„ადამიანმა, რომელმაც კოვიდინფიცირების დროს ანტისხეულები ვერ გამოიმუშავა, მასთან რეინფიცირება ამიტომ მოხდა“

„ადამიანმა, რომელმაც კოვიდინფიცირების დროს ანტისხეულები ვერ გამოიმუშავა, მასთან რეინფიცირება ამიტომ მოხდა“

საქართველოში კორონა ვირუსის რეინფიცირების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. თუმცა, როგორც ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე for.ge-თან საუბრისას აცხადებს, თუ კოვიდ გადატანილმა ადამიანმა ანტისხეულები ვერ გამოიმუშავა, ის განმეორებით დაინფიცირდება. ზოიძის თქმით, ამის მიუხედავად რეინფიცირება საშიში არ არის, ხოლო ვინც კოვიდ ვირუსი მძიმე ფორმებში გადაიტანა, მათ იმუნიტეტი უფრო უძლიერდებათ.

ასევე, აკაკი ზოიძის განცხადებით ვაქცინაცია კოვიდ 19-ის ახალი შტამისთვისაც ისეთივე ეფექტურია, როგორც აწ დადასტურებული კოვიდ ვირუსისთვის. თუმცა, კორონა ვირუსის ახალი შტამი უფრო გადამდებია, ვიდრე ძველი. თუ ძველი შტამის დროს ადამიანს კოვიდ ინფიცირებულთან კონტაქტი ჰქონდა და არ დაინფიცირდა, ახალი შტამის შემთხვევაში დაცული არ ხართ და დაინფიცირების დიდი შანსია.

კორონავირუსის განმეორებით შემთხვევები დაფიქსირდა. ადამიანის ჯანმრთელობის მხრივ ეს რამდენად საშიშია?

- როდესაც კორონავირუსის ამდენი შემთხვევაა დაფიქსირებული, განმეორებითი დაფიქსირება ძალიან მცირეა და იშვიათად ვლინდება. შესაბამისად, უბრალოდ, კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება და ამ თვალსაზრისით ჩანს სიხშირე.

ისე კი, კოვიდ-19 განმეორებითი შემთხვევები იშვიათია. 100-დან ერთი შემთხვევაც კი არ ფიქსირდება. საშიში არ არის და ამიტომაც ხდება იშვიათად დაინფიცირება. შეიძლება კოვიდ გადატანილმა ადამიანმა ანტისხეულები ვერ გამოიმუშავა და განმეორებით ამიტომ დაინფიცირდა. მეტსაც გეტყვით, კვლევები გამოქვეყნდა, რომ ადამიანს, რომელსაც კორონავირუსის მძიმე ფორმაში ჰქონდა, უფრო მყარი იმუნიტეტი აქვს. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს კანონზომიერი არაა, რადგან მე კვლევებს გეუბნებით, მაგრამ, იმ კუთხით, რომ განმეორებით ინფიცირება იყოს დიდი საფრთხე, ასე ნამდვილად არ არის. სწორედ ამიტომ არის რეკომენდირებული, რომ ვაქცინა გაიკეთოს იმანაც, ვისაც გადატანილი აქვს.  

კორონავირუსი ვინც გადაიტანა, კორონა რას ტოვებს და რას უნდა მიაქციონ ყურადღება?

- ვისაც სისხლძარღვების დაავადება და დიაბეტი აქვს, ისინი ძალიან ყურადღებით უნდა იყვნენ, რათა ქრონიკული დაავადება არ გაურთულდეთ. ინგლისში კვლევა ჩატარდა, რომ ვინც კოვიდი გადაიტანა, ყველა კლინიკაში კი არ ბრუნდება, არამედ ვისაც ვირუსი მძიმე ფორმით ჰქონდათ, დიდი ალბათობაა, რომ გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, ქრონიკული დაავადებები შეიძლება გაუმწვავდეთ. ყურადღება უნდა მიაქციონ, რომ არსებული ჯანმრთელობის პრობლემები ზედმეწევნით გააკონტროლონ. ეს იქნება არტერიული წნევა, შაქრიანი დიაბეტი და ა.შ.

ინგლისი ახსენეთ და კორონავირუსის ახალი შტამი პირველად სწორედ ინგლისში დაფიქსირდა, მაგრამ საქართველოშიც დაფიქსირდა. რამდენად საშიშია ახალი შტამი, რადგან ვიცით ის მხოლოდ, რომ უფრო ახალგაზრდებში ვრცელდება?

- კორონავირუსის ახალი შტამი კომბინირებულია. საუბარი არის რამდენიმე ათეულ მუტაციაზე. ვირუსი სულ მუტირებს. ამაში სიახლე არაფერია, მაგრამ, აქ ბრაზილიისა და ინგლისის შტამებში კომბინირებულია ისეთი მუტაციები, რომლებიც ხელს უწყობენ იმას, რომ ადამიანს უფრო ადვილად აინფიცირებს. ანუ, ადამიანების იმუნური სისტემის  წინააღმდეგობას უფრო ადვილად ლახავს და ერთი ადამიანიდან უფრო მეტად ვრცელდება. ალბათ, გაგიგიათ შემთხვევა, როდესაც ადამიანს კოვიდინფიცირებულთან კონტაქტი ჰქონდა, მაგრამ კოვიდი არ დაემართა. მათმა იმუნურმა სისტემამ შემოტევას გაუძლო და ვირუსი ორგანიზმში იმ დოზით არ შევიდა, რომელიც დააინფიცირებდა. აქედან გამომდინარე, ეს პრობლემა მწვავე ხდება იმიტომ, რომ ახალი შტამის შემთხვევაში მცირე რაოდენობის ვირუსიც კი ადამიანს აინფიცირებს. რეცეპტორებს უფრო კარგად ებღაუჭება, ეს არის რეცეპტორები, რომელიც ორგანიზმში არის კარიბჭე, საიდანაც შედის ვირუსი და აინფიცირებს. ეს არის საშიში, რომ მეტი ადამიანი ავადდება. იმავე შეზღუდვების პირობებშიც კი ეპიდემიას ვერ აკონტროლებენ, რადგან ოდნავი კონტაქტიც საკმარისია, რომ ადამიანი დაინფიცირდეს. მეტს აინფიციცირებ, მეტი სიკვდილიანობაა, ესაა საშიში. ამიტომ არის მნიშნელოვანი, რომ ვაქცინაციით შევძლოთ აცრა და ქვეყანაში იმუნური ძალა გავაძლიეროთ, ვიდრე ახალი შტამები მასობრივად შემოვა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინაცია საქართველოში მალე დაიწყება. საინტერესოა ვაქცინა ახალ შტამზე როგორ მოქმედებს?

- ყოველ შემთხვევაში, კვლევებით დადასტურდა, რომ ის ვაქცინები, რომელიც ბაზარზე არის, კოვიდის ახალ შტამს შველის. განსაკუთრებით, როდესაც საუბარია „ფაიზერისა“ და „მოდერნას“ ვაქცინაზე. სამხრეთ ამერიკულ შტამზე ჯერ მონაცემები არ გვაქვს, იმედი გვაქვს, რომ ვიდრე ეს შტამი ჩვენთან გავრცელდება, შეგვეძლება საზოგადოებაში შესაბამისი იმუნური ფონის შექმნა.

ჩვენთან თებერვლის ბოლოს ვაქცინა უნდა შემოვიდეს და პირველ რიგში, რისკის ქვეშ მყოფი ადამიანების ვაქცინაცია დაიწყება. ასევე აიცრებიან ექიმები, რადგან მათ უშუალოდ აქვთ კოვიდინფიცირებულებთან კონტაქტი.

1 თებერვლიდან შეზღუდვების რაოდენობა მცირდება. ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ ინფიცირებულთა რაოდენობამ მოიმატოს, რადგან გვახსოვს, როდესაც შეზღუდვები მოიხსნა, კოვიდ-19-ის აფეთქება სწორედ მაშინ დაიწყო.

- მატება იქნება, უბრალოდ, მთავარია ისეთი მატება არ იყოს, როგორიც ნოემბერ-დეკემბერში გვქონდა. მთავარია გავაკონტროლოთ. ამ შეზღუდვით თუ შევინარჩუნებთ პირბადეების ტარების წესებს და თუ ახალი შტამი არ შემოვიდა, არანაირი საფრთხე არ გვემუქრება. არ უნდა მოვდუნდეთ, როგორც ზაფხულში გავაკეთეთ, როდესაც პირბადეს არავინ ატარებდა.