ამირან გამყრელიძე: ძალიან მძიმე მეორე ტალღა გვქონდა, არ ვისურვებდი მსგავსი მესამე ტალღა ჩვენმა ქვეყანამ კიდევ გაიაროს

ამირან გამყრელიძე: ძალიან მძიმე მეორე ტალღა გვქონდა, არ ვისურვებდი მსგავსი მესამე ტალღა ჩვენმა ქვეყანამ კიდევ გაიაროს

ჩვენ ძალიან მძიმე მეორე ტალღა გავიარეთ და არ ვისურვებდი, რომ ჩვენმა ქვეყანამ კიდევ ასეთი მძიმე მესამე ტალღა გაიაროს, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„მიუხედავად იმისა, რომ ახლა ჩვენთან სიტუაცია სტაბილიზირდება და ყველა მაჩვენებელი მცირდება. მესმის ყველას მდგომარეობა, რესტორნების, სამთო ბიზნესის, მაგრამ ჩვენ რომ ყველაფერი ერთიანად გავხსნათ, იგივე იქნება, რაც ნოემბერ-დეკემბერში გვქონდა. მე ამას არ ვისურვებდი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

რა შეზღუდვები რჩება ძალაში და რა იხსნება 1-ლი თებერვლიდან. სრულად

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 256 956 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 247 096. გარდაიცვალა 3 148 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსი გუშინ 723 ადამიანს დაუდასტურდა, 932 გამოჯანმრთელდა, 19 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.