ლევან ბეჟაშვილი: შეგუებული ვართ, რომ პოლიტიკური პროცესების წარმართვა ხალხთან ერთად ქუჩაში მოგვიწევს

ლევან ბეჟაშვილი: შეგუებული ვართ, რომ პოლიტიკური პროცესების წარმართვა ხალხთან ერთად ქუჩაში მოგვიწევს

ჩვენ შეგუებული ვართ იმას, რომ პარლამენტმა შეიძლება გადაწყვეტილება მიიღოს და ჩვენ პოლიტიკური პროცესების წარმართვა ხალხთან ერთად ქუჩაში მოგვიწიოს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა პარლამენტის მიერ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

„ერთადერთი, რამაც შეიძლება შეცვალოს ოპოზიციონერი დეპუტატების გადაწყვეტილება პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით, არის ისევ და ისევ მთავარი მოთხოვნა, რომელიც საზოგადოებასთან ერთად გვაქვს - ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თარიღთან და ფორმასთან დაკავშირებით. ჩვენ „ქართულ ოცნებას“ შევთავაზეთ გამოსავალი ერთგვარი პლებისციტის სახით და ჯერჯერობით მათგან პასუხი არ მიგვიღია“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

დღეს პარლამენტი ლევან ხაბეიშვილისა და შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტაზე იმსჯელებს.

პარლამენტი ოპოზიციის ნაწილის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას კენჭს 2 თებერვალს უყრის.