გია ვოლსკი: უნდა გავითვალისწინოთ, რას გვიქადდა ნავალნი, როცა საქართველოსა და უკრაინის ოკუპაციაზე საუბრობდა - მისი გადაჭარბებული ქება-დიდება სწორად არ მიმაჩნია

გია ვოლსკი: უნდა გავითვალისწინოთ, რას გვიქადდა ნავალნი, როცა საქართველოსა და უკრაინის ოკუპაციაზე საუბრობდა - მისი გადაჭარბებული ქება-დიდება სწორად არ მიმაჩნია

უნდა გავითვალისწინოთ, თუ რას გვიქადდა ნავალნი, როცა საქართველოსა და უკრაინის ოკუპაციაზე საუბრობდა - მისი გადაჭარბებული ქება-დიდება სწორად არ მიმაჩნია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.

ნავალნის დაკავების ფაქტის შეფასებისას, ვოლსკიმ აღნიშნა, რომ „ოპოზიციონერს მიხეილ სააკაშვილის ხელწერით არ უნდა მოეპყრა - არ უნდა ჩაახშო, წელს ქვემოთ მოწყვიტო და მერე ამის თაობაზე ნიანგის ცრემლები დაღვარო".

„როგორც მახსოვს, ალექსეი ნავალნიმ საკმაოდ მძიმე განცხადებები გააკეთა საქართველოს მიმართ მას შემდეგ, რაც რუსეთის საოკუპაციო ძალები საქართველოში შემოიჭრა. იგივე იყო უკრაინის, ყირიმის მიმართ. შეიძლება ითქვას, რომ ოპოზიციონერს ასე არ უნდა სდევდე, სასიკვდილოდ არ უნდა იმეტებდე, რაც სააკაშვილის ხელწერისთვის იყო დამახასიათებელი, მაგრამ რეალობაში, ნავალნი ის პიროვნება არ არის, ვინც თავისი პოლიტიკური პოზიციით საქართველოსთვის რაიმე პოზიტივს გამოხატავდა - პირიქით", - განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, გერმანიიდან მოსკოვში დაბრუნებული რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, „შერემეტიევოს“ აეროპორტში დააკავეს. ის ბერლინის კლინიკაში სამკურნალოდ ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ გადაიყვანეს.