ვვარაუდობ, რომ ბოიკოტი დასრულდება ერთპარტიული პარლამენტის ოფიციალურად გაგრძელებით - საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლის მობილიზაცია არის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ოპოზიციისათვის

ვვარაუდობ, რომ ბოიკოტი დასრულდება ერთპარტიული პარლამენტის ოფიციალურად გაგრძელებით - საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლის მობილიზაცია არის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ოპოზიციისათვის

ცოტათი სასაცილოა, როდესაც იმ ფონზე რომელიც ქვეყანაში შეიქმნა, „ქართული ოცნება“ საუბრობს, რომ ქვეყანა მათი მმართველობის პერიოდში შეიტანს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა.

„ევროსაბჭო ფაქტობრივად არის ერთგვარი გამწმენდი ორგანო ქვეყნებისთვის, რომელიც ადგენს ქვეყანაში დემოკრატიის პრინციპების, ადამიანის უფლებების მხარდაჭერას იმისათვის, რომ ქვეყანა შემდეგ ეტაპზე გადავიდეს ევროკავშირთან ინტეგრაციის. ამ ვითარებაში რაც ქვეყანაში პოლიტიკური კუთხით შეიქმნა, ჩვენს ქვეყანას არანაირი შანსი არ ექნება ევროკავშირის მიმართულებით წინ მოძრაობისთვის“, - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

მან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის პლენარულ სესიაზე გაკეთებულ განცხადებებზეც ისაუბრა. სალომე სამადაშვილის თქმით, არის საერთაშორისო თანამეგობრობის ძალიან მყარი პოზიცია, რომ არჩევნები იყო პრობლემატური, ამიტომ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას მხოლოდ საარჩევნო პროცესში სამართლიანობის პრინციპის აღდგენა შეძლებს.

,,ეს განცხადებები ადასტურებს იმ მთავარ პრობლემას, რომელიც ქვეყანაში შეიქმნა პოლიტიკურ პროცესში ამ არჩევნების შედეგად. არჩევნებმა დაკარგა ამ ქვეყანაში სანდოობა და ამომრჩევლის დიდი ნაწილი არ ენდობა ამ არჩევნების შედეგებს. შესაბამისად, ამან გამოიწვია ქვეყანაში კრიზისი და ის ვითარება, რომელშიც ჩვენ აღმოვჩნდით. ის, რომ ბოიკოტის მხარდაჭერას ჩვენი პარტნიორები არ გააკეთებდნენ ამაში ახალი არაფერი არ არის, მათ პოზიცია ამ თვალსაზრისით ცნობილია და ასეთი იყო ყოველთვის. არ მგონია, რომ ოდესმე გაჟღერდება რაიმე სახის მხარდაჭერა ბოიკოტის მიმართ. ასეთი ბოიკოტი ბალკანეთის ქვეყნებში ხშირია და იქაც, არის მოწოდებები, რომ ბოიკოტი არ არის გამოსავალი.

ჩვენ გვაქვს საერთაშორისო თანამეგობრობის ძალიან მყარი პოზიცია, რომ არჩევნები იყო პრობლემატური, ამიტომ, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას შეძლებს მხოლოდ სამართლიანობის პრინციპის აღდგენა საარჩევნო პროცესში, ამის გარეშე ჩვენ წინ ვერ წავალთ. ვვარაუდობ, რომ ეს ბოიკოტი დასრულდება ერთპარტიული პარლამენტის ოფიციალურად გაგრძელებით. ამის შემდეგ, ჩვენ წინ გვაქვს პოლიტიკური პროცესები და საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლის მობილიზაცია არის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ოპოზიციისათვის. შესაბამისად, ზეწოლის ორგანიზებისთვის ჩვენი პარტნიორების მხრიდან საფუძველი არის“, - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.