თეა წულუკიანი: სამშობლო, მისი ტერიტორიები და საზღვარი გაცილებით მაღლაა, ვიდრე ნებისმიერი მოლაპარაკებები 5 და 10 პარტიას შორის

თეა წულუკიანი: სამშობლო, მისი ტერიტორიები და საზღვარი გაცილებით მაღლაა, ვიდრე ნებისმიერი მოლაპარაკებები 5 და 10 პარტიას შორის

„სამშობლო, მისი ტერიტორიები და საზღვარი გაცილებით მაღლაა, ვიდრე ნებისმიერი მოლაპარაკებები 5 და 10 პარტიას შორის“, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ჰკითხეს, იმოქმედებს თუ არა პოლიტიკურ პროცესზე პროკურატურის მიერ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის გირაოს შუამდგომლობა.

„სპეკულაციებია იმის შესახებ, რომ დავით გარეჯის საქმე და ამ ორი პირის პატიმრობა იყოს მიბმული მოლაპარაკებების გარკვეულ რაუნდებთან, ეს ასე არ არის, ვერ იქნება და „ქართული ოცნების“ მომლაპარაკებლების და მთლიანი გუნდის პოზიცია ეს არასდროს არ ყოფილა.

იმიტომ, რომ სამშობლო, მისი ტერიტორიები და საზღვარი გაცილებით მაღლაა, ვიდრე ნებისმიერი მოლაპარაკებები 5 და 10 პარტიას შორის. შესაბამისად, ეს ორი აბსოლუტურად სხვადასხვა თემაა“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

გენერალურ პროკურატურაში დავით გარეჯის საქმეზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი მანჯგალაძე უკვე მესამედ იკითხება.

13 იანვარს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების, ნატალია ილიჩოვასა​ და ივერი მელაშვილის მიმართ გამოძიება დაასრულა, საქმის არსებითი განხილვა უკვე სასამართლოში გაგრძელდება. 21 იანვარს პროკურატურამ ამავე საქმეზე მოპოვებული ფარული ვიდეო- და აუდიოჩანაწერები გამოაქვეყნა.