ჩინელები ქუთაისში „ჩინეთის კედელს“ აშენებენ

ჩინელები ქუთაისში „ჩინეთის კედელს“ აშენებენ

ქუთაისში, ყოფილი ავტოქარხნის ტერიტორიაზე, ჩინეთის ხუალინის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მოწყობა იგეგმება. ამ დროისთვის, დაახლოებით, 20 ჰექტარ  ტერიტორიაზე განთავსებულია - სასტუმრო „ხუალინი“, ხე-ტყის გადამუშავებელი საამქრო, ჩინეთის მოქალაქეებისთვის განკუთვნილი საერთო საცხოვრებლები და ოფისები, ხოლო სავაჭრო ცენტრის შიდა პერიმეტრის მოპირკეთება მიმდინარეობს, რომლის სამუშაოებსაც ჩინელ მუშებთან ერთად, ქართველებიც აწარმოებენ.

რამდენიმე კილომეტრზე გაშენებულ შენობებს დაცვის სამსახური იცავს, შესაბამისად, ტერიტორიაზე შესვლისთვის სპეციალური საშვია საჭირო, თუმცა, For.Ge-ს გაუმართლდა და შიდა პერიმეტრზე ყოველგვარი საშვის გარეშე აღმოჩნდა, მაგრამ  ჩინელმა მასპინძლებმა, ჩვენთან საუბრის სურვილი არ გამოთქვეს, რის გამოც, მომავალი ინდუსტრიული ზონის შესახებ ინფორმაციის მიღება იმ ქართველებისგან ვცადეთ, რომლებიც ადგილზე არიან დასაქმებულნი.

მათი ცნობით, ყოფილი ავტოქარხნის ტერიტორია განადგურებული იყო და ჩინელი ინვესტორები მის გალამაზებასა და განვითარებას ცდილობენ.

„ამბობენ, რომ  ეს ტერიტორია, მათ 50-წლიანი იჯარით აქვთ აღებული, მაგრამ ასევე  ვრცელდება ინფორმაცია, რომ მათ რამდენიმეკილომეტრიანი პერიმეტრი იყიდეს. იმაში ცუდი არაფერია, რომ დანგრეულ ადგილს მიხედეს, მაგრამ ხედავთ, რომ ნახევარი ქუთაისი ამათ უკავიათ. ერთ დღეში, ქართველ მუშებს გაწეული სამუშაოებისთვის საშუალოდ 20 ლარს უხდიან, თუმცა, ჩამოყვანილ ჩინელებს რამდენს აძლევენ - ვერ გეტყვით, რადგან ჩვენ ჩინური არ ვიცით, ამათმა - ქართული, და  კონტაქტშიც არ შემოდიან. თან, იმასაც ამბობენ, რომ სამუშაოდ ზოგიერთი პატიმარი  ჩამოიყვანეს და მათ გაწეული შრომისთვის რაღაც პროცენტს უხდიანო“, - განუცხადა For.Ge-ს ერთ-ერთმა დასაქმებულმა.

კიდევ ერთ-ერთმა დასაქმებულმა ისიც განგვიცხადა, რომ ქუთაისში, ჩინეთიდან დამატებით 150 პირის ჩამოყვანას გეგმავდნენ, მაგრამ მათი ჩამოყვანა დროებით შეაჩერეს.

ამ დროისთვის, რამდენი ჩინელი ცხოვრობს მომავალ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, ეს ჩვენთვის გაურკვეველი დარჩა, მაგრამ For.Ge-მ ის საერთო საცხოვრებლები მოინახულა, სადაც ამჟამად, ჩინეთის მოქალაქეები ოჯახის წევრებთან ერთად ცხოვრობენ.

შიდა ტერიტორიაზე, ჩინეთიდან ჩამოყვანილი პირებისთვის რამდენიმე სამსართულიანი კორპუსი დგას და, როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ტერიტორიაზე დაახლოებით ათასი ჩინელი ცხოვრობს. ვცადეთ ჩინეთის მოქალაქეებთან გასაუბრება, მაგრამ უშედეგოდ - მათ არც ქართული, არც რუსული და არც ინგლისური არ იციან და, შესაბამისად, ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ „გამარჯობით“ და მომღიმარი სახეებით შემოიფარგლა.

აღსანიშნავია, რომ ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ხე-ტყის გადამამუშავებელი საამქრო და როგორც For.Ge-ს ერთ-ერთმა დასაქმებულმა განუცხადა, ადრე, საამქროდან, თვეში, ხუთი-ექვსი ტვირთმზიდით მასალა საზღვარგარეთ გაჰქონდათ, მაგრამ ამ დროისთვის, ეს პროცესი შეჩერებულია.

უნდა ითქვას, რომ ტერიტორიაზე ჩინეთის მოქალაქეების გარდა, ქართველებიც არიან დასაქმებულნი, რომელთაგან ზოგიერთი საკუთარი სამუშაოთი კმაყოფილია, ხოლო ზოგიერთი - უკმაყოფილო, რომლებმაც For.Ge-სთან საუბარში ყურადღება შრომის უფლებების დარღვევაზე გაამახვილეს.

„ვირული შრომა გვიწევს, რაშიც 280 ლარს გვიხდიან. წესით, 18:00 საათამდე უნდა ვიმუშაოთ, მაგრამ ზოგჯერ მეტ ხანს გვტოვებენ და სანაცვლოდ, ლარსაც არ გვიმატებენ. ზამთარში, ჩინეთიდან სტუმრები ჩამოუვიდათ და იმ აუზის გასუფთავება დაგვავალეს, სადაც თევზები ჰყავთ გაშვებული. სიცივეში აუზში ჩაგვყარეს და გაგვასუფთავებინეს, ამ დროს კი, წყალის დალევა რომ ვითხოვე, უარი მითხრეს. ვინც ხმა ამოიღო, ყველა სახლში გაუშვეს და იმის გამო, რომ სხვა სამუშაოს პოვნა დიდი პრობლემაა, ჩუმად ვართ“, - დასძინა სასტუმროში დასაქმებულმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა.

რისი გაკეთება იგეგმება მომავალ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში და ადგილზე რამდენი ადამიანი დასაქმდება, ამ ინფორმაციის მოპოვების მიზნით, თავდაპირველად, სასტუმრო „ხუალინის“ ჩინელ მენეჯერს მივმართეთ, რომელმაც ჩვენთან საუბარი არ ისურვა და იურისტ სოფიო ნუცუბიძესთან გადაგვამისამართა, რომელმაც ჩინელ მენეჯერთან გასაუბრების შემდეგ, გამოგვიცხადა, რომ „ამ დროისთვის, მათ კომენტარის გაკეთება არ სურთ“ და თავად დაგვიკავშირდებოდნენ.

უნდა აღინიშნოს, რომ შიდა პერიმეტრის მოპირკეთების პარალელურად, ჩინეთის მოქალაქეები, გარე პერიპეტრზე ღობეს აშენებენ, რომელსაც ყოფილი ავტოქარხნის ტერიტორიაზე მცხოვრებნი ჩინეთის კედელს უწოდებენ და ამბობენ, რომ ჩინელ ინვესტორებს კედლის შიგნით საცალფეხო ბილიკის მოქცევა სურდათ, თუმცა, საბოლოოდ, კედლის მიღმა ცაცხვის ხეები მოაქციეს და  ე.წ. ჩინეთის კედელს ინტენსიურ რეჟიმში აშენებენ. 

ამას გარდა, როგორც ადგილობრივებმა For.Ge-ს განუცხადეს, ჩინელ ინვესტორებს საბანკეტო დარბაზის კუთვნილი ტერიტორიაც გადასცეს, რომელიც მათი ცნობით, ქუთაისის ყოფილ მერს, ნუგზარ შამუგიას ჩამოართვეს.

„დარბაზი შამუგიამ და კიდევ ორმა პირმა ააშენეს, მაგრამ მათ ჩამოართვეს და ეს ტერიტორიაც ჩინელებს მიუერთეს“, - დასძინა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

შეემატება თუ არა ქუთაისს ჩინური თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, ეს მომავალში გამოჩნდება, მაგრამ ამ დროისთვის, ქუთაისის თიზ-ის ძირითადი ინვესტორი და პარტნიორია ეგვიპტური კომპანია „ფრეში“, რომელთანაც „ჯორჯიან ინტერნეიშნლ ჰოლდინგს“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აქვს გაფორმებული და რომელიც, საოჯახო ტექნიკას აწარმოებს.

შეგახსენებთ, რომ მეშვიდე მოწვევის პარლამენტმა თავისუფალი ინდუსტრიული ზონების (თიზ) შესახებ კანონი მიიღო, სადაც ნათქვამია, რომ 10 ჰექტარზე მეტ ტერიტორიაზე შესაძლოა შეიქმნას ასეთი ზონა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თავად მთავრობის ან იურიდიული და კერძო პირების ინიციატივის საფუძველზე. ამგვარ მულტისავალუტო ზონაში კი, მოქმედი უცხოური კომპანიები მოგებისა და ქონების გადასახადისგან გათავისუფლდებიან, ასევე მათ მიერ განხორციელებული ოპერაციები დამატებითი ღირებულების გადასახადით არ დაიბეგრება. ამასთან, თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან საქონლის იმპორტი დანარჩენ საქართველოში საბაჟო გადასახადისაგან გათავისუფლდება.

თავის დროზე, ოპოზიცია კანონის მიღებას იმ მოტივით ეწინააღმდეგებოდა, რომ თიზ-ი შესაძლოა ფულის გათეთრებისა და სხვა უკონტროლო ოპერაციების ტერიტორიად ქცეულიყო. თუმცა, წინა ხელისუფლება იწრმუნებოდა, რომ თიზ-ი ქვეყანას ეკონომიკურ ზრდას მოუტანდა.