ორი დღის წინ ინდურმა მას-მედიამ ერთი შეხედვით სენსაციური ცნობა გაავრცელა.
მოგეხსენებათ, ამჟამად გველის წელში ვიმყოფებით. რამდენიმე ათასმა ინდოელმა შემლოცველმა ეს ფაქტი სათავისოდ გამოიყენა.
ინდოეთის აღმოსავლეთით მომუშავე გველების შემლოცველებმა საპროტესტო აქცია ჩაატარეს. ამ ადამიანებმა 18 წლის წინანდელი კანონის შეცვლა მოითხოვეს, რომლის თანახმადაც მათ რეპტილიებით გამოსვლა ეკრძალებოდათ.
შემლოცველებმა ფლეიტების თანხლებით ქალაქ კალკუტის ქუჩებში ჩაიარეს.
ამ პიროვნების სახელი არ გაგიგიათ, მაგრამ დღეიდან აუცილებლად გეცოდინებათ. ბატონი რაქტი დასი ინდოეთის გველების შემლოცველების ფედერაციის ხელმძღვანელია.
რაქტი დასმა განაცხადა, რომ მთავრობამ ტრადიციული ხელოვნება ისევ უნდა დააკანონოს, რადგან თითქმის ორი ათეული წლის წინათ მიღებული კანონი მათ ცხოვრებისეულ მოწყობას საფრთხეს უქმნის.
ინდოელი გველების წარმოდგენის ლეგალიზაციის მომხრეები ასევე მოითხოვენ ქვეყნის ყველა კუთხეში გველის შხამის მიმღები პუნქტების გახსნას, რომელსაც შემდგომში სამედიცინო მიზნებით გამოიყენებენ.