გია ვოლსკი: მთელმა რიგმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა დიდი ტაშითა და აღფრთოვანებით მიიღეს ის განცხადება, რომ დავით გარეჯი საქართველოს არ ეკუთვნის

გია ვოლსკი: მთელმა რიგმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა დიდი ტაშითა და აღფრთოვანებით მიიღეს ის განცხადება, რომ დავით გარეჯი საქართველოს არ ეკუთვნის

აღმაშფოთებელია და ვფიქრობ სრული ლუსტრაციაა ის, რომ მთელმა რიგმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა განსაკუთრებით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დიდი ტაშითა და აღფრთოვანებით მიიღეს ის განცხადება, რომ დავით გარეჯი საქართველოს არ ეკუთვნის, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ივერი მელაშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, ივერი მელაშვილი თავის განცხადებებში საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ, პოლიტიკური პარტიების მიერ, სრულად მხარდაჭერილია.

„აღმაშფოთებელია და ვფიქრობ სრული ლუსტრაციაა ის, რომ მთელმა რიგმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა განსაკუთრებით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დიდი ტაშითა და აღფრთოვანებით მიიღეს ის განცხადება, რომ დავით გარეჯი საქართველოს არ ეკუთვნის, არავითარ რუკებზე ან რაიმე საკითხებზე რაც პროფესიონალურ ნაწილს ეხება საუბარი არ არის. ივერი მელაშვილი არის სრულად მხარდაჭერილი თავის განცხადებებში საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მნიშვნელოვანი რაოდენობის პოლიტიკური პარტიების მიერ. ეს არის ფაქტი და ამ ფაქტს თვალი უნდა გავუსწოროთ“, - განაცხადა ვოლსკიმ.

დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულმა ივერი მელაშვილმა განაცხადა, რომ დავით გარეჯის კომპლექსის საქართველოსთვის კუთვნილების საფუძველი არ არსებობს.

„როგორ არის შენი, როდესაც არ არის შენი. არ გაქვს ამის საფუძველი და ვიღაცის იქ უკაცრავად და ბერი იქნება თუ ერის წარმომადგენელი იქნება თუ ზოგი მივა და კელიებთან პოზირებას დაიწყებს, ამის გამო ეუბნები, რომ ჩემია. არ არის სწორი, არ არის შენი“, - განაცხადა ივერი მელაშვილმა.

28 იანვარს, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლო დარბაზიდანვე გათავისუფლდნენ. მათ სასამართლომ გირაო შეუფარდა.

13 იანვარს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების, ნატალია ილიჩოვასა​ და ივერი მელაშვილის მიმართ გამოძიება დაასრულა, საქმის არსებითი განხილვა უკვე სასამართლოში გაგრძელდება. 21 იანვარს პროკურატურამ ამავე საქმეზე მოპოვებული ფარული ვიდეო- და აუდიოჩანაწერები გამოაქვეყნა.