გივი მიქანაძე ტინი კოქსის ანგარიშზე: აღნიშნული არის მწუხარება იმის თაობაზე, რომ ოპოზიცია მისთვის გამოცხადებულ ნდობასა და მანდატებს ჯერჯერობით არ იზიარებს

გივი მიქანაძე ტინი კოქსის ანგარიშზე: აღნიშნული არის მწუხარება იმის თაობაზე, რომ ოპოზიცია მისთვის გამოცხადებულ ნდობასა და მანდატებს ჯერჯერობით არ იზიარებს

სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის პირველივე სხდომის დღის წესრიგში საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ PACE-ს სადამკვირვებლო მისიის მიერ მომზადებული ანგარიშია. მას დღევანდელ სხდომაზე მისიის ხელმძღვანელი, ჰოლანდიელი დეპუტატი ტინი კოქსი წარადგენს.

ანგარიშის ზოგადი დასკვნაა, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები იყო კონკურენტული და ძირითადი თავისუფლებები საერთო ჯამში, დაცული იყო. ანგარიშის მოსმენას დაესწრება საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, რომელიც მეათე მოწვევის პარლამენტის ფარგლებში პირველ ვიზიტს მართავს.

„ასამბლეის პირველ დღეს ასამბლეის წევრებს სპეციალურ ანგარიშს წარუდგენენ, რომელიც საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვებას ასახავს. ასევე აღნიშნული არის მწუხარება იმის თაობაზე, რომ ოპოზიცია მისთვის გამოცხადებულ ნდობასა და მანდატებს ჯერჯერობით არ იზიარებს და არ იკავებს კუთვნილ ადგილებს. ხაზგასმული არის საკითხები, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანი უფლებათა დაცვას ეხება“, - განაცხადა ქართული დელეგაციის წევრმა გივი მიქანაძემ.

სასესიო და საკომიტეტო მუშაობის პარალელურად, კანონმდებლები გამართავენ მაღალი დონის შეხვედრებს. მათ შორის ასამბლეის პრეზიდენტთან, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისართან, ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან, ასევე, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის გენერალურ მდივანთან.

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: ირაკლი კობახიძე, მარიამ ქვრივიშვილი, გივი მიქანაძე, ირაკლი ჩიქოვანი, თამარ ტალიაშვილი და ფრიდონ ინჯია შედიან.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ტინი კოქსმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმადაც, კენჭისყრა კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში ჩატარდა, თუმცა იყო გარკვეული ხარვეზები.