„გამოვიყენებთ ნებისმიერ ფორმატსა და შესაძლებლობას, რომ დისკომფორტი შევუქმნათ მათ საქმიანობას, განცხადებას და დავუპირისპიროთ სიმართლე, რომელიც საქართველოს მხარეზეა“, - ამის შესახებ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა კახა კუჭავამ „ქრონიკას“ განუცხადა მას შემდეგ, რაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის დელეგაციას უფლებამოსილება არ შეუწყვიტა.
„ჩვენ ვითხოვდით რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას. მკაფიოდ გაჟღერდა და ყველა აღიარებს, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია და რუსეთი განაგრძობს ყირიმის ანექსიას. დღეს უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ დღეს უფრო მნიშვნელოვანია აქ წარმოდგენილი იყოს, დიალოგის ფორმატში გააგრძელონ მათთან საუბარი და მათ არგუმენტებს მოუსმინონ.
ჩვენი მხრიდან ძალიან მკაფიო იყო დასაბუთება. ჩვენ ხაზი გაუსვით შეუსრულებელ ვალდებულებებს, ვისაუბრეთ ფუნდამენტური პრინციპების დარღვევაზე. ჩვენ გვსურდა და ეს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ ყველაფრის თაობაზე კიდევ ერთხელ შეგვეხსენებინა ყველასთვის. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ამჯერადაც რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა. ჩვენ არ შევაჩერებთ ბრძოლას. გამოვიყენებთ ნებისმიერ ფორმატსა და შესაძლებლობას, რომ მათ დისკომფორტი შევუქმნათ მათ საქმიანობას, განცხადებას და დავუპირისპიროთ სიმართლე, რომელიც საქართველოს მხარეზეა“, - განაცხადა კახა კუჭავამ.