ცნობილი ბრიტანელი მუსიკოსი სერ პოლ მაკარტნი წარმოშობით ლივერპულიდან ბრძანდება. სერ პოლი დრო და დრო მშობლიურ ქალაქს სტუმრობს და ცდილობს წელიწადში ერთი კონცერტი მაინც ჩაატაროს.
მიმდინარე წლის ივლისში მაკარტნი ლივერპულს კიდევ ერთხელ ესტუმრება და „ენფილდ როუდის“ სპორტულ სარბიელზე ერთ კონცერტს გამართავს.
ორი დღის წინ გამოცემამ „The Sun” საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. აღმოჩნდა რომ მისტერ პოლს თანაქალაქელების გარკვეული ნაწილი აუმხედრდა და მომავალი კონცერტის ჩაშლით დაემუქრა.
გამოცემის მტკიცებით, პოლ მაკარტნი ბავშვობის წლებიდან საფეხბურთო კლუბი „ევერტონის თავგამოდებული ქომაგია. რამდენჯერმე საყვარელ გუნდს გარკვეული ფინანსური დახმარებაც გაუწია.
ლივერპულს ორი საფეხბურთო კლუბი ჰყავს - „ლივერპული“ და „ევერტონი“. ამ გუნდების გულშემატკივრები ერთმანეთს ვერ იტანენ და ეს დაპირისპირება დიდი ხანია გრძელდება.
მოულოდნელად განგაში „ევერტონის“ თაყვანისმცემლებმა ატეხეს. ისინი წინააღმდეგი არიან რომ საყვარელმა მუსიკოსმა მოსისხლე მტერი - „ლივერპულის“ საშინაო არენაზე კონცერტი გამართოს.
ბოლო დღეების განმავლობაში ამ თემის ირგვლივ ლივერპულში დიდი დებატები მიმდინარეობს.
პოლემიკაში თავად სერ პოლიც ჩაერთო.
„მოუთმენლად ველი იმ დღეს, როდესაც კონცერტი გაიმართება. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად „ევერტონს“ ვგულშემატკივრობ, ღონისძიებას მაინც „ენფილდ როუდზე“ გავმართავ. თუ ამ ბრალდებით კედელთან მიმაყენებენ, მაშინ ვიტყვი, რომ მამაჩემი ევერტონში იყო დაბადებული. ამის წინააღმდეგ შეიძლება რამის თქმა?!“ - განაცხადა პოლ მაკარტნიმ.