ოფიციალური პარიზი გერმანიის ხელისუფლებას მოუწოდებს, უარი თქვას „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის პროექტზე

ოფიციალური პარიზი გერმანიის ხელისუფლებას მოუწოდებს, უარი თქვას „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის პროექტზე

ალექსეი ნავალნის დაპატიმრების ფონზე ოფიციალური პარიზი გერმანიის ხელისუფლებას მოუწოდებს, უარი თქვას „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის პროექტზე. ამის შესახებ ევროპის საკითხებში საფრანგეთის სახელმწიფო მდივანმა, კლემან ბონმა განაცხადა.

„სანქციები უკვე მივიღეთ, შეიძლება სხვა სანქციების მიღებაც, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ეს საკმარისი არ არის. ვფიქრობ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადის“ ვარიანტი ის ვარიანტია, რომლის განხილვაც აუცილებელია. ეს დღეს გერმანიის გადაწყვეტილებაა, რადგან ეს გაზსადენია, რომელიც გერმანიაზე გადის. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ დიდი ეჭვები გვაქვს ამ პროექტთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ევროპის საკითხებში საფრანგეთის სახელმწიფო მდივანმა.

ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვას, უჭერს თუ არა საფრანგეთის ხელისუფლება მხარს „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის პროექტზე უარის თქმას, კლემან ბონმა უპასუხა: „დიახ, მხარს უჭერს“.

„ჩრდილოეთის ნაკადი-2“ კიდევ ერთი გაზსადენის, „ჩრდილოეთის ნაკადი-1“-ის „ტყუპისცალია“, რომელიც 2012 წლიდან ამოქმედდა. ორივე მილსადენი გათვლილია 55 მილიარდი კუბომეტრი გაზის მიწოდებაზე ლენინგრადის ოლქიდან გერმანიაში ბალტიის ზღვის გავლით. 55 მილიარდი კუბომეტრი - ეს არის ევროპაში რუსული გაზის მთლიანი ექსპორტის მეოთხედზე მეტი. პროექტის აქციათა საკონტროლო პაკეტი რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „გაზპრომს“ ეკუთვნის. მასში მონაწილეობენ ევროპული ენერგეტიკული კომპანიებიც.