ინფექციონისტ, ალექსანდრე გოგინავას შეფასებით, რეგულაციების ერთბაშად მოხსნა დიდ რისკებს შეიცავს. ამის შესახებ მან „ქრონიკას“ განუცხადა.
„არის საშიაშროება, რომ ეპიდსიტუაცია გაუარესდეს, მოიმატოს ახალი შემთხვევების რაოდენობამ, რაც შემდეგ შეიძლება გადაიზარდოს კლინიკური სექტორის გადატვირთვაში, როგორც იყო შემოდგომასა და ზამთარში. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეგულაციები ეტაპობრივად მოიხსნას, მანამდე, რა თქმა უნდა, გეგმას უნდა მივყვეთ“, - აღნიშნა ალექსანდრე გოგინავამ.
საქართველოში გუშინ კორონავირუსი კიდევ 723 ადამიანს დაუდასტურდა, 932 გამოჯანმრთელდა, 19 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.