„ვაქცინას დაჩიპვასთან და რელიგიურ საკითხებთან არანაირი კავშირი არ აქვს... ადამიანებს ჯერჯერობით პანდემია უფრო ანადგურებს, ვიდრე ვაქცინაცია“

„ვაქცინას დაჩიპვასთან და რელიგიურ საკითხებთან არანაირი კავშირი არ აქვს... ადამიანებს ჯერჯერობით პანდემია უფრო ანადგურებს, ვიდრე ვაქცინაცია“

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა თხევადი ჩიპი არ არის, რომ ადამიანების „დაჩიპვა“ გამოიწვიოს, მაგრამ არსებობს ერთი ტიპის ვაქცინა, როდესაც კოვიდი შეჰყავთ თვითონ ორგანიზმში, რათა ორგანიზმმა იმუნიტეტი გამოიმუშაოს და არის კიდევ მეორე ტიპის ვაქცინა, რომელშიც საერთოდ არაა კოვიდი და ეს ვაქცინა შეჰყავთ ორგანიზმში იმისთვის, რომ ადამიანის იმუნიტეტი გაძლიერდეს და გახდეს ინფექციის ამტანი. შესაბამისად, თუკი ექიმს შეეშალა და ვაქცინა (ანუ ინფექცია) დიდი დოზით შეიყვანა ორგანიზმში, შეიძლება ამან ლეტალური შედეგი გამოიწვიოს.

აქედან გამომდინარე, მეუფე ნიკოლოზი ასკვნის, რომ ვაქცინის გაკეთება ადამიანის თავისუფალი არჩევანი უნდა იყოს და, ვინც ვაქცინას გაიკეთებს, მას ზიარების უფლებას არ ჩამოართმევენ, არ გამოაცხადებენ ღმერთისა და ხალხის მტრად. ამის მიუხედავად, მეუფე დასძენს, რომ, თუ ეს საკითხი პირადად მისი გადასაწყვეტი იქნება, ვაქცინას არ გაიკეთებს, რადგან ცხოვრებაში არანაირი ვაქცინა არ გაუკეთებია.

მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 152,2 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა, მაგრამ მორწმუნეებში მაინც ბევრ კითხვას ბადებს საყოველთაო ვაქცინაცია, რომელიც მასობრივად ტარდება მსოფლიოში.

მიკროჩიპების ინჟინერიის განვითარება ყოველთვის აფრთხობდა რელიგიურ ადამიანებს და მას ე.წ. სატანის ბეჭდის, ან მხეცის ნიშნის კლასიფიკაციას აძლევდნენ. ეს ყველაფერი ეფუძნებოდა იოანეს გამოცხადებაში ხსენებულ „მხეცის ნიშანს“, რომლითაც ადამიანებს შუბლსა თუ მარჯვენა ხელს აღუბეჭდავდნენ.

ერთი პერიოდი, თენგიზ ცერცვაძეც გამოეხმაურა ამ თემას და აღნიშნა, რომ ვაქცინაციის ირგვლივ ხშირად ვრცელდება მითები, გამონაკლისი არც კორონავირუსია, ანუ საუბარია ჩიპის ჩანერგვაზე ვაქცინასთან ერთად. თუმცა თენგიზ ცერცვაძე მიანიშნებდა, რომ, თუ ვინმეს ჩიპის ჩანერგვა სურდა, რამენაირად ვაქცინის გარეშეც ჩანერგავდა.

ჯერ კიდევ შარშან ვაქცინის მეშვეობით ე.წ. დაჩიპვის საკითხს გამოეხმაურა რუსი კინორეჟისორი ნიკიტა მიხალკოვი. მან კონსპირაციულ თეორიაზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, ამერიკელი მილიარდერი და ფილანტროპი ბილ გეითსი კორონავირუსის ვაქცინით მთელი მსოფლიოს „დაჩიპვას“ და პლანეტის მოსახლეობის შვიდი მილიარდიდან ერთ მილიარდამდე შემცირებას აპირებდა. მიხალკოვის ამ თეორიას კრიტიკა მოჰყვა რუსეთშიც.

რატომ ჩნდება შიში მოსახლეობის ,,დაჩიპვასთან“ დაკავშირებით?!

საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტ ვახტანგ მაისაიას კორონავირუსის ვაქცინის მეშვეობით ადამიანების ე.წ. „დაჩიპვა“ შეთქმულების თეორიად და თანამედროვე ქართულ ფანტასმაგორიად მიაჩნია. იგი ფიქრობს, რომ, თუ ეს სიმართლეს შეესაბამება, მაშინ არც ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა არ უნდა გავიკეთოთ და არც სხვა ვაქცინები არ უნდა გამოვიყენოთ. ყოველ შემთხვევაში, კაცობრიობა ამ დონემდე არ არის მისული, რომ ვაქცინის მეშვეობით ადამიანების „დაჩიპვა“ შეძლოს.

„მეც რელიგიურ ადამიანად ვთვლი თავს, მაგრამ ასეთ ფანტასმაგორიულ საკითხებში არ ვიჭრები. მე მგონი, არც ჩვენი დედაეკლესია არ გადადის ამ თეორიაში. აბსოლუტურად რაციონალურად, ზომიერად და თეოლოგიურად ზუსტად აფასებენ ვაქცინაციასთან დაკავშირებულ პრობლემებს. არც ჩემი მოძღვარი საუბრობს ე.წ. დაჩიპვაზე. მე ვემორჩილები ჩემს მოძღვარს, დედაეკლესიას, საპატრიარქოს, გარდა ამისა, ჩემი აზრი და ხედვა მაქვს ამასთან დაკავშირებით“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია for.ge-სთან საუბრისას და განმარტავს, რომ იოანეს გამოცხადების ათასი ინტერპრეტაცია არსებობს.

ასე, მაგალითად, 2000 წელსაც ელოდნენ მეორედ მოსვლას და კაცობრიობის დასრულებას, იყო ერთი ვაი-ვიშვიში, მაგრამ როდის დასრულდება კაცობრიობის არსებობა, ეს მხოლოდ უფლის ნებაზეა დამოკიდებული. ოდესღაც კი თითოეული ჩვენგანისთვის მიწიერი ყოფა დასრულდება.

თსსუ-ის პროფესორი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე for.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ნებისმიერი მოსაზრება ჩიპებთან დაკავშირებით აბსურდია. ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს.

„პირიქით, ყველა ჩვენგანს, ყველა ექიმს ჰქონდა ვაქცინის მოლოდინი. პანდემიის დასაწყისშივე როდესაც გამოჩნდა, რომ ჩვენ არ გვაქვს და უახლოეს პერიოდში არც გვექნებოდა ეფექტური საშუალება ვირუსის საწინააღმდეგოდ, ყველანი ველოდებოდით ვაქცინის გამოჩენას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მთელი სამედიცინო სამყარო ჯერ კიდევ გასული წლის მარტიდან დარწმუნდა, რომ არც ერთი საშუალება, რომელიც გამოვიყენეთ ვირუსის საწინააღმდეგოდ, არ იყო ეფექტური. ერთადერთ გამოსავლად რჩებოდა ვაქცინა. ამიტომ არანაირი ჩიპი, არანაირი აუტიზმი, მთავარია, ეფექტური ვაქცინის გამოყენება“, - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა მიიჩნევს, რომ ჩიპთან არანაირ კავშირში არაა ვაქცინა, უბრალოდ, ვაქცინაცია არის თავდაცვის საშუალება დაავადებისას. შეიძლება ვაქცინის გაკეთების შემდგომ თეორიულად რაიმე გვერდითი ეფექტი განვითარდეს, ისიც იშვიათად, მაგრამ დაჩიპვასთან და რელიგიურ საკითხებთან ამას არანაირი კავშირი არ აქვს.

„რაც შეეხება ნებაყოფლობითობას, პირველ რიგში, ვაქცინაცია ნებაყოფლობითი უნდა იყოს. თუმცა რისკჯგუფებისა და სამედიცინო პერსონალისთვის, ალბათ, სავალდებულო იქნება და ეს ბუნებრივიცაა, რადგან მედპერსონალს მაღალი რისკი აქვს დაავადებულებთან კონტაქტის გამო. დანარჩენი მოსახლეობისთვის კი უნდა ჩატარდეს სარეკლამო კამპანიები, უნდა მოვუწოდოთ მოსახლეობას, ავუხსნათ, რა მნიშვნელობა აქვს ვაქცინაციას ამ საკმაოდ ვერაგი დაავადების დამარცხებაში და შემდეგ უკვე მოსახლეობამ თავად უნდა გადაწყვიტოს ვაქცინას გაიკეთებს თუ არა“, - აღნიშნა ალექსანდრე გოგინავამ for.ge-სთან საუბრისას.

საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილის, განათლების საკითხებში ექსპერტ, პროფესორ ზურაბ ვახანიას მოსაზრებით, ვაქცინის გაკეთება ექიმებისა და მასწავლებლებისთვის არ არის ნებაყოფლობითი, ამიტომ ვაქცინაცია მთლად ნებაყოფლობითი ვერ იქნება.

„აცრებს ხომ ისედაც უკეთებენ ბავშვებს, ვგულისხმობ პოლიომიელიტის და სხვა აცრებს და, თუკი რაღაცის შეპარება უნდათ, ამას აცრების მეშვეობითაც მოახერხებენ, ამისთვის სულაც არ არის საჭირო კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა და ამის მეშვეობით მოსახლეობის ე.წ. დაჩიპვა. რა თქმა უნდა, ვაქცინაცია იძულებითი ნაბიჯია, რად გვინდოდა ამის გაკეთება, მაგრამ სხვა გზა არ არის. ახლა ზოგიერთები ლაპარაკობენ ჩიპების თაობაზე ამ ვაქცინაციის მეშვეობით, მე მგონი, ამის გაკეთება ტექნიკურად შეუძლებელია“, - აცხადებს ზურაბ ვახანია ჩვენთან საუბრისას.

ექსპერტის მოსაზრებით, რამდენად საშიშია ესა თუ ის ვაქცინა (რუსული, ჩინური, ან სხვა წარმომავლობის), ამას მხოლოდ დრო და პრაქტიკა გვიჩვენებს. გარკვეული პერიოდის შემდეგ გავიგებთ სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებულ ვაქცინაციას როგორი შედეგი ექნება. ლაბორატორიაში ამის გამოცდა და წინასწარ გათვლა, თუ რა მოხდება თვეების შემდეგ, შეუძლებელი იქნება. მანამდე ეს ყველაფერი რეკლამაა, პოლიტიკაა და ჩვენ უნდა დაველოდოთ პრაქტიკას. ყოველ შემთხვევაში, ადამიანებს ჯერჯერობით პანდემია უფრო ანადგურებს, ვიდრე ვაქცინაცია.