"როცა 4-5 დღე დარჩა ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტამდე, ილიჩოვა-მელაშვილის გათავისუფლება კონკრეტული პარტიებისთვის პარლამენტში შესვლის მოწოდებისკენაა მიმართული"

არსებულ პოლიტიკურ რეალობაში ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გამოშვება პოლიტიკური გადაწყვეტილების გარდა, სხვაგვარად ვერ აღიქმება. როგორ შეიძლება აღიქვა სხვაგვარად როდესაც 10 დღის წინ საუბარი იყო ელისაშვილისა და ხელისუფლების შეხვედრაზე, - ამის შესახებ ექსპერტმა ვახტანგ ძაბირაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე საუბრისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, სიტუაციაში, როდესაც ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტამდე 4-5 დღე დარჩა, „ქართული ოცნების“ მოქმედებები და მათ შორის, ილიჩოვა - მელაშვილის გათავისუფლება კონკრეტული პარტიებისთვის პარლამენტში შესვლის მოწოდებისკენ არის მიმართული.

„10 დღის წინ ხელისუფლებასა და ელისაშვილის შეხვედრის შემდეგ იყო საუბარი, რომ პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით პროცესი დაიძრა და ამ მხრივ გადაიდგმებოდა გარკვეული ნაბიჯები. ხელისუფლებას ამ ეტაპზე ასეთი ნაბიჯი უნდა გადაედგა, უფრო მეტზე ის ვერ წავიდოდა. თუ სასამართლო გამოიტანდა გამამართლებელ განაჩენს ეს იქნებოდა პირდაპირი აღიარება, რომ ეს ხალხი დააკავეს უკანონოდ და რეალური ბრალდებების გარეშე. პრობლემა ის არის, რომ ყველაფერი ძალიან უდროო დროს მოხდა და კითხვის ნიშნები გააჩინა.

ამ სიტუაციაში, როდესაც 4-5 დღე დარჩა ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტამდე, „ქართული ოცნების“ მოქმედებები და მათ შორის, ილიჩოვა - მელაშვილის გათავისუფლება კონკრეტული პარტიებისთვის პარლამენტში შესვლის მოწოდებისკენ არის მიმართული. რამდენად გამოიღებს ეს შედეგს ვერ გეტყვით, ეს საკმაოდ სახიფათო თამაშია ალეკო ელისაშვილისთვისაც და „გირჩისთვისაც“. პარლამენტში შესვლით გარკვეული პროცესები იწყება და გასათვლელია პერსპექტივაში რა შედეგს მოუტანს ეს როგორც პოლიტიკურ ჯგუფს, ელისაშვილს და ასევე „გირჩს“. „გირჩის“ პოზიცია უფრო გამოკვეთილია, მაგრამ ელისაშვილმა სამოქმედოდ უფრო დიდი დიაპაზონი დატოვა. თუ დანარჩენ ოპოზიციას უარი უთხრეს თებერვალში, ელისაშვილს აქვს თავისუფალი მოქმედების საშუალება, მას შეუძლია პარლამენტში შესვლა გადაავადოს და რაღაცები კიდევ მოითხოვოს“, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გუშინ გაათავისუფლეს. მოსამართლე ლელა კალიჩენკომ დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 20 000 - 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა.