ხათუნა გოგორიშვილი: მოლაპარაკებებთან მიმართებაში, კარტოგრაფების გამოშვება არაფერს ცვლის

ხათუნა გოგორიშვილი: მოლაპარაკებებთან მიმართებაში, კარტოგრაფების გამოშვება არაფერს ცვლის

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ხათუნა გოგორიშვილის თქმით, კარტოგრაფების გამოშვება სასიხარულოა, მაგრამ მოლაპარაკებებთან მიმართებაში, ეს არაფერს ცვლის, რადგან სხვა მოთხოვნები, რაც დაკავშირებულია გიორგი რურუას გათავისუფლებასთან, საარჩევნო რეფორმასთან და ვადამდელ არჩევნებთან, უცვლელია.

„მოლაპარაკებისთვის ოპოზიციის მხრიდან რამდენჯერმე და ორი დღის წინ, კიდევ ერთხელ, დაფიქსირდა კონკრეტული საკითხები. გარდა იმისა, რომ პოლიტპატიმრები უნდა გამოუშვან დ ალბათ ყველამ კარგად იცით, რომ გიორგი რურუა ჯერჯერობით ისევ ციხეშია და პოლიტპატიმარია, ასევე აუცილებელია საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება. ასე, რომ მოლაპარაკებებთან მიმართებაში, კარტოგრაფების გამოშვება, რაც ძალიან კარგია და სასიხარულოა, ნამდვილად არაფერს ცვლის, იმიტომ, რომ საკითხები დღის წესრიგში რაც იყო, იგივე რჩება, არცერთი საკითხი, რომელსაც ოპოზიცია ითხოვს, დახურული არ არის. არ შეიძლება, თავმოყვარე ადამიანმა ეს საკითხი პარლამენტში შესვლისთვის დამატებით არგუმენტად გამოიყენოს. თუ ვინმეს პარლამენტში შესვლა უნდა, დღეს ცუდი ამინდია და ხვალ კარგი ამინდი იქნება ესეც საკმარისი იქნება იმისთვის, რომ შევიდეს და „ქართულ ოცნებასთან“ ერთად დაჯდეს ერთპარტიულ პარლამენტში. ეს არის „ქართული ოცნების“ სცენარი და თამაში. ვინც ამ თამაშში მონაწილეობს, ისინი „ქართული ოცნების“ ნაწილი არიან“ - განაცხადა გოგორიშვილმა.

28 იანვარს, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლო დარბაზიდანვე გათავისუფლდნენ. მათ სასამართლომ გირაო შეუფარდა.

13 იანვარს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების, ნატალია ილიჩოვასა​ და ივერი მელაშვილის მიმართ გამოძიება დაასრულა, საქმის არსებითი განხილვა უკვე სასამართლოში გაგრძელდება. 21 იანვარს პროკურატურამ ამავე საქმეზე მოპოვებული ფარული ვიდეო- და აუდიოჩანაწერები გამოაქვეყნა.