„საქართველო არის ქრისტიანული ცივილიზაციის ფორპოსტი, ბოლო წერტილია, რომლის იქითაც იწყება სხვა სამყარო“

„საქართველო არის ქრისტიანული ცივილიზაციის ფორპოსტი, ბოლო წერტილია, რომლის იქითაც იწყება სხვა სამყარო“

ერთიანი კავკასიური პლატფორმა - ზვიადის გზა, თუ ოკუპანტთან ერთად კავკასიაში თანაარსებობა?!

მას შემდეგ, რაც ერდოღანის შემოთავაზებას სამხრეთ კავკასიაში „ექვსეულის პლატფორმის“ შექმნის შესახებ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა მოჰყვა „კავკასიური პლატფორმის“ თაობაზე, ამან როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ დისკუსია გამოიწვია. უცხოელი დიპლომატები დაინტერესდნენ, რით იყო მომხიბვლელი სამხრეთ კავკასიაში რუსი ოკუპანტების „ჩაცემენტება“ და კავკასიურ საქმეებში რუსეთისა და ირანისთვის ხმის მინიჭება?

მოგვიანებით პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დააკონკრეტა, რას გულისხმობდა სალომე ზურაბიშვილი კავკასიურ პლატფორმაში. გაირკვა, რომ ეს არ ყოფილა ერდოღანის ინიციატივაზე გამოხმაურება, უბრალოდ, პრეზიდენტის ნათქვამი შეეხებოდა კავკასიაში საქართველოს ისტორიულ როლს, რაც ყოველთვის იყო კავკასიის გამაერთიანებელი ძრავის როლი.

ერთიანმა კავკასიურმა პლატფორმამ ილიასა და მოგვიანებით უკვე ზვიად გამსახურდიას გზასთან ასოციაცია გააჩინა, მაგრამ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, თურქეთი და რუსეთი რამდენად არის ზვიადის ან ილიას გზა?

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილის მთელი პოლიტიკური თვითშეგნება იმასთანაა დაკავშირებული, რომ საქართველოს როლი ტრადიციულად აღდგეს. საქართველო ეს იყო ქრისტიანული ცივილიზაციის ფორპოსტი კავკასიის რეგიონში. ის იყო გარანტი, რომ კავკასია შეინარჩუნებდა თავის უნიკალურობას, ყველა ერი კავკასიაში იყო ქართველებზე ორიენტირებული. ეს იყო ტრადიციული გაგება ქართველობის, რაც შინაგანად იჯდა ჩვენში და არა ფორმალურად. რასაც ილია ამბობდა, „ენა, მამული, სარწმუნოება“ ჩვენი იდენტობა იყო და ამ იდენტობას ეფუძნებოდა კავკასიური ერთობა.

„საერთაშორისო თვალსაზრისით, ჩვენ გვიცნობდნენ არა როგორც ტრანზიტ ქვეყანას, არამედ როგორც ქრისტეს კვართის მცველ ქვეყანას. საქართველო არის ქრისტიანული ცივილიზაციის ფორპოსტი, ბოლო წერტილია, რომლის იქითაც იწყება სხვა სამყარო. რუსეთმა ეს გზა, ანუ ქრისტიანული ცივილიზაციის დაცვის როლი, რაც უფრო ადრე ბიზანტიას ჰქონდა, უარყო. რუსეთი თვითონ გაურკვევლობაშია, ვინ არიან ეგენი, მონღოლთა შთამომავლები თუ ბიზანტიის, პოლიტიკურ დონეზე თვითონაც არ იციან. მსოფლმხედველობრივადაც არ იციან. იმიტომაცაა გამოთქმა, „Россию умом не понять“. თვითგამორკვევის პროცესში არიან რუსები, მამარდაშვილი ამბობდა, ღეჭავენ ლუკმას და, ბოლოს და ბოლოს, ვერ გადაუყლაპიათო. საქართველოს როლი, ადგილი, მიმართება კი ერთხელ და სამუდამოდ გარკვეულია. ჩვენ ვართ აღმოსავლური ქრისტიანობის ნაწილი და გოდოლი ამ ცივილიზაციის. ზუსტად ამ როლს უნდა დავუბრუნდეთ, ეს არის, რასაც იძახის ქალბატონი ზურაბიშვილი“, - აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა for.ge-სთან საუბრისას.

ნიშნავს თუ არა ეს, რომ, ნებით თუ უნებლიეთ რუსეთი ნებაყოფლობით შემოგვყავს კავკასიაში, რადგან ერდოღანის ინიციატივა სწორედ ამას გულისხმობს?

დავით ზარდიაშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთი და თურქეთი კი არ შემოგვყავს კავკასიაში, არამედ რუსეთსა და თურქეთს ვეუბნებით, კი ბატონო, თქვენ ხართ დიდი მოთამაშეები, მაგრამ მთავარი მოთამაშე კავკასიაში ჩვენ ვართ, ანუ საქართველო. კავკასიაში თვითგამორკვევა მოდის საქართველოდან, კავკასიაში მშვიდობა, სტაბილურობა საქართველოდან მოდის. ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგნორირება მოვახდინოთ ან რუსეთის, ან თურქეთის, მათთან პარტნიორობით უნდა მოხდეს ეს ყველაფერი, მაგრამ ეს უნდა გაცნობიერდეს თავად თურქეთისა და რუსეთის მხრიდანაც, რომ აქ მთავარი მოთამაშეები თვითონ კი არ არიან, ანუ რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა კი არ არის კავკასიის საკითხის მოწესრიგება, ეს არის თვითონ კავკასიელი ხალხის საქმე.

„ზვიად გამსახურდია ამას ამბობდა, სხვას კი არაფერს. მეორე მხრივ, ზვიადი მიუთითებდა იმასაც, რომ ჩვენი ორიენტირია ქრისტიანობა. ბიზანტიის იმპერია აღარ არსებობს, ძალიან დიდი პოლიტიკური კატასტროფა იყო ბიზანტიის იმპერიის, კონსტანტინოპოლის დაცემა, მაგრამ ეს ფუნქცია როგორღაც უნდა აღდგეს და დასავლეთიც ხედავს ამას. დასავლეთი ხედავს, რომ კავკასიაში ორი ძალაა დომინანტი - რუსეთი და თურქეთი, მაგრამ არც ერთი არ გამოდგება მის დასაყრდენად. რუსეთი პირდაპირ მტრულად არის განწყობილი დასავლეთის მიმართ, ხოლო თურქეთი თავის ინტერესებს ატარებს და დასავლეთთან პარტნიორობას მხოლოდ იქამდე გაყვება, სანამ თავად აინტერესებს. საქართველოს კი სხვა არჩევანი არ აქვს, საქართველო არსებითადაა მიბმული დასავლეთზე და შინაგანად თვითონ ქრისტიანული სახელმწიფოა. ჩვენი დასავლური ორიენტაცია შინაგანი მიზიდულობა და მოცემულობაა“, - აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა.

„საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ ასოცირებული პროფესორის, საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის თენგიზ ფხალაძის განმარტებით, რთულია რამე ვთქვათ პრეზიდენტის ნათქვამთან დაკავშირებით, რადგან ამ განცხადების შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა მეორე განცხადება, რომ სალომე ზურაბიშვილის ნათქვამი თურმე არ ეხებოდა ერდოღანის ინიციატივას. ასეა თუ ისე, თენგიზ ფხალაძე მიიჩნევს, რომ, ალბათ, უნდა დააკონკრეტონ, რას ეხებოდა პრეზიდენტის ნათქვამი. თუმცა ერდოღანის ეს ნათქვამი კავკასიური ერთობის შესახებ პირველი არ არის.

„2008 წელს მახსოვს იმავე ერდოღანის მიერ კავკასიური სტაბილურობის პაქტის მიღების ინიციატივა, რომელიც ვერ განხორციელდა. ეჭვი მეპარება, დღევანდელი ინიციატივა განხორციელდეს ბევრი მიზეზის გამო. რაც ყველაზე მთავარია, ეს იდეა აბსოლუტურად არ მიესადაგება საქართველოს ინტერესებს, რადგან ვერანაირად ვერ იქნება რუსეთი ამ კონსტრუქციაში ის სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია სტაბილურობას შეუწყოს ხელი, რადგან რუსეთი დაინტერესებულია დესტაბილიზაციით. ამიტომ, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ კავკასიურ სტაბილურობაზე, ასეთი იდეები ბევრი იყო, მათ შორის, მე-18 საუკუნეშიც, მე-20 საუკუნის დასაწყისშიც, მსგავსი იდეები ილიასა და სხვებსაც ჰქონდათ, მაგრამ ჩვენს უახლოეს ისტორიაში მსგავსი იდეა ჰქონდა ზვიად გამსახურდიას, ედუარდ შევარდნაძეს მშვიდობიანი კავკასიის ინიციატივის სახით, მიხეილ სააკაშვილს“, - აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ for.ge-სთან საუბრისას.

მანვე განმარტა, რომ ერთია, როდესაც ვლაპარაკობთ სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის ჩამოყალიბებაზე, მაგრამ მეორეა ამ რეგიონის კონფლიქტებში მთავარი მოთამაშე, რომელიც დაინტერესებულია მუდმივი და მართვადი დესტაბილიზაციით. ეს არის რუსეთის ფედერაცია, რომელიც საქართველოში წარმოდგენილია როგორც პირდაპირ ოკუპანტი, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები და ეწევა ფარულ ანექსიას, ხოლო აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტის შემთხვევაში წარმოდგენილია მშვიდობისმყოფელის სტატუსით. სახელები შეიძლება სხვადასხვა იყოს, მაგრამ შინაარსი არ იცვლება. ამიტომ ერთადერთი, რითაც შეიძლება დაბალანსდეს რუსეთის ასეთი აგრესიული ზრახვები, ეს არის დასავლეთის მეტი ჩართულობა ამ რეგიონში, დასავლეთის მეტი შემოყვანა, მეტი ნატო და მეტი ევროკავშირი. ეს არის გზა, რითაც საქართველოს შეუძლია საკუთარი უსაფრთხოება, სტაბილურობა, გეოპოლიტიკურ ინტერესთა დაცულობა უზრუნველყოს.