„გიგაური გარეთ კი არ უნდა დაბოდიალობდნეს, მელაშვილს და ილიჩოვას უნდა მიუსვან გვერდით, ხოლო სააკაშვილი სამშობლოს ღალატის მუხლით უნდა გასამართლდეს“

„გიგაური გარეთ კი არ უნდა დაბოდიალობდნეს, მელაშვილს და ილიჩოვას უნდა მიუსვან გვერდით, ხოლო სააკაშვილი სამშობლოს ღალატის მუხლით უნდა გასამართლდეს“

დავითგარეჯის საქმეზე სასამართლო პროცესი 16 თებერვალს გაიმართება. უცხო ქვეყნისათვის ტერიტორიის ნაწილის გადაცემის საქმეში ბრალდებულების პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ წინასასამართლო სხდომაზე ახალი მტკიცებულები წარადგინა, მათ შორის ბრალდებული ივერი მელაშვილის განცხადება, რომ „დავითგარეჯი საქართველო არ არის“.

„ჩვენი პოზიცია, ყველა მტკიცებულება არის რელევანტური, ავთენტური, უტყუარი. რაც შეეხება ახალ მტკიცებულებას, ეს არის საჯარო განცხადებები, ბრალდებული ივერი მელაშვილის პოზიციები, რომელიც ეხება ჩვენს სისხლის სამართლის საქმეს, იმ მონაკვეთებს, რომელიც საქართველოს საწინააღმდეგოდ შეათანხმეს ბრალდებულებმა.

ბრალდებული აცხადებს, რომ დავითგარეჯი არ იყო საქართველოს ტერიტორია, არასოდეს არ მიეკუთვნებოდა და მათ შორის ამის საფუძველი არ არსებობდა. ეს არის ის პოზიცია, რომელიც დოკუმენტურად ბრალდებულების განხორციელებული ქმედებებით დასტურდება, შესაბამისად, მნიშვნელოვანი იყო, ეს წარმოდგენილიყო“, – აცხადებს მიხეილ სადრაძე.

გამოიყენებს თუ არა პროკურატურა ივერი მელაშვილის საჯარო განცხადებებს ბრალდებულისსავე წინააღმდეგ, 16 თებერვალს გამოჩნდება, როდესაც გადაწყვეტილება  გამოცხადდება. სწორედ ამ დღეს გახდება ცნობილი, რა მტკიცებულებებს მიიჩნევს სასამართლო დასაშვებად. ბრალდებულების ადვოკატი, გიორგი მახარაძე განმარტავს, რომ არც ერთი საჯარო განცხადება არ მიუთითებს ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის ბრალეულობაზე.

„საჯარო განცხადება შესაძლოა, იყოს მტკიცებულება. ჩვენც გვაქვს ანალოგიური ინტერვიუები, საჯარო განცხადებები მტკიცებულებად წარმოდგენილი. ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. არც ერთი ასეთი მტკიცებულება არ მიუთითებს არც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის და არც ბატონი ივერი მელაშვილის ბრალეულობაზე“, – ამბობს გიორგი მახარაძე.

შეგახსენებთ, რომ 17 აგვისტოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო, რომელიც უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების საქმეს ეხებოდა. გამოძიებით მტკიცდება, რომ მელაშილმა და ილიჩოვამ დელიმიტაციის პროცესში, სასაზღვრო ხაზზე შეთანხმებისას, ნაცვლად 1938 წლის კარტოგრაფიული მასალისა, მიზანმიმართულად გამოიყენეს 1970–80–იან წლებში გამოცემული 1:100 000–იანი და 1: 50 000 მასშტაბის რუკებზე არსებული საზღვრის ხაზი, რომლებიც სახელმწიფოთაშორის ორმხრივად დამტკიცებული არასდროს ყოფილა და არსებით წინააღმდეგობაში მოდიოდა ჩვენს ისტორიულ საზღვრებთან.

ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, 13 მონაკვეთზე დაკარგვის საფრთხე შეექმნა საქართველოს ისტორიულად კუთვნილ ტერიტორიებს – დაახლოებით 3500 ჰექტარს. ამ კომისიის მუშაობის შედეგია ის ფაქტი, რომ 2007 წელს აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ჩიჩხიტურის კოშკი და უდაბნოს მონასტერი დაიკავეს.

შეუთანხმებელ ტერიტორიაზე ამ დრომდე დგანან აზერბაიჯანელი მესაზღვრეები, რომლებმაც მონასტერში ასვლაზე სრული აკრძალვა დაუწესეს დავითგარეჯში მოღვაწე ბერებს. ეს მაშინ, როდესაც სასულიერო პირები უდაბნოსა და ჩიჩხიტურის გარდა, მოსალოცად ბერთუბანშიც გადადიოდნენ. მაგრამ, დღეს ვითარება რადიკალურად განსხვავებულია, იმ მოტივით, რომ არ მოხდეს აზერბაიჯანელი მესაზღვრეების პროვოცირება, ქართველ ბერებს მონასტერში ასვლის ნებართვას, ისევ ქართველი მესაზღვრეები არ აძლევენ.

„წარმოუდგენელი რამ მოხდა, როგორ შეიძლებოდა იმის წარმოდგენა, რომ ჩვენ ოდესმე უდაბნოზე და ჩიჩხიტურზე ვერ ავიდოდით. რატომ არ იბარებენ აზერბაიჯანის ელჩს და არ ეუბნიან - გაიყვანეთ თქვენი ჯარი?! ეს არის ჩვენი ლეგიტიმური კითხვა, რატომ ააშენეს ყაზარმები და რატომ დგანან აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ჩვენს მონასტრებში, რომელიც ისტორიულად ჩვენია? საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც ჩვენია და იმ რუკითაც, რომელიც ივერიმ დამალა. ჩვენი მონასტრებია, სადაც ვლოცულობდით.

მე, არ მაინტერესებს რას იძიებს პროკურატურა, მე მაინტერესებს შედეგი. რატომ დგანან იქ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები? ჩავთვალოთ, რომ ეს სადავო ტერიტორიაა, მაშინ სადავოზე რატომ დგანან, ყაზარმები რატომ ააშენეს ამ სადავო ტერიტორიაზე? ამაზე პასუხს რატომ არავინ არ სთხოვს მათ? არ მესმის ასეთი დამოკიდებულება. ადრე თუ გვიან, ყველას მოეთხოვება პასუხი. არ ეგონოს არავის, რომ ივერის დონეზე გაჩერდება ეს საკითხი“, – აცხადებს დავითგარეჯის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ილარიონ ჭიღლაძე.

როდის შედგება დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის შეხვედრა, უცნობია. თავდაცვის სამინისტროს კარტოგრაფია–გეოდეზიის დეპარტამენტის კარტოგრაფიული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი, თედო გორგოძე ამბობს, რომ კომისიების შეხვედრა ჯერჯერობით დაგეგმილი არ არის, რაც დაკავშირებულია პანდემიით გამოწვეულ მოვლენებთან.

„ორმხრივ შეხვედრამდე აუცილებლად განახლდება ჩვენი კომისიის შიდა სამუშაოები, სადაც განხილული იქნება აზერბაიჯანულ მხარესთან წარსადგენი ყველა საკითხი. გამოძიების მიმდინარეობა იმის დასტურია, რომ ქართული მხარის პოზიცია იგივე მიმართულებისაა, რაც 2019 წელს იყო და, რა თქმა უნდა, მკვეთრად განსხვავდება იმ პოზიციისაგან რაც შეთანხმების პერიოდებში არსებობდა.

დღეის მდგომარეობით, ქართული სახელმწიფოს მიერ გარკვეულწილად არამართლზომიერადაა მიჩნეული კომისიათა შორის მიღწეული შეთანხმებები და აუცილებლად დაისმება საკითხი მათი გადახედვისა და ცვლილების შესახებ. თავისთავად ცხადია, რომ ეს იქნება ურთულესი პროცესი, მაგრამ საქართველომ აუცილებლად უნდა მიაღწიოს აზერბაიჯანთან შეთანხმებას ამ საკითხზე, რადგან სხვაგვარად ჩვენი ქვეყნების სრულფასოვანი ურთიერთობა წარმოუდგენლად მიმაჩნია“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას თედო გორგოძე.

კითხვაზე, რამდენად გაართულებს აზერბაიჯანთან მოლაპარაკებას კომისიის ყოფილი წევრის განცხადებები, თითქოს, დავითგარეჯი საქართველოს ტერიტორია არ არის, თედო გორგოძე პასუხობს, რომ ნებისმიერი ადამიანის მიერ გაკეთებული მსგავსი შინაარსის განცხადება კატეგორიულად მიუღებელი და საზიანოა ჩვენი ქვეყნისათვის.

„მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ, რომ ეს აზერბაიჯანთან ურთიერთობას ვერ გაართულებს, რადგან აზერბაიჯანულმა მხარემ კარგად იცის, რომ ეს არ არის ქართული სახელმწიფოს პოზიცია“, – აღნიშნა თედო გორგოძემ.

რაც შეეხება ერთ–ერთ მთავარ პრობლემას, რომლის მიხედვით სასულიერო პირებისთვის ჩაკეტილია უდაბნოსა და ჩიჩხიტურამდე მისასვლელი გზა, იმ მოტივით, რომ არ მოხდეს ვითარების გამწვავება, ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე ამბობს, რომ ეს პასუხი არის არასწორი და არაკომპეტენტური.

„რას აკეთებს საქართველოს სახელმწიფო და ამ შემთხვევაში საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომ საქმე არ მივიდეს იქამდე, რომ გამწვავდეს ვითარება? როდემდე უნდა გაგრძელდეს ასეთი არალოგიკური ვითარება? აზერბაიჯანისთვის აბსოლუტურად უმტკივნეულო თემაა, ჩვენთვის კი ეროვნული მნიშვნელობის თემა დგება ურთიერთობების საპირწონედ. სრულიად არანორმალური მდგომარეობა გვაქვს.

ხელისუფლების მოქმედებები არ არის საკმარისი, აშკარად პოლიტიკური ნების ნაკლებობა ირძნობა. მეორე ნაწილი არის ოპოზიცია, რომლის მოქმედება პირიქით, ხელს უწყობს და ამყარებს აზერბაიჯანის პოზიციას, ვინაიდან ასუსტებს და აჩვენებს, რომ კონსენსუსი ამ თემაზე არ არსებობს. როცა ასეთ ტიპის საკითხში საზოგადოებაში კონსენსუსი არ არსებობს, ეს ყოველთვის აძლიერებს იმ მხარის პოზიციას, რომელიც მოლაპარაკების მეორე მხარეს ზის. ეს არის ჩვენი ტრადიციული ქართული განხეთქილება, კონსენსუსის უქონლობა და საბოლოო ჯამში, ვღებულობთ იმას, რომ ადამიანი, რომელიც არის აზერბაიჯანის პოზიციაზე, ამ ადამიანს ტაშს უკრავენ“, – აცხადებს სოსო მანჯავიძე.

როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, ამ პრობლემის შემქმნელებს, მაღალი სტანდარტით მოპოვებული მტკიცებულებების სანაცვლოდ, აღკვეთის ღონისძიებას კი არ უნდა უმსუბუქებდნენ, არამედ სამუდამო პატიმრობა უნდა მიუსაჯონ, ასევე - მათ ზემდგომებს.

„ქალბატონი გიგაური და სხვები გარეთ კი არ უნდა დაბოდიალობდნენ, არამედ მელაშვილს და ილიჩოვას უნდა მიუსვან გვერდით. მიხეილ სააკაშვილს პიჯაკების საქმეზე კი არ უნდა ასამართლებდნენ, არამედ სამშობლოს ღალატის მუხლით უნდა გასამართლდეს, იმ მუხლით, რომელიც ბოკერიამ ამოიღო. ეთერებში კი არ უნდა დაბოდიალობდნენ და შოუებს კი არ უნდა აწყობდნენ, არამედ სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მოქმედებდნენ.

სად იყვნენ 8 წელი?! ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ გარეჯი საქართველო არ არის და მიშას დანახვაზე ტირის, 8 წელი რატომ ჰყავდათ იმ კომისიაში?! მეორე ბრალდებული სახელმწიფო ენას არ ფლობს. ვანო მერაბიშვილის მიერ დანიშნულ მიწათმომწყობს რა უნდოდა კომისიაში? არ იცოდნენ რა გააკეთა მერაბიშვილმა? არ იცოდნენ მიწათმომწყობი ინსტიტუტის ისტორია? თუ არ იცოდნენ, მაშინ რატომ არ იცოდნენ? რატომ ინიშნებიან უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობაზე ისეთები, რომლებმაც არაფერი არ იციან? ვინ ნიშნავს მათ? - ვინც ნიშნავს, ისიც გასასამართლებელია“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას სოსო მანჯავიძე.

„ნათლად ჩანს, ფაქტები ადასტურებს, რომ სააკაშვილის მმართველობის დროს გარიგება მოხდა“, – ამბობს for.ge–სთან საუბრისას თეატრის მხატვარი, შოთა გლურჯიძე.

„ძალიან დიდ თანხებზე არის საუბარი. ვერ ვატყობ, რომ გამოძიება ბოლომდე მივა, თავიდანვე თითქოს კარგად შეუდგნენ მუშაობას, მაგრამ ორივე ბრალდებულის გირაოთი განთავისუფლების შემდეგ, ეჭვი შემეპარა. არ ვიცი, მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ რეალურად გარიგებასთან გვაქვს საქმე. რაშიც ფულს გადავიხდი, ის ჩემია, აი, ეს ვითარება გვაქვს. სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლებას სააკაშვილი ახლაც აშინებს, ასეთი მშიშარა და მხდალი მთავრობის მნახველი არ ვარ.

მამაჩემი საბჭოთა მთავრობის შემადგენლობაში იყო. სწორედ დავითგარეჯის პრობლემით იყო დაკავებული. რამდენჯერმე წავყევი. ჯუმბერ პატიაშვილმა და იმდროინდელმა მთავრობამ მოახერხა ის, რომ ჩიჩხიტური და უდაბნო კი არა, ბერთუბანზეც კი მოხდა შეთანხმება და სანაცვლოდ, აზერბაიჯანისთვის უნდა გადაეცათ საძოვრების ტერიტორია.

მთელი ეს ტერიტორია და მათ შორის ბერთუბანი გადმოცემული იყო საქართველოსთვის. მაგრამ მერე რატომ არ მოხდა ამ მოლაპარაკებების განახლება, არ ვიცი. მგონია, რომ მიშვებული ჰქონდათ ეს საკითხი. არა მხოლდო უდაბნოზე და ჩიჩხიტურზე, არამედ ბერთუბანზეც უნდა იყოს საუბარი, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თავისი უნიკალური ფრესკებით“, – ამბობს შოთა გლურჯიძე.