ეკატერინე ტიკარაძე: ველოდებით, რომ თებერვლის ბოლოს კორონავირუსის ვაქცინა საქართველოში იქნება

ეკატერინე ტიკარაძე: ველოდებით, რომ თებერვლის ბოლოს კორონავირუსის ვაქცინა საქართველოში იქნება

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, არსებობს მოლოდინი, რომ თებერვლის ბოლოს ვაქცინა საქართველოში იქნება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ყველა სამედიცინო დაწესებულებაში ჯანდაცვის სამინისტროდან გადაგზავნილია მოთხოვნა, რომ წარმოდგენილი იყოს დეტალური სიები იქ დასაქმებულ პერსონალზე.

„ვაქცინაციის გეგმა დამტკიცებულია. ჩვენ გვაქვს გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები. გეგმა პირველი ეხება სამედიცინო პერსონალს. უკვე ყველა სამედიცინო დაწესებულებაში ჯანდაცვის სამინისტროდან გადაგზავნილია მოთხოვნა, რომ წარმოდგენილი იყოს დეტალური სიები იმ პერსონალზე, რომელიც დასაქმებულია სამედიცინო დაწესებულებებში. ველოდებით ამ სიებს და ვაქცინის მიღების შემდეგ, ჩვენ უკვე დავიწყებთ ვაქცინაციას.

როგორც იცით, ვაქცინას ველოდებით პირველ კვარტალში, უფრო ზუსტად, ჩვენი მოლოდინი არის, რომ თებერვლის ბოლოს ვაქცინა იქნება საქართველოში. ვმუშაობთ ვაქცინის მოცულობებზე, რათა დროულად დავიწყოთ მოსახლეიბაში ფართო ვაქცინაცია.

საუბარი არის მოზრდილი მოსახლეობის 60 პროცენტზე. მე მუდმივად ვაზუსტებ ასევე აბსოლუტურ რიცხვს, რომელიც არის 1 600 000-დან 1 700 000-მდე მოზრდილი მოსახლეობის. 20 პროცენტი იქნება „კოვაქს პლატფორმიდან“ დაკმაყოფილებული, დანარჩენ რაოდენობას ჩვენ უკვე მივიღებთ სხვა მწარმოებლისგან. „კოვაქს პლატფორმიდან“ პასუხს ველოდებით თვის ბოლოს, 30 იანვარს გვექნება დამატებითი ინფორმაცია“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

მთავრობამ კორონავირუსის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა დაამტკიცა.

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საქართველოში მხოლოდ ჯანმოს მიერ ავტორიზებული ვაქცინა შემოვა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.