WSJ: ტრამპი ახალი პოლიტიკური პარტიის შესაძლებლობას განიხილავდა

WSJ: ტრამპი ახალი პოლიტიკური პარტიის შესაძლებლობას განიხილავდა

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომლის უფლებამოსილების ვადაც დღეს იწურება, ბოლო კვირების განმავლობაში თავის თანამოაზრეებთან ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნის შესაძლებლობას განიხილავდა. ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი წერს.

მისი წყაროების ინფორმაციით, ტრამპს სურს, რომ ასეთ გაერთიანებას „პატრიოტთა პარტია“ ერქვას. WSJ-ს ცნობით, ტრამპსა და მის რესპუბლიკელ თანაპარტიელებს შორის უთანხმოება მას შემდეგ გაჩნდა, რაც რამდენიმე რესპუბლიკელმა, მათ შორის სენატის უმრავლესობის ლიდერმა მიტჩ მაკკონელმა განაცხადა, რომ 6 იანვრის არეულობა ტრამპის განცხადებამ გამოიწვია.

ვითარება ვაშინგტონში 6 იანვარს, მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ. დემონსტრანტები ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ. შენობიდან კონგრესმენთა ევაკუაცია განხორციელდა. არეულობის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ვითარების კონტროლქვეშ აყვანას რამდენიმე საათი დასჭირდა, რის შემდეგაც კონგრესმა მუშაობა განაახლა და ჯო ბაიდენის პრეზიდენტის პოსტზე არჩევა დაამტკიცა.

აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის ინაუგურაცია დღეს გაიმართება.