ზურა ჯაფარიძე NDI-ს ბოლო კვლევის შედეგებს ეხმაურება. პარტიის „გირჩი - მეტი თავისუფლება“ ლიდერი მიიჩნევს, რომ სატელეფონო გამოკითხვა დიდი სიზუსტით არ გამოირჩევა, თუმცა აღიარებს, რომ ოპოზიციას ბევრი სამუშაო აქვს.
„მგონია, რომ სატელეფონო გამოკითხვაა და არ არის მთლად ზუსტი, მაგრამ მეორე არის, რომ ოპოზიცია არის სუსტი და გასაძლიერებელი. ანუ, ოპოზიციას აქვს ბევრი სისუსტე და სამუშაო აქვს, მართლა“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
NDI-ს ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა მმართველი პარტიის შეხედულებებს იზიარებს. კითხვაზე „რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს“ პასუხები ასე გადანაწილდა:
„ქართული ოცნება“ - 31%;
არცერთი პარტია - 25%;
უარი პასუხზე - 24%;
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 5%;
არ ვიცი - 5%;
სხვა პარტიები - 9%.
კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით, 2 053 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარია ±1.1 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.