ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი და ხელისუფლებაზე საზოგადოების ზეწოლის შედეგი, - ასე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, სერგო ჩიხლაძე დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებული, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების ფაქტს გამოეხმაურა.
„თუმცა პოლიტპატიმრების პუნქტში რჩება კიდევ ერთი პოლიტპატიმარი, გიორგი რურუა, რომლის საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
28 იანვარს, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლო დარბაზიდანვე გათავისუფლდნენ. მათ სასამართლომ გირაო შეუფარდა.
13 იანვარს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის მიმართ გამოძიება დაასრულა, საქმის არსებითი განხილვა უკვე სასამართლოში გაგრძელდება. 21 იანვარს პროკურატურამ ამავე საქმეზე მოპოვებული ფარული ვიდეო- და აუდიოჩანაწერები გამოაქვეყნა.
სასმართლომ გიორგი რურუას 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა და იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ნაწილში დამნაშავედ ცნო.
გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.