„ამერიკა დაბრუნდა“  ეს ნიშნავს, რომ ამერიკამ დაიბრუნოს ის პრინციპული პოზიციები, რომელიც მას ჰქონდა“

„ამერიკა დაბრუნდა“  ეს ნიშნავს, რომ ამერიკამ დაიბრუნოს ის პრინციპული პოზიციები, რომელიც მას ჰქონდა“

ამერიკაში დონალდ ტრამპის მმართველობა დასრულდა და 78 წლის ჯო ბაიდენის ერა დაიწყო. აშშ-ის კონსტიტუციის მე-2 მუხლის თანახმად, ჯო ბაიდენმა შემდეგ სიტყვები წარმოთქვა:

„საზეიმოდ ვფიცავ, რომ პატიოსნად აღვასრულებ შეერთებული შტატების პრეზიდენტის მოვალეობას და ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში დავიცავ, შევინახავ და მფარველობას გავუწევ შეერთებული შტატების კონსტიტუციას“.

აშშ-ის ახალმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ინაუგურაციიდან რამდენიმე საათში პირველ 15 ბრძანებას მოაწერა ხელი. პირველ რიგში მან აშშ პარიზის კლიმატურ შეთანხმებასა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში დააბრუნა. ამასთან, თეთრი სახლის ახალმა მეთაურმა გააუქმა დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული რიგი მუსლიმური ქვეყნის მოქალაქეებისთვის აშშ-ში შესვლის აკრძალვა. ასევე, ბაიდენმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც ფედერალური შენობების ტერიტორიაზე 100 დღის განმავლობაში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა. პრეზიდენტმა ასევე მექსიკასთან საზღვარზე კედლის მშენებლობა შეაჩერა.

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრისთვის, ირაკლი მენაღარიშვილისთვის, ჯო ბაიდენის მიერ ინაუგურაციაზე წარმოთქმული სიტყვიდან მნიშვნელოვანი ამერიკის გაერთიანებაზე საუბარი იყო. როგორც მან for.ge-თან საუბრისას აღნიშნა, საქართველოსთვის, ყველა პრეზიდენტის მმართველობის პირობებში, უმიშვნელოვანესი გახლავთ საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული ურთიერთობის ფორმირება.

ამერიკის 46-ე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ფიციდან თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რომელი მონაკვეთი იყო?

- ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ჯო ბაიდენმა, ყურადღება ამერიკის გაერთიანებაზე გაამახვილა, რაც ძალიან ობიექტურია, რადგან თუკი რაიმე ზიანი მიადგა აშშ-ს პოლიტიკას, ასევე მის რეპუტაციას საერთაშორისო არენაზე, ეს არის ამერიკის გათიშულობა, ურთიერთდაპირისპირება და ა.შ. სწორედ ამის შედეგი გახლდათ ის უსიამოვნო ინციდენტები და ბოლოს ის ძალიან მძიმე მოვლენები, რომლიც ინაუგურაციამდე რამდენიმე დღით ადრე განვითარდა. ამიტომ, მე თუ მკითხავთ, ეს მოწოდება გახლავთ პრინციპულად ძალიან მნიშვნელოვანი.

ჯო ბაიდენმა ინაუგურაციიდან რამდენიმე საათში პირველ 15 ბრძანებას მოაწერა ხელი. თეთრი სახლის ახალმა მეთაურმა გააუქმა დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული რიგი მუსლიმური ქვეყნის მოქალაქეებისთვის აშშ-ში შესვლის აკრძალვა. ასევე, ბაიდენმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც ფედერალური შენობების ტერიტორიაზე 100 დღის განმავლობაში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა. პრეზიდენტმა ასევე მექსიკასთან საზღვარზე კედლის მშენებლობა შეაჩერა და ტრამპის მიერ გაუქმებულ ყველა შეზღუდვას ხსნის...

- ბაიდენი ტრამპის მიერ ყველა გადაწყვეტილებას არ გააუქმებს, მაგრამ ტრამპის მემკვიდრეობის იმ ელემენტებს, რომელიც ამერიკის გათიშვას განაპირობებდა, ამასთან დაკავშრებით ბატონმა ბაიდენმა პირობა დადო, რომ წინ აღუდგებოდა და ახლა თავის დაპირებას პირნათლად ასრულებს.

საქართველოსთვის ბაიდენის გაპრეზიდენტება რა კუთხით იქნება მნიშვნელოვანი?

- საქართველოსთვის ყველა პრეზიდენტის მმართველობის პირობებში უმიშვნელოვანესი გახლავთ საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული ურთიერთობის ფორმირება. ეს პრინციპული მნიშვნელობის არის ჩვენთვის, როგორც მცირე ქვეყნისთვის, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ამერიკისთვისაც, რადგან სწორედ ასეთი პოლიტიკის გატარებითაა შესაძლებელი მძიმე მემკვიდრეობის დაძლევა, რომელიც მან წინა პრეზიდენტისაგან მიიღო.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა რამდენად მალე უნდა დაამყარონ აშშ-ს ახალ ხელისუფლებასთან ურთიერთობა და რა ბერკეტები უნდა გამოიყენონ?

- ამგვარი ურთიერთობის ტექნოლოგიები ჩვენი დიპლომატიური კორპუსისთვის კარგად არის ცნობილი. ამიტომ, ყველაფერი ეს, რაც შეიძლება დაჩქარებულ ტემპში უნდა გაკეთდეს და რაც შეიძლება აქტიურად, რადგან არც საქართველოს აქვს დასაკარგი დრო და არც ამერიკა-საქართველოს ურთიერთობის რეალიებს. აქ აუცილებელია სწრაფი რეაგირება.

ანუ, საქართველო-ამერიკის მეგობრულ ურთიერთობას ველოდოთ?

- ჩვენ ამას უნდა ველოდოთ და ამისკენ სწრაფვა არ უნდა შევაჩეროთ. ნებისმიერი შედეგების მიუხედავად, ამ არჩევნებში ვისაც არ უნდა გაემარჯვა და მომავალში ვინც გაიმარჯვებს, საქართველოს აქვს მხოლოდ ერთადერთი გზა - გააკეთოს ყველაფერი, რათა ამერიკა იყოს სანდო და ერთგული მოკავშირე საქართველოსთვის.

ჯო ბაიდენი-ვლადიმერ პუტინი, ამ მიმართულებით რა შეფასებას გააკეთბდით, რა დამოკიდებულება ექნება ბაიდენს პუტინთან?

- პოლიტიკაში რაიმეს წინასწარმეტყველება ცოტა უმადური საქმეა, მაგრამ აქ, პრაქტიკულად, გასაგებია რაზეა საუბარი, რადგან ბაიდენი გახლავთ ის წამყვანი ფიგურა, რომელიც ბატონ ტრამპს პუტინთან არაჯანსაღი ურთიერთობებში სდებდა ბრალს და მოითხოვდა ამ ურთიერთობის გაჯანსაღებას. იმედი მინდა ვიქონიო, რომ იგი თავის პრინციპულ პოზიციას დაიცავს.

ტრამპის 4-წლიან პრეზიდენტობას როგორ შეაფასებდით?

- ვფიქრობ, აქ ბევრი საუბარი საჭირო არაა. ყველაზე პრინციპული შეფასება თავად ამერიკელმა ხალხმა გააკეთა. იცით, რომ ეს პროცესი დასრულებული არაა და შესაძლებელია კიდევ ვიხილოთ ტრამპის საქმიანობასთან დაკავშირებით შეფასებული მოვლენები, მათ შორის სასამართლო პროცესებიც.

თუმცა, ტრამპის საქმიანობიდან თქვენთვის დასამახსოვრებელი რომელი იყო?

- გულახდილად რომ გითხრათ, ტრამპის სკანდალებს მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა, ტრამპის სკანდალებმა ამერიკას უდიდესი ზიანი მოუტანა, როგორც საერთაშორისო ასპარეზზე, ასევე ქვეყნის შიდა განვითარების თვალსაზრისითაც. ვფიქრობ, პირველი, რასაც ბაიდენი ყურადღებას მიაქცევს, სწორედ, ეს მიმართულება იქნება. ამიტომაც თქვა მან, რომ „ამერიკა დაბრუნდა“. ეს ნიშნავს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას განზრახული აქვს, რომ ამერიკამ კვლავ დაიბრუნოს ის პრინციპული პოზიციები, რომელიც მას ჰქონდა და რომელთა თაობაზეც ტრამპის ადმინისტრაციამ უარი განაცხადა.

ჯო ბაიდენის ინაუგურაციას ამერიკის ექს-პრეზიდენტები ჯორჯ ბუში, ბილ კლინტონი და ბარაკ ობამა ესწრებოდნენ, თუმცა დონალდ ტრამპმა დასწრებაზე უარი განაცხადა, ეს მისი მხრიდან რა მესიჯად შეიძლება შეფასდეს?

- ტრამპის ეს საქციელი ბავშვურ ახირებებს ჰგავს. თუმცა, ასეთი ახირებები ტრამპს არაერთი ჰქონდა და სამწუხაროდ, მისი საპრეზიდენტო უკანასკნელი დღეებიც კი, ამ თვალსაზრისით, ნიშანდობრივი იყო. მხედველობაში მაქვს არა მარტო ინაუგურაციაზე არყოფნა, არამედ ის, რაც მისმა მხარდამჭერებმა ჩაიდინეს სენატის წინააღმდეგ.

 

Maverick ბლა, ბლა, ბლა!
კომუნისტური მენტალიზმით (წინა კაცი, უკანა კაცის ხიდი არ არის!) გამსჭვალული შეფასებებია!
1 თვის უკან