო... ჩე გევარას ხელები ჰავანაში, რევოლუციის მუზეუმში, სპირტით სავსე ქილაში ინახება... იქნებ ის დღეც დადგეს, როდესაც მიხეილ სააკაშვილის სახელობის კოჰაბიტაციის მუზეუმში საპატიო ადგილს დაიკავებს არყით სავსე ქილაში ჩაწყობილი გივი თარგამაძის ტუჩები!
გაითვალისწინეთ, რომ გივის ცუდი სიმთვრალე აქვს.
ცუდი კი არა და, ნახეთ, რა მაგარი დებილობა ამოვიკითხე გასულ კვირაში: „ვალერი გელბახიანი პოლიტიკიდან წავიდა და საადვოკატო საქმიანობას შეუდგა, - ამის შესახებ გელბახიანმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა. მისი თქმით, მზად არის, იურიდიული მომსახურება გაუწიოს ყველა კლიენტს პროფესიულ დონეზე. მისივე თქმით, პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო იმიტომ, რომ „ორი საჩხერელი არ უნდა დაუპირისპირდეს ერთმანეთს“, - აცხადებს ვალერი გელბახიანი“.
წყალბურთი გამიგია, ხელბურთი გამიგია, ფეხბურთი და, თქვენ წარმოიდგინეთ, მოტობურთიც კი გამიგია, მაგრამ ორი საჩხერელი რომ უპირისპირდებოდეს ერთმანეთს, ასეთი რამ ჯერ არ გამიგია.
კ.ს. (კოჰაბიტაციის სამყაროში) ღმერთმანი, კომიქსების სამყაროა. ბრტყელი, შავად მოხაზული ფიგურები რაღაც ტუტუცურ, უაზრო ამბავში გზის გაგნებას ცდილობენ, ალბათ, მართლა სასაცილო ამბავში, ფიგურები ცოცხალი ადამიანები რომ არ იყვნენ...
(კენ კიზი, „გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა“)