გაეროს გენერალური მდივანი: მიანმარში განვითარებული მოვლენები დემოკრატიულ რეფორმებს ძირს უთხრის

გაეროს გენერალური მდივანი: მიანმარში განვითარებული მოვლენები დემოკრატიულ რეფორმებს ძირს უთხრის

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში მიანმარში განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

„გენერალური მდივანი მტკიცედ გმობს მიანმარის პრეზიდენტის, ვინ მიინის, მმართველი პარტიის ხელმძღვანელის, აუნ სან სუ ჩისა და სხვა პოლიტიკური ლიდერების დაკავებას. ის სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს იმ ფაქტის გამო, რომ სამხედროებმა ხელში ჩაიგდეს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებები. მიანმარში განვითარებული მოვლენები დემოკრატიულ რეფორმებს ძირს უთხრის“, - ნათქვამია გაეროს გენერალური მდივნის განცხადებაში.

მიანმარში სამხედროებმა სახელმწიფო მრჩეველი, აუნ სან სუ ჩი და ქვეყნის პრეზიდენტი, ვინ მიინი დააკავეს. სამხედროებმა ქვეყანაში ერთწლიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. სატელევიზიო მიმართვაში სამხედროებმა განაცხადეს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება საპარლამენტო არჩევნების გაყალბების გამო მიიღეს. სამხედროებმა ასევე აღნიშნეს, რომ ძალაუფლება შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, გენერალ მინ აუნ ხლაინს გადაეცემა, ხოლო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ვიცე-პრეზიდენტი, მიინტ შვე დანიშნეს.

2020 წლის 8 ნოემბერს მიანმარში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, რომელშიც „დემოკრატიისთვის ეროვნული ლიგის“ პარტიამ გაიმარჯვა. „სოლიდარობისა და განვითარების პარტიამ“, რომელსაც მხარს სამხედროები უჭერენ, პარლამენტში მინიმალური რაოდენობის მანდატები მიიღო.