რამდენიმე დღის წინ, ახლო წარსულში ცნობილი ინგლისელი ფეხბურთელი პოლ გესქოინის სიცოცხლე დიდი საფრთხის ქვეშ იმყოფებოდა.
„მოუთვინიერებელი“ პოლი ამჟამად 45 წლის ბრძანდება და ალკოჰოლური სასმელების მიმართ განსაკუთრებული სიყვარულის გამო საკუთარი სიცოცხლე დიდი საფრთხის ქვეშ კიდევ ერთხელ დააყენა.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, დიდი ბრიტანეთის მას-მედიაში რამდენჯერმე გამოქვეყნა ცნობა, რომ პოლმა უსაზღვრო რაოდენობის ალკოჰოლი მიიღო და ადგილობრივი ექიმების დახმარება რომ არა, კიდევ ერთი ცნობილი ფეხბურთელის გარდაცვალების მოწმენი გავხდებოდით.
სამწუხაროდ ირლანდიელი პოლ ბესტის მაგალითი გესქოინისთვის ჭკუის სასწავლებელი არ აღმოჩნდა. „გაზას“ არაყი და ვისკი ძალიან უყვარს და ამ სასმელებთან „მეგობრობას“ ყოველდღიურად აგრძელებს.
ალკოჰოლს სიკეთე არავისთვის მოუტანია და მისტერ პოლიც გამონაკლისი არ აღმოჩნდა. ბრიტანელმა ექიმებმა ის სიკვდილს ხელიდან რამდენჯერმე გამოსტაცეს. გესქოინმა ჭკუა მაინც ვერ ისწავლა და სმა კვლავ განაგრძო.
ორი კვირის წინ 45 წლის „გაზას“ ჯანმრთელობა შესამჩნევად გაუუარესდა. ახლობლებმა ის აშშ-ში გადაიყვანეს და ქალაქ ფილადელფიასთან მდებარე ერთ-ერთ სპეციფიურ კერძო სამკურნალო დაწესებულებაში მოათავსეს.
გუშინ ამერიკულ ყვითელ მას-მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ პოლ გესქოინი გარდაიცვალა.
საბედნიეროდ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეეფერება. ინგლისის ეროვნული გუნდის ყოფილი მოთამაშე ამჟამად თავს შედარებით ჯანმრთელად გრძნობს.
ამერიკელმა ექიმებმა გაზას ულტიმატუმი წაუყენეს. ამჯერად ფეხბურთელი სიკვდილს კი გადაარჩინეს, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ სმას კვლავ გააგრძელებს, მისი სიცოცხლის გადარჩენა ვეღარ მოხერხდება.