ხაზარაძის განცხადებით, საქართველოში მოსახლეობას უსმენენ, ამიტომ ისინი თავიანთი აზრის დაფიქსირებას ერიდებიან

ხაზარაძის განცხადებით, საქართველოში მოსახლეობას უსმენენ, ამიტომ ისინი თავიანთი აზრის დაფიქსირებას ერიდებიან

მე არ მინდა ამ ორგანიზაციის კვალიფიკაციაში ეჭვი შევიტანო, უბრალოდ ეჭვი შემაქვს მეორე მხარეში - რა მდგომარეობაშიც ჩვენი მოსახლეობაა ჩაყენებული, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ NDI-ს მიერ დღეს გამოქვეყნებულ კვლევაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, საქართველოში მოსახლეობას უსმენენ, ამიტომ ისინი თავიანთი აზრის დაფიქსირებას ერიდებიან.

„თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ეს გამოკითხვა ჩატარდა სატელეფონო საშუალებით და იმასაც გავითვალისწინებთ, რომ შარშანდელი ერთ-ერთი ცნობილი გამოკითხვის შედეგად გამოკითხული მოსახლეობის 60% ადასტურებს, რომ ქვეყანაში მიყურადების ინსტიტუტი არსებობს, ასევე ნახავთ იმასაც, რომ გამოკითხულთა 54% არ ასახელებს რომელ პარტიას მიემხრო, ეს პირდაპირ არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ადამიანებს ეშინიათ ტელეფონში თავიანთი აზრის დაფიქსირება. ეს ფაქტია. ჩვენ ვიცით, რომ ამ ქვეყანაში უსმენენ, ვიცით, რომ ხალხი შეშინებულია სამწუხარო რეალობა ესაა. მე არ მინდა ამ ორგანიზაციის კვალიფიკაციაში ეჭვი შევიტანო, უბრალოდ ეჭვი შემაქვს მეორე მხარეში - რა მდგომარეობაშიც ჩვენი მოსახლეობაა ჩაყენებული“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ამასთან, ხაზარაძე ფიქრობს, რომ NDI-ს მიერ გამოქვეყნებული პარტიების რეიტინგები აცდენილია.

„ესეც ცოტა აცდენილი ხომ არის?! 3 თვის წინ რომ არჩევნები ჩატარდა და როგორც „ოცნებამ“ თქვა 48% დაიკავა, ამ დროს კი გამოკითხული მოსახლეობის ციფრი 31%-ია. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 27% აიღო არჩევნებზე, ხოლო გამოკითხვით 5%. ამის კომენტირება რთულია, სიღრმეებში შევალთ, მაგრამ, ჩემი აზრით, ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რა მეთოდოლოგიითაც გამოკითხვა ჩატარდა. ამას გამომკითხველს ვერ დავაბრალებთ, უნდა დავაბრალოთ იმ მდგომარეობას, რა მდგომარეობაშიც ჩვენი საზოგადოება ბოლო წლების განმავლობაში ჩავარდა - ეს არის ტყუილი, შიში, რომ ხვალ რამე პრობლემა არ შემექმნას. ყველაფერს ჩავხედოთ თვალებში და ვთქვათ, რომ ამასთან გვაქვს საქმე - ჩვენი არშესვლა პარლამენტში სწორედ იმას ემსახურება, რომ ეს ტყუილი დამთავრდეს ყველა მიმართულებით“, - განაცხადა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, ეთანხმება კვლევის იმ ნაწილს, სადაც აღნიშნულია, რომ პარლამენტის საქმიანობაში ყველა არჩეული პარტიის ჩართვაა მნიშვნელოვანი.

„გამოკითხვის ამ ნაწილს სრულად ვეთანხმები. პარლამენტი იმიტომ არსებობს, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა ითანამშრომლონ და პარლამენტში ხდებოდეს დღის წესრიგის შეცვლა. უბრალოდ, კითხვა არ იყო ასე დასმული, იმ პარლამენტში, სადაც ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა უნდა იყოს თუ არა ოპოზიცია შესული? უნდა იყვნენ თუ არა პოლიტიკური პარტიები პარლამენტში წარმოდგენილი? - რა თქმა უნდა, უნდა იყვნენ და ეგ გვინდა ჩვენც“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, NDI-ის კვლევის მიხედვით, კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულთა 31%-ის აზრით, ასეთია „ქართული ოცნება", 5%-ის აზრით, „ნაციონალური მოძრაობა".

ამავე კვლევის თანახმად, პარლამენტის საქმიანობას „კარგად“ გამოკითხულთა მხოლოდ 15 % მიიჩნევს, მოქალაქეთა თითქმის 80 %-ის აზრით კი, მის საქმიანობაში ყველა არჩეული პარტიის ჩართვაა მნიშვნელოვანი.

Ninja ავოიეეე! ???
3 წლის უკან