მმართველი გუნდი ოპოზიციის სტატუსით შესული დეპუტატებისთვის იმაზე მეტი საპარლამენტო ბერკეტების მიცემას გეგმავს, რაც მათ მიერვე ინიცირებული პროექტით არის გათვალისწინებული

მმართველი გუნდი ოპოზიციის სტატუსით შესული დეპუტატებისთვის იმაზე მეტი საპარლამენტო ბერკეტების მიცემას გეგმავს, რაც მათ მიერვე ინიცირებული პროექტით არის გათვალისწინებული

მმართველი გუნდი პარლამენტში ოპოზიციის სტატუსით შესული დეპუტატებისთვის იმაზე მეტი შესაძლებლობების და საპარლამენტო ბერკეტების მიცემას გეგმავს, რაც მათ მიერვე ინიცირებული პროექტით არის გათვალისწინებული.

შესაბამისი წინადადებები პარლამენტის რიგგარშე სხდომაზე, სადაც რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი განიხილეს, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ დასვა.

„თუკი დამეთანხმებით, პროექტი ამ დათქმით მივიღოთ - თუკი დეპუტატთა ჯგუფს ფრაქციის შექმნის საშუალება არა აქვს, მას ისეთ უფლებამოსილებას ვერ მივანიჭებთ, რაც ფრაქციისთვის კონსტიტუციაში არის გაწერილი, თუმცა ჩვენ უფლებამოსილებების კიდევ უფრო გაფართოება შეგვიძლია. გავაკეთოთ იმდაგვარი ჩანაწერი, რომელიც ამ ჯგუფს საშუალებას მისცემს, სამუშაოს ორგანიზებისათვის ხელმძღვანელი ჰყავდეს, ასევე კომიტეტებში, კომისიებში, საპარლამენტო დელეგაციებში მივცეთ წარმომადგენლობის კვოტები, ჰყავდეთ საკუთარი აპარატი და ასე შემდეგ. პროექტი პირველი მოსმენით ამ დათქმით მივიღოთ და მეორე მოსმენამდე დავაზუსტოთ“, - განაცხადა მდინარაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე.

დღეს პირველი მოსმენით განიხილეს და კენჭს უყრიან რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის მიხედვით, მეათე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე, ფრაქციის გარდა, პარლამენტის ვიცე-სპიკერის წარდგენის უფლება საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა ჯგუფსაც ექნება. გარდა ამისა, ამავე პერიოდში კომიტეტის თავმჯდომარის ერთი მოადგილის კანდიდატურის წარდგენის უფლება ექნება საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ ფრაქციას ან საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა ჯგუფს.

ამასთან, დაზუსტდა შესაბამისი პოლიტიკური პარტიის, რომელსაც არ აქვს შექმნილი საპარლამენტო ფრაქცია, წარდგენით არჩეულ უფრაქციო პარლამენტის წევრების მიერ პოლიტიკურ დებატებში, კანონპროექტის პირველი და მეორე მოსმენებით განხილვის დროს და ინტერპელაციის პროცედურის ფარგლებში სიტყვით გამოსვლის დროის ხანგრძლივობასთან დაკავშირებული საკითხები.