დამტკიცდა ვაქცინაციის სამოქმედო გეგმა, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება მოსახლეობის კორონავირუსისგან დაცვა, ეკონომიკის გახსნა და რეალურად, პანდემიის დასრულებაც. სამოქმედო გეგმის თანახმად, მიმდინარე წლის ბოლომდე მოხდება საქართველოს მოსახლეობის 60% ვაქცინაცია, სადაც სამიზნე აუდიტორია, პირველ რიგში, იქნებიან ექიმები და ის ადამიანები, რომლებიც ამ ომში წინა პლანზე იბრძვიან. შემდგომ კი, არეალი გაფართოვდება და მოხდება ასაკოვანი ადამიანების აცრა.
ვაქცინაციის ეროვნული გეგმის პრეზენტაცია 21 თებერვალს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ გამართა.
ამ საკითხთან დაკავშირებით, For.ge „ქართული ოცნების“ წევრს და ექიმს, ლადო კახაძეს ესაუბრა.
დაახლოებით, როდის შემოვა საქართველოში ვაქცინა და რომელ ვაქცინაზეა საუბარი?
- მთელი ეს პროცედურები, რაც გაიარა ხელისუფლებამ, საკოორდინაციო საბჭომ, მეცნიერებმა, შემუშავდა, რომ პირველ კვარტალში შემოვიდეს ეს ვაქცინა. „ფაიზერზეა“ საუბარი, რომელიც ნებადართულია გამოსაყენებლად მისი ხარისხობრივი და ეფექტურობის მაჩვენებლით. რაც მთავარია, ჩვენამდე მსოფლიოში მილიონობით ადამიანს გაუკეთდა და აპრობაციაც არა მარტო სამეცნიერო, არამედ პოპულაციაზეც გავლილია.
რა მზაობით ვხვდებით ვაქცინას - ტექნიკური ნაწილი და მომსახურე პერსონალი. ტექნიკური ნაწილი არის ცივი ჯაჭვი, - ვიცით, რომ ტემპერატურული კოეფიციენტი არის დასაკმაყოფილებელი და ასეთი ბაზა საქართველოში არსებობს დღეს იმ მოცულობაში, რა მოცულობაც უნდა მივიღოთ.
მომდევნო პერიოდში ქვეყანა მზად არის ის ვაქცინა მიიღოს, რომელიც ნებადართული იქნება და უსაფრთხოების მაღალი გარანტია ექნება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გაცემული, შესაბამისი სამეცნიერი ბარიერების გადალახვის შემდეგ. თანმიმდევრობაც ცნობილია, რომელი ადამიანები იქნებიან პრიორიტეტულნი. პირველი არის ის ადამიანები, რომლებიც ამ დიდ სივერაგესთან არიან შეჭიდებულნი და ყველა ის ადამიანი, ვინც წინა ფრონტზე იბრძვის. ამის შემდეგ არის ასაკობრივი ცენზი, - 75 წელი და ზემოთ. შემდეგ ეს ქვემოთ ჩამოდის და ა.შ.
საზოგადოებაში არაერთგვაროვანი აზრი არსებობს. ერთი ნაწილი ამბობს, რომ ვაქცინას არ გაიკეთებს. ამ შემთხვევაში, ვაქცინაცია ნებაყოფილობითი იქნება თუ სავალდებულო? თქვენ პირადად რას ეტყვით იმ ადამიანებს, ვინც ამბობს, რომ ვაქცინას არ გაიკეთებს?
- ვიცით, რომ კორონავირუსის სივერაგემ წინამორბედებს გადააჭარბა და პირველი ადგილი დაიკავა ლეტალობის, გავრცელების და მუტაციის კუთხით. მიუხედავად ამისა, ვხვდებით ადამიანებს, ვინც ამბობს, რომ ვირუსი არ არსებობს. ეს ურწმუნოთა ნაწილია და ძალას ვერ გამოიყენებ. ისევ სიტყვით, დაბეჯითებით და რეალობაზე დაყრდნობით თუ მოახერხებ ამას. სხვა ბრძოლის ხერხი არ არსებობს ამ ადამიანების ფსიქოლოგიასთან.
მეორენი ამბობენ, რომ ეს არის მოგონილი და შეთქმულების თეორია. ყველაზე მთავარი და ცუდი რამ მოხდა ამ შემთხვევაში, - ჩვენმა საინფორმაციო ღიაობამ, კარგი გაგებით ღიაბობამ, დისონანსი შემოიტანა. არის ერთი თემა და ათასი აზრი. უშუალოდ ინდივიდი დაიბნა, ვერ გაიგო სად არის ჭეშმარიტების მარცვალი და რას დაეყრდნოს. ამის ფონზე, უნდობლობა და ეჭვი არის წინა პლანზე.
ძალას ვინ დაატანს, რომ მათი რწმენის საწინააღმდეგოდ ვაქცინა გაიკეთონ?! ეს ნებაყოფლობითი იქნება, მაგრამ გონიერების მოხმობით. რაც მეტი იქნება აცრილი, ვირუსს არ ექნება საფუძველი, გამრავლდეს. ამ ჯაჭვის ჩაწყვეტა სწორედ ამ გონივრული გზით მოხდება. ძალიან ბევრი იყო ისეთი გამოწვევა, როდესაც კაცობრიობამ ვაქცინაციის მეშვეობით გადაუღობა გზა და იხსნა პოპულაცია, თორემ განადგურდებოდა.
ახლა მიდის მსოფლიო ბაზარზე ვაქცინის მწარმოებელთა ომი და ისინი ერთმანეთის ჩაძირვას დააპირებენ. ასეა ყველა ინდუქსტრიაში. ეს არის კონკურენციის წესი, მაგრამ არ უნდა დააფრთხოს ადამიანთა დიდი ნაწილი.
თუ მოვხვდი ამ ნუსხაში, რომელიც პრიორიტეტებშია, რასაკვირველია, მე საჯაროდ გავიკეთებ აცრას. ისე, ეს ნებაყოფლობითია.
ბოლოს მინდა შევეხოთ მნიშვნელოვან საკითხს. ვიცით, რომ 1-ელი თებერვლიდან დაგეგმილია შეზღუდვების შემსუბუქება. დაიწყება თუ არა თვის ბოლოდან, ეტაპობრივად რეგუალციების მოხსნა და თქვენ თუ ხედავთ იმის შესაძლებლობას, რომ 1-ელი თებერვლიდან უკვე დაიწყოს შეზღუდვების შემსუბუქება და თქვენი აზრით, პირველი რომელი შეზღუდვა უნდა მოიხსნას?
- როდესაც გონიერებაზეა ლაპარაკი, შეზღუდვების მოხსნა, რასაკვირველია, შეიძლება. ეკონიმიკა, რა თქმა უნდა, გასახსნელია, მაგრამ ეკონომიკის გაჯანსაღება არ უნდა ნიშნავდეს რეგულაციების შესუსტებას. რეგულაციები ინდივიდის დონეზე - პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა და ა.შ. - ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შეიძლება გახსნა.
შეიძლება გაიხსნას სავაჭრო ობიექტები, სპორტული ღონისძიებები, ტრანსპორტი, საჰაერო მიმოსვლა. ყველაფერი ეს შესაძლებელი იქნება ორი პასუხისგებლიანი სუბიექტის თანამშრომლობით - ინდივიდი და სახელმწიფო, თავისი რჩევებით და მაკონტროლებლის ფუნქციით. კონტროლი დასჯას არ ნიშნავს, არამედ გაფრთხილებას, პრევენციას და შემოწმებას. სწორედ ეს თანამშრომლობაა ეკონომიკის გახსნის საფუძველი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს თანამშრომლობა შედგება.
ხელისუფლება მზად არის თავის მოსახლეობასთან ნდობის ფაქტორიდან გამომდინარე, შეზღუდვები მოიხსნას და ეკონომიკამ მეტი ნაბიჯით იაროს წინ.