რასაკვირველია პრობლემაა, როდესაც პარლამენტში მხოლოდ ორი პოლიტიკური პარტია იმყოფება და რაოდენობრივადაც დისბალანსი აშკარად იგრძნობა, მაგრამ არის მეორე საგანგებო მნიშვნელობის საკითხი – ეს არის ქვეყნის ინტერესები. ან უნდა წაჰყვე იმ გზას, რასაც ჰქვია სიტუაციის დანგრევა და მოახდინო ქვეყანაში დესტაბილიზაცია, აჰყვე მავნებლურ პოლიტიკას, ანდა უნდა იზრუნო ქვეყნის გადარჩენისთვის, სამშვიდობოზე გაყვანისთვის და გააგრძელო მუშაობა, - ამის შესახებ გიორგი ვოლსკიმ განაცხადა. პარლამენტის წევრის თქმით, ოპოზიციის მხრიდან საპარლამენტო მანდატების გაუქმების მოთხოვნა შესაძლო მათი მხრიდან კიდევ ერთი გეგმის ნაწილი იყოს.
„ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ აქ სხვა გეგმა შეიძლება იყოს ჩადებული, რომ საერთაშორისო პარტნიორების წინაშე იმ რთულ ვითარებაში, რომელშიც ისინი ჩავარდნენ, ჰქონდეთ რაღაცა ხელშესახები არგუმენტი, რომ არიან უფლებააყრილნი, იმ შემთხვევაშიც კი თუკი საგანგებო ვითარება შეიქმნა ქვეყანაში და ყველა პარტიის ჩართულობა გახდა აუცილებელი, რასაც საგარეო, თუნდაც საშინაო ვითარება ნამდვილად არ გამორიცხავს, ეს ეჭვები არსებობს, კითხვები არსებობს და პასუხის გაცემა სჭირდება. ასე რომ, მსჯელობაა საჭირო და არა ხელაღებით იმ გზაზე გაყოლა, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს ცუდ შედეგებამდე, სააკაშვილის გზა არ ვარგა და თუკი ამ გზის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი ისიც არის, როგორმე ჩამოსცილდნენ პასუხისმგებლობას და უფრო უკეთესად განავითარონ დესტრუქციული პროცესები, რასაკვირველია, ამას სჭირდება სიღრმისეული ანალიზი და არა ემოციური გადაწყვეტილების მიღება“, - განაცხადა ვოლსკიმ.