ოპოზიციისთვის მანდატების შეწყვეტის თაობაზე მმართველ გუნდში დისკუსია ბოლო წუთამდე გაგრძელდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, კონსულტაციები გაგრძელდება და იმ დროს, როდესაც ეს საკითხი დაისმება დღის წესრიგში, მიიღება გადაწყვეტილებები. მისივე განმარტებით, ოპოზიციის მოთხოვნა ხელახალ არჩევნებზე საფუძველს მოკლებულია და შესაბამისად, ამაზე საუბარი შეუძლებელია.
„იმედი მაქვს, ვიხილავთ მეტ ოპოზიციურ პარტიას საქართველოს პარლამენტში. მოლაპარაკებების პროცესშიც საკმაოდ ნათლად წარმოჩინდა, რომ ოპოზიციის მხრიდან წამოყენებული მოთხოვნა ხელახალ არჩევნებთან დაკავშირებით არის საფუძველს მოკლებული. თუ ოპოზიციას რეალურად სურს არა დესტაბილიზაცია და არეულობა, ის, რაც მოსახლეობისთვის არაა პრიორიტეტი, ბუნებრივია, უნდა გამოხმაურებოდა ჩვენს შეთავაზებას, რომელიც გულისხმობდა ყველა შესაძლებლობის გაჩენას იმისთვის, რომ თუ არჩევნების მართლზომიერად ჩატარებასთან დაკავშირებით ვინმეს რაიმე კითხვის ნიშანი გააჩნდა, საამისოდ გამოეყენებინათ ჩვენი შეთავაზება. ამასთან დაკავშირებით ვიხილეთ მკაცრად უარყოფითი პოზიცია. ყველა მცდელობა, რომ ეს არიდებული ყოფილიყო და შესაბამისად, არ დადგენილიყო ჭეშმარიტება და დარჩენილიყო დისკუსიის იგივე რეჟიმი“, - განაცხადა სარჯველაძემ.