ჩვენ შეიძლება გვქონდეს საერთო საქმე და ერთმანეთს დაველაპარაკოთ იმაზე, ღირს თუ არა ქვეყნის დანგრევა იმაზე, რომ გაჯიუტებულები ვართ და ასე ვეჯიბრებით ერთმანეთს ადამიანების ხარჯზე, რომლებიც ქვეყანაში ცხოვრობენ, - ამის შესახებ იაგო ხვიჩიამ „TV პირველის“ ეთერში „გირჩის“ მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაციის შესაძლებლობის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
„ჩვენ გვინდა დაველაპარაკოთ. ავუხსნათ, რა შეიძლება დაემართოს მის პარტიას. როდესაც შენი მხარდამჭერების 65% გეუბნება, რომ პარლამენტში უნდა შეხვიდე; მაშინ როდესაც ამერიკელების ჩატარებულ კვლევაში შენს სიმბოლურ ნომერს - ხუთიანს გიწერენ, ხომ ხვდები რო რაღაცაშია საქმე და ეს შემთხვევით არ ხდება“, - განაცხადა ხვიჩიამ
მისი თქმით, „გირჩის“ მიზანი მხოლოდ სააკაშვილის დარწმუნება არ არის, არამედ პარტიას სურს საქართველოს მოსახლეობას დაანახოს, რომ მათი მიერ არჩეული პოლიტიკოსები მათ უპასუხისმგებლოდ ექცევიან.
NDI-ს ბოლო კვლევის მიხედვით, კითხვაზე „რომელი პარტიის შეხედულებები არის თქვენთან ყველაზე ახლოს“ „ნაციონალური მოძრაობა“ მხოლოდ 5%-მა დაასახელა.