ირაკლი ღარიბაშვილი: ბიძინა ივანიშვილი იყო არა მარტო ჩვენი გუნდის, არამედ ზოგადად ქვეყნის სტაბილურობისა და მშვიდობის გარანტი

ირაკლი ღარიბაშვილი: ბიძინა ივანიშვილი იყო არა მარტო ჩვენი გუნდის, არამედ ზოგადად ქვეყნის სტაბილურობისა და მშვიდობის გარანტი

„ქართული ოცნება“ შექმნილია ბიძინა ივანიშვილის მიერ. ის არის ჩვენი დამფუძნებელი, ლიდერი და საერთოდ ყველა გამარჯვება, რომელიც ჩვენმა გუნდმა ამ წლების განმავლობაში მოიპოვა, რა თქმა უნდა, მისი დამსახურებაა, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა რადიო იმედის გადაცემა „კვირის პოლიტიკაში“ ისაუბრა.

მისივე თქმით, 2012 წლის 1-ელი ოქტომბერი ბიძინა ივანიშვილის გარეშე არ შედგებოდა.

„1-ელი ოქტომბრის გარდა, ყველა არჩევნები, რომელიც მოიგო ჩვენმა გუნდმა, ბიძინა ივანიშვილის დამსახურება. აქედან გამომდინარე, ჩვენ კარგად გვესმის, როდესაც ასეთი მასშტაბური ლიდერი მიდის პოლიტიდან და ტოვებს გუნდს, ეს არის ჩვენთვის გამოწვევა. მეორეს მხრივ, ეს არის ჩვენი გუნდის გამოცდა“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

მისივე თქმით, გუნდის თითოეულ წევრს ეს პასუხისმგებლობა კარგად აქვს გააზრებული.

„ბიძინა ივანიშვილი იყო არა მარტო ჩვენი გუნდის, არამედ ზოგადად ქვეყნის სტაბილურობისა და მშვიდობის გარანტი. სწორედ მისი მმართველობის შედეგია, რომ ქვეყანაში გვაქვს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა. ვაღიაროთ, რომ ასეთი მშვიდობა და ასეთი უპრეცედენტო დემოკრატია არ გვქონია მას შემდეგ, რაც საქართველო გახდა დამოუკიდებელი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გადაცემაში სტუმრობისას თავდაცვის მინისტრმა ბიძინა ივანიშვილის მთავარ მიღწევაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი დემოკრატიული ინსტიტუტები და ის მყარი საფუძველია, რომელიც მან ქვეყანაში შექმნა.

„ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი და მიღწევაა, დემოკრატიული ინსტიტუტები და ის მყარი საფუძველი, რომელიც მან შექმნა ამ ქვეყანაში. ევროკავშირის მიმართულებით უპრეცედენტო და მნიშვნელოვანი, ხელშესახები პროგრესი, რომელიც ყველამ ერთად გამოვცადეთ, ვგულისხმობ ასოცირების ხელშეკრულებას, ვიზა ლიბერალიზაციას, რომლის საფუძველზე ჩვენ უვიზოდ ვმოგზაურობთ”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მემკვიდრეობა, მას შემდეგ, რაც იგი გავიდა პოლიტიკიდან, არის გამართული დემოკრატიული ინსტიტუტები, უწყებები, დაბალანსებული ძალაუფლება და ხელისუფლება, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი გრძელვადიანი მშვიდობიანი განვითარებისთვის. ერთ კაცზე აგებული მმართველობა დაამსხვრია ბიძინა ივანიშვილმა. დღეს გვაქვს ჰარმონიული ბალანსი, რომელიც დატოვა ბიძინა ივანიშვილმა”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა რადიო იმედში გადაცემა „კვირის პოლიტიკაში“ სტუმრობისას.