„არიან ადამიანები, რომლებიც ხელებს აფათურებენ და რაგბის განვითარებას ხელს უშლიან“

„არიან ადამიანები, რომლებიც ხელებს აფათურებენ და რაგბის განვითარებას ხელს უშლიან“

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ყოფილ კაპიტანს, ირაკლი აბუსერიძეს, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად და გამგეობის ახალი წევრების რეგისტრაციაზე უარი ეთქვა.

საჯარო რეესტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ აბუსერიძის წარდგენილი დოკუმენტებით დგინდება, რომ კრებაზე, სადაც ის პრეზიდენტად აირჩიეს, საკმარისი კვორუმი არ იყო.

„2021 წლის 6 იანვარს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა ირაკლი აბუსერიძემ და მოითხოვა თავისი რეგისტრაცია „საქართველოს რაგბის კავშირის“ პრეზიდენტად და გამგეობის ახალ წევრად, ასევე, გამგეობის ახალი წევრების რეგისტრაცია. რაგბის კავშირის პრეზიდენტის, ასევე, გამგეობის წევრების არჩევის წესს განსაზღვრავს კავშირის წესდება, რომლის თანახმად, პრეზიდენტი აირჩევა კრებაზე, რომლის კვორუმია წევრთა ხმების 2/3 მაინც. ირაკლი აბუსერიძის მიერ წარდგენილი დოკუმენტებით კი დგინდება, რომ კრებაზე, სადაც იგი კავშირის პრეზიდენტად უნდა აერჩიათ, საკმარისი კვორუმი არ იყო.

აღნიშნულ ფაქტს პრეზიდენტობის კანდიდატი იმ მიზეზით ხსნიდა, რომ დეკემბერში გამართული კრება 2020 წლის თებერვალში კვორუმის არარსებობის გამო ჩაშლილი კრების განმეორებით კრებას წარმოადგენდა, თუმცა, კავშირის წესდება განმეორებით კრებას მხოლოდ მაშინ ცნობს, თუ იგი პირველი კრების გამართვიდან არაუგვიანეს 30 დღეში ჩატარდება. სინამდვილეში კი, კრება, რომელზეც აბუსერიძის პრეზიდენტად არჩევა განიხილებოდა, არა 30 დღის განმავლობაში, არამედ 30 დეკემბერს – 10 თვის შემდეგ ჩატარდა.

ამასთან, წესდებითაა განსაზღვრული, რომ განმეორებით კრებაზე მხოლოდ იმ საკითხების განხილვაა დასაშვები, რომლებიც პირველი მორიგი კრების დღის წესრიგით იყო გათვალისწინებული, ასევე, ამ ჩანაწერის უგულებელყოფით, წესდების საწინააღმდეგოდ, 30 დეკემბრის კრებაზე, რომელიც თითქოსდა განმეორებითი კრება უნდა ყოფილიყო, განიხილეს/კენჭი უყარეს რაგბის კავშირის გამგეობის ახალი წევრების არჩევას.

საჯარო რეესტრმა მისთვის კანონით დაკისრებული უფლება-მოვალეობების ფარგლებში, „საქართველოს რაგბის კავშირის“ წესდებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ირაკლი აბუსერიძეს უარი ეთქვა რაგბის კავშირის პრეზიდენტად რეგისტრაციაზე. ასევე, უარი ეთქვა გამგეობის ახალი წევრების რეგისტრაციაზე. ორივე შემთხვევაში კი, მიზეზი მხოლოდ ისაა, რომ არც პრეზიდენტობის და არც გამგეობის წევრობის კანდიდატებს არ მიუღიათ ხმების ის რაოდენობა, რაც წესდებითაა მოთხოვნილი“, - ნათქვამია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

For.ge დაინტერესდა როგორ გააგრძელებს ირაკლი აბუსერიძე პრეზიდენტობისთვის ბრძოლას. როგორც აბუსერიძემ ჩვენთან ინტერვიუს დროს განაცხადა, ის დანებებას არ აპირებს და სიმართლის დასადგენად სასამართლოში გადაინაცვლებს.

რაგბის კავშირის პრეზიდენტად რეგისტრაციაზე უარი გეთქვათ. საჯარო რეესტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საკმარისი რაოდენობის ხმები ვერ მოაგროვეთ. არ ეთანხმებით რეესტრის გადაწყვეტილებას?

- კვორუმის არასაკმარისი რაოდენობის არარსებობა ტყუილია. მეორე საკითხია - ყურადღება ფორსმაჟორულ სიტუაციაზე ჰქონდათ გამახვილებული. ამასობაში, მთავრობის მიერ დადგენილი ყველა რეგულაცია, პრეზიდენტის დეკრეტი და შეზღუდვების გათვალისწინებით, არჩევნები იმ ვადებში ჩატარდა, რა ვადებშიც უნდა ჩატარებულიყო. ამასთან, 42 სუბიექტიდან, 36 სუბიექტი თანახმა იყო, რომ არჩევნები 30 დეკემბერს ჩატარებულიყო. დღეს ეს ხალხი გამოდის და იძახის, რომ 30 დეკემბრის არჩევნები არალეგიტიმური იყოო.

ასევე, საჯარო რეესტრზეც მინდა ვისაუბრო. საჯარო რეესტრი გასცდა თავის კომპეტენციას, მოსამართლის მანტია მოირგო. მას შინაარსობრივად უფლება არ ჰქონდა ამ გადაწყვეტილების მიღების, მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის სამინისტროდან მოწვეულმა ნოტარიუსმა კრების ოქმი შინაარსობრივად დაამტკიცა. ეს ყველაფერი ნათლად ჩანს. არიან თანამდებობრივ პოზიციაზე მყოფი ადამიანები, რომლებიც თანამდებობას ბოროტად იყენებენ, ხელებს აფათურებენ და რაგბის განვითარებას ხელს უშლიან.

ხმის მიმცემი 36 სუბიექტი მაშინ თუ თანახმანი იყვნენ ახლა რატომ წავიდნენ თქვენს წინააღმდეგ და კონკრეტულად ვის არ აწყობს თქვენი გაპრეზიდენტება?

- ვის არ აწყობს და ვისაც პირადი ინტერესი უფრო მეტად აღელვებს, ვიდრე ქართული რაგბის განვითარება, ეს არის პრობლემა. ეს ხალხი მარტო ჩემს წინააღმდეგ კიარა, ქართული რაგბის წინააღმდეგ წავიდა. ეს არის ვიწრო ჯგუფი, რომლებიც გამგეობის წევრები იყვნენ და დღეს უკვე ყოფილი გამგეობის წევრები არიან. ისინი, ასევე, პასუხს არ დაელოდნენ და ყრილობა მოიწვიეს და მომდევნო არჩევნების თარიღი დანიშნეს, რომელიც ყველანაირ კანონს სცილდება. უკანონობის დაკანონება უნდათ. ამის უფლებას არ მივცემთ და სამართლებრივად ბრძოლას გავაგრძელებ.

ანუ აპირებთ, რომ სასამართლოში გადაინაცვლოთ და იქ გააგრძელოთ ბრძოლა?

- კი ბატონო, სამართლებრივად ბრძოლას გავაგრძელებთ.

საქმე სასამართლომდე, რომ არ მისულიყო, არ გიცდიათ, რომ მოლაპარაკება გაგემართათ თქვენს მოწინააღმდეგეებთან?

- მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ეს ბევრჯერ ვცადეთ. დღესდღეობით შესაძლებელია მოლაპარაკება დიდ დარბაზშიც წარიმართოს, დასვა კითხვა და პასუხიც მიიღო, თუმცა „ზუმის“ მეშვეობით ჩაატარეს გამგეობა, „ზუმის“ მეშვეობით სურთ, რომ შემდგომი ყრილობა გამართონ. ამ ადამიანებთან ლაპარაკი შეუძლებელია, რადგან სათქმელი არაფერი აქვთ და თავი გარეთ გამოსაყოფი არ აქვთ.

24 თებერვალს აირჩევენ პრეზიდენტს?

- 24 თებერვალს დაგეგმეს და აპირებენ, რომ პრეზიდენტი აირჩიონ. ვნახოთ, როგორ და რანაირად ჩატარდება.

როგორ აპირებთ ხელის შეშლას, აქციების გამართვასაც ხომ არ აპირებთ?

- ყველანაირად. რაგბის სამყაროში ახლა მონობა მეფობს და მონები წყვეტენ რაგბის ბედს. ვიღაცებს სურთ, რომ რაგბი საკუთარ შპს-დ აქციონ. თან ცდილობენ, რომ პრეზიდენტად „თოჯინა“ დასვან. ამას ვერ შევეგუებით. ამას მარტო მე კი არ ვამბობ, ჩემს უკან კიდევ ხალხი დგას. ჩათვალეთ, რომ 90%-ზე მეტი ჩემი მომხრეა - გუნდები, მოთამაშეები, მწვრთნელები. უბრალოდ, არის ხალხი, რომელსაც პირადი კომფორტი აინტერესებს. არიან ადამიანები, რომლებიც 6 წელი ამბობდნენ, რომ გოჩა სვანიძესთან ერთად ვიღებდით გადაწყვეტილებასო. დღეს, ეს ხალხი ცალკე გამოეყო და სხვა შეხედულებები გაუჩნდათ. კითხვა რომ ისმევა, პასუხი გაგცენ, მაგრამ პასუხები არ აქვთ. ზუსტად ამიტომ უნდათ, რომ ყველა დარღვევა მიჩქმალონ და არც პასუხს გვცემენ, გასაჯაროვება არ უნდათ. რაგბის ოჯახი გამჭირვალე უნდა იყოს. რაგბი ჩვენი თამაშია, ამიტომ ყველამ უნდა იცოდეს, რა პროექტები ხორციელდება, თითოეული ლარი რაში იხარჯება.

წარსულში „ბორჯღალოსნების“ კაპიტანი იყავით და კარგად იცით ნაკრების წევრობა რაც არის. ეს დაძაბულობა ეროვნული გუნდზე რამდენად აისახება?

- რა თქმა უნდა, ეს დაძაბულობა იმოქმედებს. თუმცა, მათმა ქმედებებმა ქართულ რაგბზე უკვე იმოქმედა. გუნდის კაპიტნები და ნაკრების ყველა მოთამაშე, რაგბის პოლიტიკაში არ ერევიან. თუმცა, ვეტერანი რაგბისტები, ყველა ჩემს მხარეს არის.

განათლების სამინისტროს სპორტი ცალკე გამოეყოფა. როგორ ფიქრობთ, ცალკე სპორტის სამინისტრო დაარეგულირებს რაგბის კავშირში მიმდინარე მოვლენებს?

- გამორიცხული არაფერია. იმედი მაქვს, რომ ახალი მინისტრი თავს უფრო უკეთ გაართმევს. როგორც ვიცი, თეა წულუკიანზეა საუბარი და ქალბატონი თეა საქმის პროფესიონალია. ყველა ნიუანსი რაც არის, რომელიც დაფარულია, გასაჯაროვდება და ყველას საკადრისი პასუხი გაეცემა.