ოპოზიციური პარტიების ერთობლივ განცხადებაზე, სადაც ისინი მმართველ გუნდს მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდებენ, "გირჩის" ხელმოწერა არ არის.
ზურაბ ჯაფარიძის "გირჩი - მეტი თავისუფლებისგან" განსხვავებით, რატომ აღმოჩნდა ოპოზიციის საერთო განცხადების მიღმა მეორე "გირჩი", ამის შესახებ ვახტანგ მეგრელიშვილმა "დღის კურიერში" ისაუბრა.
"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ მისთვის გაუგებარი მიზეზების გამო, ოპოზიციურმა პარტიებმა მათგან გარკვეული დისტანცია დაიკავეს და მას, არც აღნიშნული განცხადების შესახებ ჰქონდა ინფორმაცია.
ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, თუ ოპოზიციამ იპოვა კრიზისიდან გამოსავალი, ეს ყველა მხარისთვის კარგი იქნება, თუმცა გავრცელებულ განცხადებაში არაა ის შინაარსი, რომელიც აჩვენებდა, რომ ეს გზა ნაპოვნია:
"ჩვენ, ავტომატურად მოვექეცით ძალიან უცნაურ სიტუაციაში, ჩვენ მანამდე ყველასთან გვქონდა ძალიან ნორმალური, კოლეგიალური ურთიერთობა, ანუ ვლაპარაკობდით. დაახლოებით წინა კვირას, როდესაც კონკრეტულ საკითხზე დავიწყეთ მსჯელობა, ჯერ ბატონი ვაშაძე არ დაგველაპარაკა, მერე "ევროპულმა საქართველომ" განგრენა გვიწოდა და მერე გაუგებრობა მოგვივიდა ნიკა მელიასთან და ეს ყველა საკითხი, ერთი და იგივე თემას უკავშირდება და თუ ამ თემის გადაწყვეტა იპოვეს, კარგია, მაგრამ თუ ვერ იპოვეს, ჩვენ ისევ მარტო დავრჩებით. მე არ ვიცოდი ამ შეხვედრის შესახებ, არავის არ უთქვამს. შევუერთდე ვირტუალურად რომც მინდოდეს ამაზე შეერთება? უბრალოდ, აქ არ წერია ის კონტენტი, რომელიც ყველაზე მეტად მაინტერესებს, ანუ რა არის ის სიახლე, რომელიც ოპოზიციის მხრიდან შეიძლება იყოს საინტერესო. ანუ, რა გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ეს რაუნდი, უფრო საინტერესო იქნება, ვიდრე წინა ოთხი,"- განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.