ვხედავთ, როგორ ცდილობენ პოლიტიკოსები ადამიანების ჯანმრთელობა სასწორზე შეაგდონ, ოღონდ ამან სოციალური აფეთება გამოიწვიოს, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ განაცხადა.
„კორონავირუსი არის პრობლემა, ომი, რომელთან გამკლავებაც მსოფლიოს ყველაზე ძლიერ სახელმწიფოებსაც უჭირთ. ამის ყველაზე ნათელი მაგალითია სოციალურ-პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაცია, რომელიც დაიძაბა ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირე ქვეყანაში, მსოფლიოს ყველაზე გავლენიან სახელმწიფოში, აშშ-ში. ამავდროულად, ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს სახელმწიფო, თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, ახერხებს, რომ სამედიცინო კუთხითაც მართოს კორონავირუსი და სოციალურ-ეკონომიკური კუთხითაც, ის რესურსები, რაც ჩვენს ქვეყანას გააჩნია, მაქსიმალურად რაციონალურად და სამართლიანად გადაანაწილოს. მიუხედავად ამისა, ვხედავთ, როგორ ცდილობენ პოლიტიკოსები ადამიანების ჯანმრთელობა სასწორზე შეაგდონ, ოღონდ ამან სოციალური აფეთება გამოიწვიოს. არის მეორე ფაქტორიც: ისეთი ადამიანებისგან გვესმის „ცხელი გაზაფხულისა“ და რევოლუციური სცენარის დაანონსება, რომელთა მთელი ბიზნესკარიერა აწყობილი იყო იმაზე, რომ მათი ბიზნესისთვის, მშვიდობა, სტაბილურობა, პოლიტიკური განჭვრეტადობა და ყველა ის ფაქტორი, რაც საბანკო სექტორის განვითარებას სჭირდება. დღეს ვხედავთ, რომ ეს ადამიანებიც კი, რევოლუციური სცენარის მომხრეები არიან. ამ ადამიანების მიზანი არც კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაჭრა და არც ბიზნესის ხელშეწყობაა. მათი ერთადერთი მიზანი რევოლუციური სცენარი და ხალხის ქუჩაში გასვლაა“ - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ბოლო რამდენიმე დღეა, ოპოზიციამ რევოლუციისკენ მოწოდებები კვლავ გაააქტიურა. ისინი პოზიციას არ ცვლიან და აცხადებენ, რომ საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ, თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება. რევოლუციური სცენარისა და „ცხელი გაზაფხულის“ დაანონსების მიუხედავად, ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ პროტესტის მშვიდობიანი გზით გამოხატვას გეგმავენ.