დღეს დილით გამოცემამ „Football Italia” საინტერესო ინფორმაცია გამოაქვეყნა.
აღმოჩნდა, რომ სერბეთის ეროვნული გუნდის ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი სინიშა მიხაილოვიჩი იტალიაში დაბრუნებაზე და მილანის „ინტერში“ მუშაობაზე ოცნებობს.
43 წლის სერბმა სპორტული კარიერა 2006 წელს დაასრულა და რამდენიმე წლის განმავლობაში „ინტერის“ იმდროინდელი თავკაცი რობერტო მანჩინის თანაშემწედ მუშაობდა.
„მილანურ გუნდში კარიერის რამდენიმე შესანიშნავი წელი მაქვს გატარებული. დიდ ფეხბურთთან გამოთხოვების შემდეგ ორი წლის განმავლობაში ამ გუნდის ერთ-ერთი მწვრთნელის ფუნქციას ვასრულებდი. შემდეგ „ფიორენტინაში“ უიღბლო კარიერა მქონდა და იტალიის დატოვება მომიწია.
მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად სერბეთის ნაკრებს ვხელმძღვანელობ, „ინტერში“ დაბრუნებაზე მაინც ვოცნებობ.
ცოტა ხნის წინ ამ გუნდის პრეზიდენტ მასიმო მორატის ვესაუბრე. სენიორ მასიმო შემპირდა, რომ 2014 წლის მსოფლიო პირველობის დასრულების შემდეგ საკუთარ გუნდს ჩამაბარებს.“ - განაცხადა სინიშა მიხაილოვიჩმა.
სინიშა მიხაილოვიჩმა საკუთარი სპორტული კარიერის დიდი ნაწილი იტალიაში გაატარა. თავის დროზე შემდეგ კლუბებში ასპარეზობდა: „რომა“, „სამპდორია“, „ლაციო“ და „ინტერი“.
სამწვრთნელო მოღვაწეობაც ამ ქვეყანაში დაიწყო და სათავეში „ინტერს“, „ბოლონიას“ „კატანიასა“ და „ფიორენტინას“ ედგა.