შალვა პაპუაშვილი: მოვუწოდებ ოპონენტებს, თვალი გაუსწორონ სიმართლეს, რომელიც „ენდიაის“კვლევითაც დადასტურდა და მიიღონ მანდატი, რომელიც ამომრჩეველმა მათ უბოძა

შალვა პაპუაშვილი: მოვუწოდებ ოპონენტებს, თვალი გაუსწორონ სიმართლეს, რომელიც „ენდიაის“კვლევითაც დადასტურდა და მიიღონ მანდატი, რომელიც ამომრჩეველმა მათ უბოძა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ბოლო სამი თვის განმავლობაში ხედავენ, როგორ ხელოვნურად დაიწყეს ოპონენტებმა ე.წ. საპროტესტო ტალღის აგორება.

მისივე თქმით, ოპოზიციის მთელი კამპანია ტყუილზე იყო აწყობილი. შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სამი თვის განმავლობაში განვითარებულ პროცესებზე გაამახვილა ყურადღება.

„მინდა, გამოვეხმაურო პარლამენტის წევრთა ნაწილის მხრიდან ე.წ. ბოიკოტის პროცესს და საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ მოკლედ შევაჯამო, თუ რასთან გვქონდა ბოლო სამი თვის განმავლობაში საქმე. კერძოდ, ბოლო სამი თვის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, როგორ ხელოვნურად დაიწყეს ჩვენმა ოპონენტებმა ე.წ. საპროტესტო ტალღის აგორება.

თავიდან მაგალითად ამბობდნენ, რომ ცესკო-მ შედეგები დაგვიანებით გამოაცხადა, რაც ტყუილი აღმოჩნდა, შემდეგ აპელირებდნენ პარალელური დათვლის შედეგებზე, მართალია დაგვიანებით, მაგრამ კარგია, რომ „სამართლიანმა არჩევნებმა“ აღიარა შეცდომა, ესეც აღმოჩნდა ტყუილი. შემდეგ აპელირებდნენ, რომ იყო ადმინისტრაციული რესურსის უპრეცედენტო გამოყენება. თუ შევხედავთ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ 24 დეკემბრის ანგარიშს, რომელიც სპეციალურად ეძღვნება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების საკითხებს, აქაც დავრწმუნდებით, რომ ეს უპრეცედენტო გამოყენება ტყუილი აღმოჩნდა. შემდეგ აპელირებდნენ, რომ იყო ამომრჩევლის მოსყიდვა, ესეც აღმოჩნდა ტყუილი და ვნახეთ, რომ თუ იყო სავარაუდო მოსყიდვის ფაქტები, ძირითადად ოპოზიციის მხრიდან იყო. შემდეგ აპელირებდნენ, რომ იყო ძალადობა და იგივე „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ 24 დეკემბრის ანგარიშში თუ ჩავხედავთ, დავრწმუნდებით, რომ ესეც ტყუილია.

თავად არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციაც არის, რომ ამ არჩევნებზე იყო უფრო ნაკლები ძალადობა, ურო ნაკლები სიძულვილის ენა. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ანგარიშის მიხედვით, ყველა ამ ფაქტზე დაიწყო გამოძიება, 9 შემთხვევაში დაკავებული იქნენ პირები. ამიტომ მთელი ეს კამპანია აწყობილი იყო ტყუილზე. ის საქმე, რომელიც თავიდანვე ტყუილზე არის აწყობილი, შედეგს ვერ გამოიღებს, კეთილ შედეგს ვერ გამოიღებს და სწორედ ამას ვხედავთ ჩვენ დღეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის განმარტებით, უკვე გამოჩნდა ძალადობის პირველი ნიშნები.

„თან ღირსების შემლახავი ფორმით ხდება ამ ძალადობის გამოყენება. ვნახეთ, რომ ჩვენი ოპონენტების რიგებშიც არ იყო ამ ძალადობის ერთგვაროვანი შეფასება. სამაგიეროდ, ვნახეთ, სიმართლე რა აღმოჩნდა და მათ შორის „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ ბოლო კვლევის მიხედვით, სიმართლე აღმოჩნდა, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს ყველაზე მაღალი მხარდაჭერა, პრემიერ-მინისტრს აქვს ბოლო 7 წლის განმავლობაში უპრეცედენტოდ მაღალი მხარდაჭერა – 46%. სიმართლე აღმოჩნდა მათ შორის, რომ პარლამენტის მხარდაჭერა ბოლო 7 წლის მაქსიმუმზე არის ასული, სიმართლე აღმოჩნდა ასევე ის, რომ მათ არანაირი მხარდაჭერა არა აქვთ მოქალაქეებში.

მოქალაქეების 76 პროცენტი ამბობს, რომ პარტიებმა უნდა მიიღონ მანდატი და შემოვიდნენ პარლამენტში, ოპოზიციური ამომრჩევლების 65 პროცენტი იგივეს ამბობს, რომ მათმა რჩეულებმა უნდა მიიღონ მანდატი და მიიღონ მონაწილეობა პარლამენტის მუშაობაში. ამ ყველაფერს არა თუ ჩვენს მოქალაქეებში, არათუ აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებაში არა აქვს მხარდაჭერა, არამედ ასევე მხარდაჭერა არ აქვს სერთაშორისო დონეზეც.

ჩვენმა კოლეგებმა უკვე განაცხადეს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ჯგუფის ანგარიშში აისახა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შეფასება იმისა, რაც ხდება ჩვენი ოპოზიციის რიგებში, რომ ეს არის დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა. სწორედ ეს არის ტოლობის ნიშანი იმ შეფასებასთან, რასაც ჩვენ ვაკეთებდით, რომ პარლამენტის მანდატების არმიღება არის არა ბოიკოტი, არამედ საბოტაჟი. სწორედ ამას მოვუწოდებ კიდევ ერთხელ ჩვენს ოპონენტებს, რომ თვალი გაუსწორონ იმ სიმართლეს, რომელიც მათ შორის „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევით დადასტურდა. უარი თქვან იმ ტყუილზე, რომელზედაც აწყობილი ჰქონდათ მათი კამპანია და მიიღონ ის მანდატი, რომელიც ქართველმა ამომრჩეველმა მათ უბოძა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.