დემოგრაფიული ვითარების შესაცვლელად დემოგრაფები ხელისუფლებას საოჯახო პოლიტიკის გატარების აუცილებლობაში არწმუნებენ. ძველი ხელისუფლება თავს დიდად არ იკლავდა ოჯახის ხელშემწყობი პოლიტიკის გატარებისგან. რა ვითარებაა ამ კუთხით ახალი ხელისუფლების პირობებში? როგორც დემოგრაფიული საზოგადოების თავმჯდომარე ავთანდილ სულაბერიძე ამბობს, მოსაზრებები და წინადადებები უკვე მიაწოდეს ახალ ხელისუფლებას, ახლა ჯერი კეთილ ნებასა და ბიუჯეტის შესაძლებლობაზეა. "ახალი თაობა" ამ პრობლემებთან დაკავშირებით ავთანდილ სულაბერიძეს ესაუბრა.
ავთანდილ სულაბერიძე:
- დავაყენე საკითხი, რომ არსებული ბიუჯეტის პირობებში შეიძლება ერთ წლამდე ასაკის ბავშვებზე ყოველთვიურად გაიცეს 20-30 ლარი, რაც დაახლოებით ჯდებოდა 20 მილიონი ლარი. ბიუჯეტში ეს ვერ მოძებნეს. იბადებოდა 62 ათასი ბავშვი სამი წლის წინ, ახლა 59 ათასზე დავიდა ეს ციფრი. კიდევ შემცირდება შობადობა. "ჩანერგილი" არ გეგონოთ, სიმართლეს ვლაპარაკობ და ვწუხვარ. მეორე - ქართლის დედის წოდება მიღებულია 1990 წელს. 1995 წელს, როდესაც პირველი ბიუჯეტი დგებოდა, ქართლის დედის წოდების მიმღებთათვის შეღავათები შევატანინეთ, ანუ ეს შეადგენს 3 ათას ლარამდე საშემოსავლო გადასახადებისაგან გათავისუფლებას წელიწადში. უმუშევრობის შემთხვევაში კი არავითარი დახმარება არ არის. ეს საგადასახადო კოდექსში დღესაც წერია. არ სრულდება, რადგან არავისთვის მიუნიჭებიათ ქართლის დედის წოდება. რატომ არ მიანიჭეს? იმიტომ, რომ დებულება არ შემუშავებულა.
- ვის უნდა მიენიჭოს ეს წოდება?
- მივაწოდე დებულება პარლამენტს, სადაც წერია, რომ ქართლის დედის წოდება ენიჭება 5 და მეტშვილიან დედას, რომელიც არ არის ნასამართლევი. ამასთან, უნდა იცოდეს სახელმწიფო ენა. ერთი მხრივ, ჩვენ პატივს მივაგებთ მრავალშვილიან დედებს და მეორე მხრივ, ვცდილობთ სახელმწიფო ენის განმტკიცებას. არ ვიცი, დღევანდელი პარლამენტი მიიღებს თუ არა ამას, მე ყოველი შემთხვევისთვის გადაგზავნილი მაქვს.
ახლა მოდის სამი მარტი, ბატონო! სამ მარტამდე შეიძლებოდა დებულების შემუშავება და ბიძინა ივანიშვილს ან პრეზიდენტს შეეძლო მიენიჭებინა ეს წოდება და გადაეცა მოწმობები მანდილოსნებისთვის. ზოგს სახელწოდება "ქართლის დედა" არ მოსწონს, როგორ შეიძლება სხვა ეროვნების ადამიანს მიენიჭოსო ქართლის დედის წოდება. რატომაც არ უნდა მივანიჭოთ?
- თქვენ დეკრეტულ შვებულებებზეც ამახვილებდით ყურადღებას!
- სასწრაფოდ არის მისახედი დეკრეტული შვებულებები. ოთხთვიანი შვებულება არ არის საკმარისი, რომ ნორმალურად, სრულფასოვნად გაიზარდოს ბავშვი ოჯახში. ამიტომ გვაქვს ჩვილთა მაღალი მოკვდაობა. ერთ წელზე ნაკლები არ უნდა იყოს ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება. გვეუბნებიან, რომ მეწარმეები ამის წინააღმდეგნი არიან. რატომ არიან წინააღმდეგნი, აბა, საკუთარ შვილზე წარმოიდგინონ ასეთი რამ! ეს უნდა იყოს საზოგადოების ერთიანი დაინტერესების, მონდომების საკითხი. საზოგადოება უნდა უჭერდეს ამას მხარს. ამასთან, ფეხმძიმე ქალს სამსახურში დაბრუნების გარანტია უნდა ჰქონდეს.
არის კიდევ ერთი საკითხი - დასაქმების დაზღვევა, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ სამსახურს დაკარგავს ადამიანი, ექვსი თვე იმას აუნაზღაურდეს საარსებო მინიმუმის ოდენობით. დღეს დაახლოებით 650 ათას კაცამდეა დასაქმებული, რომ ავიღოთ მათი ხელფასიდან 2 ლარი, თვეში მილიონ ორასი ათასი ლარი გამოვა. ეს ფონდი იქმნება, გარდა ამისა, ამ ფონდით შეიძლება გადამზადების ამოქმედება.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა ჯვრისწერის აღიარება სამოქალაქო ქორწინებად. როცა ჩვენ ვანგარიშობთ არარეგისტრირებულ ქორწინებაში დაბადებულთა რაოდენობას, მაღალი მაჩვენებლები გვაქვს. მაგალითად, 2008 წელს 54% იყო რეგისტრირებული ქორწინების გარეშე დაბადებული, რომელთაგან 48% იყო ჯვარდაწერილი. ანუ ჩვენთან 4-5%-ის
ფარგლებშია და 6%-მდეც ადის ქორწინების გარეშე შობადობა, ანუ მარტოხელა დედად რომ რჩება ქალბატონი. რეალურად 4-6 პროცენტია, ესენი გვიჩვენებენ გაზრდილ მაჩვენებლებს. როდესაც ამ ანალიზს აკეთებ, დემოგრაფიული ღონისძიებები გინდა გაატარო, ცოტა უხერხულია და ლამის ყოველი მეორე ბავშვი არარეგისტრირებული ქორწინებით იბადება, ცუდია.
- ქორწინების ასაკზე რას გვეტყვით?
- ქორწინების ასაკმა გადაიწია - 25 წელია ქალის, 28-29 წელია მამაკაცის. რატომ არის ასე? გასაგებია, ახალგაზრდებს განათლების მიღება, კარიერის აწყობა უნდათ, მაგრამ დგება საბინაო პრობლემაც. მრავალშვილიანმა ოჯახმა, 5-6 შვილი რომ ჰყავთ, 3 ოთახიან ბინაში როდემდე იცხოვროს? ეს საკითხები მოსაგვარებელია. წმინდა დემოგრაფიული პოლიტიკა ნიშნავს იმას, რომ ბავშვთა ყოლის მოთხოვნილება აამაღლო საზოგადოებაში. პატრიარქის მოწოდების შემდეგ, ხალხს მესამე ბავშვის ყოლის მოთხოვნილება გაუჩნდა. ან ჰქონდა მესამე შვილზე მოთხოვნილება, მაგრამ უკეთესი მერმისისთვის აპირებდა გადავადებას. შეიძლება საერთოდ აღარ გაეჩინა მესამე და მეოთხე შვილი, რომ არა პატრიარქი. პატრიარქმა დააჩქარა ეს და უცებ, ჯერ 57 ათასზე ავიდა შობადობა, შემდეგ, უცებ - 63 ათასზე. მესამე შვილთა ხვედრითი წილი 4 პროცენტით გაიზარდა, 10%-დან 14%-ს მიაღწია. ეს საკმაოდ კარგი შედეგია. ამას არ უნდა რეკლამირება? არ უნდა გამყარება სახელმწიფოს მხრიდან? ეკლესია ამ კუთხით იბრძვის, სახელმწიფო ამას არ ეხმიანება. პრეზიდენტის გამოსვლა რომ იყო, მესამე-მეოთხე შვილზე 1000-2000 ლარს რომ აძლევდა თითქოს, ეს პიარი იყო, ასე არ გვინდა. ველოსიპედიანი ნანუკა რომ ჰკიდია ბილბორდებზე, დავდოთ იქ პატრიარქის სურათი, რომელიც ბავშვს ნათლავს. სოფლებში გავავრცელოთ ასეთი სურათები.
შობადობის შემცირება კანონზომიერი პროცესია. ეს ყველა ქვეყანაში კანონზომიერი პროცესია, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვილთა მოკვდაობის შემცირების შანსი. როცა 23-25 პრომილემდეა ჩვენთან ჩვილთა მოკვდაობა, ევროპის ქვეყნებში კი 4-7 პრომილეს შორის მერყეობს, ეს დიდი რეზერვია ჩვენთვის. ახლა 1000-1200 ბავშვის რეზერვია. შობადობის შემცირება ცივილიზაციის შედეგია. ქალი, რომელიც მუშაობს, 27-30 წლის რომ თხოვდება, ჯერ ქონებას აგროვებს და შემდეგ გადის საქორწინო ბაზარზე, უკვე ვეღარ პოულობს სასურველ მამაკაცს.
- ანუ საქართველოში სასიძოთა ნაკლებობაა?
- რა თქმა უნდა, 28-30 წლის შემდეგ ასეა.
- მთავარი მიზეზი სასიძოთა საზღვარგარეთ გადინებაა თუ კიდევ სხვა რამ?
- საზღვარგარეთ გადინებაც არის და მეორე - ქალებმა უფრო მოინდომეს კარიერის აწყობა, ვიდრე მამაკაცებმა. მიდიხართ სასწავლებლად საზღვარგარეთ, ჩამოხვალთ 30 წლის ასაკში, გეყოლებათ კარგი მანქანა, იყიდით ბინას, გაქვთ კარგი ხელფასი, მაგრამ გახვალთ საქორწილო ბაზარზე და ისეთი ტიპის მამაკაცი, როგორიც მოგწონდათ, უკვე დაკავებულია. მერე ქალი იწყებს ბრძოლას მამაკაცისთვის სამსახურში, ცოლიანი შეუყვარდება, ეს განქორწინებებს იწვევს... ეს არის დემოგრაფიული გადასვლის ელემენტი, რომელიც თეორიულად შემუშავებულია და კონცეფციაც არსებობს. საქართველოშიც შემოვა უკვე.
- ამ აზრს თუ გავყვებით, მრავალცოლიანობაც შეიძლება შემოვიდეს მოდაში?
- მრავალცოლიანობის რა გითხრათ, მაგრამ, მე რომ მკითხოთ, ერთ ცოლთან რომ ბედნიერი ხარ, მეორესთან ხომ ორჯერ ბედნიერი იქნები! მოკლედ, ეს საკითხებია მოსაგვარებელი - ახალგაზრდობისადმი ხელშეწყობა, საბინაო პრობლემის გადაწყვეტა, გრძელვადიანი კრედიტის მიცემა ახალგაზრდებისთვის. თუ ისინი დაქორწინდებოდნენ და იყოლიებდნენ შვილს, პირველ ბავშვზე კრედიტს მოკლებოდა 20 პროცენტი, მეორე შვილზე - 30 პროცენტი, მესამე შვილის შემთხვევაში, საერთოდ გათავისუფლებულიყვნენ გადასახადისგან, კარგი იქნებოდა. ამის შემუშავება შეიძლება. რიგ ქვეყნებში ეს მუშაობს. შეიძლება შობადობის მხრივ დიდი შედეგები არ იყოს, მაგრამ სოციალური ეფექტი დიდია. პრობლემაა კიდევ ის, რომ ყველას თბილისში უნდა ცხოვრება. უნდა მოხდეს დეურბანიზაციის დაწყება. ეს უნდა მოხდეს მცირე და საშუალო ზომის საწარმოების რეგიონებში გადატანით. საშუალო და პატარა ქალაქების განვითარებას უნდა შეეწყოს ხელი, როგორიცაა ხაშური, ზესტაფონი, აბაშა, რათა მიიზიდოს მოსახლეობა და არ მოხდეს მოსახლეობის მხოლოდ თბილისში, ქუთაისში თუ რუსთავში წამოსვლა.
- თქვენ საპენსიო ასაკის დაწევისკენ მოუწოდებდით ხელისუფლებას, როგორც ჩანს, ეს საკითხი არ დადგება ახლო მომავალში დღის წესრიგში!
- მიმაჩნია, რომ საქართველოში საპენსიო ასაკი ძალიან მაღალია მამაკაცებისთვის. როდესაც ჩვენთან მამაკაცთა სიცოცხლის ხანგრძლივობა 68 წელს შეადგენს, შეფასებითი მაჩვენებელი კი - 65,7 წელს შეადგენს და პენსიაზე 65 წლის ასაკში გადის, სტატისტიკური გაანგარიშებით დაახლოებით მხოლოდ 7 თვე ცოცხლობს. რა გამოდის? ქალთა სიცოცხლის ხანგრძლივობა უფრო მაღალია, სამაგიეროდ პენსიაზე 5 წლით ადრე გადიან. ადრე რომ იყო საპენსიო ასაკი 55-59 წლამდე, ჩვენ ვიჩქარეთ ამის გადმოტანა ფინანსური კრიზისის გამო, მაგრამ ახლა ეს უნდა გამოსწორდეს. მამაკაცთათვის საპენსიო ასაკის დაწევა პრობლემა არ იქნებოდა. მოიძებნებოდა ბიუჯეტში ის თანხა, რომ მათთვის ადრე მიგვეცა პენსია.
- საყოველთაო აღწერაზე რას გვეტყვით?
- ამისათვის მოსახლეობა უნდა მომზადდეს. სიმართლე გითხრათ, არ დავინტერესებულვარ, როგორ აპირებს ამის გაკეთებას სტატისტიკის დეპარტამენტი. თუ 2002 წლის მსგავსად ჩატარდა, ჯობს საერთოდ არ ჩაატარონ. ტელეფონით რომ ეკითხებოდნენ, სად ცხოვრობ, როგორ ცხოვრობო. ზოგი ელიავაზე წავიდა და იქ გამოკითხა ჭიათურელი, ასე არ შეიძლება.